მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 11 წუთის წინ
კითხვა: ცნობილია სწავლება, რომ მეორედ მოსვლის დროს მკვდრები აღდგებიან. როგორ მოხდება ეს და სად დაეტევა ამდენი ადამიანი?
პასუხი: თუ თქვენ ხართ ქრისტიანი და გწამთ, რომ მკვდრები აღდგებიან, მაშინ ისიც უნდა ირწმუნოთ, რომ მათი ადგილი გამოიძებნება და ეს იქნება ღვთის სასწაული. ხოლო თუ როგორ მოხდება ეს, ამის განსჯა არ შეუძლია ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის გონებას. თუმცა ჩვენს გონებას შეუძლია, ირწმუნოს, რომ ეს სასწაული ნამდვილად აღსრულდება უფლის ნებით. უფლის სასწაულებს ჩვენ ისედაც, ყოველ წუთს ვხვდებით, მაგრამ მივეჩვიეთ და მათ აღსრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებთ. თუნდაც, ადამიანის ჩასახვა და ხორცის შესხმა ნაკლები სასწაულია? ასე რომ, ვის ხელშიცაა ყოველივე, ყველაფერს ის აღასრულებს.
კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ უფლის მეორედ მოსვლის შესახებ.
პასუხი: მეორედ მოსვლის წინაპირობების შესახებ უამრავი ნიშანია აღწერილი ბიბლიაში. ეს ნიშნები ჩვენ თვალწინ ნაწილ-ნაწილ ხორციელდება. ესენია: ომები, ქარიშხლები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ადამიანთა დაუნდობლობა, მკვლელობების გამრავლება, სატანური სექტების არსებობა. მეორედ მოსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც შეეცდება, ხალხი ცრუ ხიბლით აცდუნოს. ეს მოვლენები კარგად არის აღწერილი მარკოზის სახარებაში. არ ცდუნდება ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და უფალი ჭეშმარიტად უყვარს. უფალი მოვა და განსჯის ცოცხალსა და მკვდარს, მაგრამ ეს ჟამი როდის დადგება, არავინ იცის, არც ანგელოზებმა.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა, მართლმადიდებელი ქრისტიანი სერიოზულად იყოს დაკავებული აღმოსავლური ორთაბრძოლებით?
პასუხი: აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია და ფილოსოფია არის ანტიქრისტიანული, თუმცა ამ ორთაბრძოლების ელემენტები შესაძლებელია, იყოს გამოყენებული წვრთნის დროს, ოღონდ ამ შემთხვევაში უგულებელყოფილი უნდა იყოს ის ფილოსოფია და რელიგიური საფუძვლები, რომელსაც ეყრდნობა საბრძოლო ხელოვნების მათეული ილეთები. ასე რომ, აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია მიუღებელია, ხოლო მათი ცალკეული ხერხების გამოყენება – შესაძლებელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


