რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№32

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 20.08, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტად ღმერთი?

პასუხი: დაფიქრდით, ამქვეყნად ვინ გიყვართ ყველაზე მეტად – ვთქვათ, დედა, მამა, ცოლი, შვილი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ისინი უნდა გიყვარდეთ, მაგრამ, აბა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვინ გიბოძათ დედა, მამა, ცოლი და შვილები ან ყოველივე, რაც ირგვლივაა – რა თქმა უნდა, ღმერთმა. ამიტომ ყველაზე მეტად, სწორედ, ის უნდა გიყვარდეთ, ვინც ყოველი ეს სიკეთე მოგანიჭათ.

კითხვა: რატომ დაუშვა უფალმა ანგელოზის გაამპარტავნება და რა საქციელით გამოხატა ეს ცოდვა ანგელოზმა?

პასუხი: ღმერთმა მისცა ანგელოზებს თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება ცოდვის შესაძლებლობასაც გულისხმობს, როგორც თავისუფალი ნების ბოროტად გამოყენებას. ანგელოზებსა და ადამიანებს თავისუფალი ნება რომ არ ჰქონოდათ, ისინი იქნებოდნენ არა პიროვნებანი, არამედ საგნები. ხოლო ცოდვილი ანგელოზი იმით დაეცა, რომ მოიხიბლა საკუთარი სილამაზით და სიამაყის გამო ღმერთს დაუპირისპირდა. ამრიგად, იგი სიყვარულით იყო შეერთებული ღმერთთან, ახლა კი საკუთარი თავის სიყვარულით განეშორა ღმერთს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ჩემი ჯვრისწერის ბეჭედი გადავადნო და ჩემს შვილს ქორწინებისას ვაჩუქო?

პასუხი: ჯვრისწერის ბეჭედი მას ეკუთვნის, ვისზეც ჯვრისწერის საღვთო საიდუმლო აღესრულა და მან ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატაროს. ეს ქონებაზე მიჯაჭვულობა კი არ არის, არამედ საღვთო საიდუმლოსადმი პატივისცემა. როგორც ნათლობის ჯვრის გადადნობა და სხვისთვის გადაცემა არ არის სასურველი, ასევეა ჯვრისწერის ბეჭედთან დაკავშირებითაც. სჯობს, შვილისთვის სხვა ბეჭედი შეიძინოთ. ჯვრისწერის ბეჭდის გაყიდვა მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, თუ მოყვასს ისე უჭირს, რომ მისთვის თქვენგან გაღებული ფული აუცილებელია.

კითხვა: როდის არის მრისხანება მართებული?

პასუხი: მრისხანება იმ შემთხვევაშია მართებული, თუ ის მიმართულია ცოდვისკენ – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ჩვენში მისი გამოწვევა ბუნებრივად ხდება. მას არ უნდა ახლდეს სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და ერთადერთი მიზანი აქვს – ცოდვილის ხსნა. „ვინც სამართლიანად განრისხდება შესაგონებლად და სულიერი მოშურნეობით, იგი არ დაისჯება!“ – ამბობენ წმიდა მამები. ყველა სხვა მრისხანება კი დაისჯება.

კითხვა: ადამიანის სხეულის რომელ ნაწილშია მისი სული?

პასუხი: სულის გარეშე არ არსებობს სხეული – სულის გარეშე სხეული დაიშლებოდა, სული მსჭვალავს მთელ ორგანიზმს, მაგრამ თავისი ქმედებით, უპირველესად, თავს ავლენს გულითა და გონებით. სულს აქვს სხეულის მსგავსი იერსახე, ამიტომაც იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი