რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№50

ავტორი: „თბილისელები“ 17:30 16.12, 2020 წელი

მოძღვარის რჩევები
დაკოპირებულია

„თბილისელების“ მკითხველს მოძღვარი პასუხობს.

❓ კითხვა: უნდა ვიხსენებდეთ თუ არა იმ ცოდვებს, რომლებიც აღსარებაში ვთქვით და მოვინანიეთ?

☑️ პასუხი: ის ცოდვები, რომლებიც უკვე მოვინანიეთ, სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ და აღარ გავიხსენოთ, მით უმეტეს, აღარ უნდა გავიმეოროთ კვლავ, თორემ სინანული აზრს დაკარგავს. ვეცადოთ, აღმოვფხვრათ ის ცოდვები, რაც ჩვენშია და რასაც ჩავდივართ, ხოლო მონანიების შემდეგ აღარ მივუბრუნდეთ მათ.

❓ კითხვა: არსებობს თუ არა ნიშნები, რის მიხედვითაც გავიგებთ, ვართ თუ არა ცხონების გზაზე?
☑️ პასუხი: დიახ, არის ნიშნები, რის მიხედვითაც გაიგებთ, იმყოფებით თუ არა ცხონების გზაზე. ესენია: სიყვარული ღვთის სიტყვისა; სიყვარული ლოცვისა და საღმრთო საიდუმლოთა, როგორიცაა აღსარება და ზიარება; შეწყნარება განსაცდელისა, როგორც უფლის ხელიდან მიღებულისა; განრიდება ყველა მძიმე ცოდვათაგან.

❓ კითხვა: როგორ უნდა გადაიტანოს ადამიანმა გასაჭირი?

☑️ პასუხი: ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ყოველი გასაჭირი უნდა გადაიტანოს ჩუმად, სიმშვიდით, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ღვაწლი და არ დაკარგავს ზეციურ ჯილდოს. მხოლოდ მოძღვართან შეიძლება საკუთარ გასაჭირზე საუბარი, სთხოვეთ მას რჩევა და ასევე, უნდა ილოცოთ ყველა განსაცდელის მოთმინებით გადატანისთვის.

❓ კითხვა: რისთვის არის საჭირო ხორციელი სიკვდილი?

☑️ პასუხი: ამის შესახებ მეტროპოლიტი ანტონი ბლიუმი წერს: „სამყაროში, რომელიც ადამიანთა ცოდვამ შესაზარად აქცია, სიკვდილი წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალს. ჩვენი ცოდვების სამყარო დაფიქსირებული რომ იყოს, როგორც უცვლელი და მარადიული, ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი. სიკვდილია ერთადერთი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ტანჯვით დააღწიონ თავი ამ ჯოჯოხეთს“. სხვა წმიდა მამები კი ამბობენ: „სიკვდილი მრავალთათვის არის სულიერი დაღუპვისგან გადარჩენის საშუალება, ასე მაგალითად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილმა ბავშვებმა არ იციან, რა არის ცოდვა“.

❓ კითხვა: რომელ საქმეს უნდა დაეშუროს ადამიანი?

☑️ პასუხი: ჭეშმარიტმა მორწმუნემ უნდა შეიზიზღოს ყოველი ცოდვა – არა მარტო საქმითნი, არამედ გონებითნი და უნდა გაურბოდეს ყოველ ხორცის მაამებელ ქმედებას. თუ სიამაყე და ქედმაღლობა შეგიპყრობთ, მოიძიეთ სიმდაბლე და მორჩილება. გახსოვდეთ ღმერთი და იცოდეთ, რომ უფალი ყველაფერს ხედავს და თქვენ მისი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებით, ამიტომ ეკრძალეთ, რაც მისთვის არ არის სათნო. გახსოვდეთ სიკვდილი და ისიც, რომ თქვენი ცხონებისთვის რაც არის საჭირო, თქვენს მეტი ვარავინ გააკეთებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი