რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№34

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 04.09, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა ძალისხმევა მართებს ქრისტიანს, რათა გამართლდეს უფლის სამსჯავროზე?

პასუხი: მორწმუნე ქრისტიანთათვის ცნობილია წმიდა თეოდორას მიერ გავლილი საზვერეების შესახებ. როდესაც მას ეუბნებოდნენ ესა და ეს ჩაგიდენიაო, ის მიუგებდა: დიახ, ჩავიდინე, მაგრამ შევინანე და მივიღე შენდობა და მიტევებაო. ეს არის ყველაზე საუკეთესო პასუხი, აქეთ უნდა იყოს მიმართული მთელი თქვენი ყურადღება – ჯერ აღსარება და შემდეგ ცხოვრების გამოსწორება.

კითხვა: როგორ უნდა ეზიაროს ქრისტიანი ტაძარში სულიწმიდის მადლს?

პასუხი: ტაძარში უნდა მიხვიდეთ არა დამშვიდებისა და სიტკბოებისთვის, არა გულში ჩამწვდომი გალობის მოსასმენად – ეს ყოველივე მეორე რიგში გქონდეთ, არამედ იარეთ მადლისთვის, სულის განწმენდისთვის სინანულით. გალობით კი ნუ დატკბებით, შეიცანით და იგლოვეთ თქვენი ცოდვები.

კითხვა: აქვს თუ არა მადლი ადამიანის ისეთ სიკეთეს, რომელშიც ის უკეთურებას გაურევს?

პასუხი: დიახ, კეთილი საქციელი შეიძლება, გახდეს ავი, თუ სიკეთეს ბოროტებას შეურევთ, ლოცვას – სიზარმაცეს, ტაძარში მისვლას – იქ ლაპარაკს, მარხვას – კვეხნა-ყვედრებას, კეთილზნეობრივ საუბარს – განკითხვას და სხვა.

კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ ღვთივსულიერი საუბარი ძნელად განგვაწყობს მოსასმენად, ხოლო გასართობი – იოლად?

პასუხი: ეს იმიტომ ხდება, რომ ბოროტი ძალა უწყობს ხელს უქმად მეტყველებას და ის ყოველგვარი სულიერი დარიგების მტერია. ერთ-ერთი წმიდა მამა გვიამბობდა: როდესაც მე ზოგიერთ ძმას სულიერ სარგებლობაზე ვესაუბრებოდი, მათ ისეთი ძილქუში აწვებოდათ, რომ ქუთუთოებს ვეღარ სძრავდნენო.

კითხვა: როგორ მოვიპოვოთ სიმდაბლე?

პასუხი: მუდმივად უნდა ილოცოთ უფლისადმი და შენდობა სთხოვოთ: „შემინდევ და მომიტევე“ – ეს სიტყვები ხშირად უნდა გაიმეოროთ და გულისხმიერებით ნათქვამი ეს სიტყვები წვავს მტერს და მოგვმადლებს მშვიდობას.

კითხვა: რამდენად აუცილებელია ჯვრისწერა? ვინც არ არის ჯვარდაწერილი, ცოდვილი და უწმინდურია?

პასუხი: თუ ორი ადამიანი, ვინც შეუღლებას აპირებს, მორწმუნეა და მონათლული, ჯვრისწერა აუცილებელია, რადგან ამ საიდუმლოს შესრულების შემდეგ მეუღლეები იღებენ განსაკუთრებულ მადლს, რაც მათ ქორწინებას აკურთხებს. ქორწინება ჯვრისწერის შედეგად იქცევა არა უბრალოდ ორი ადამიანის შეერთებად, არამედ ეკლესიის საიდუმლოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი