მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 27.09

კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიანს გარეშეთა მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ გაჩენილი, მოყვასი უნდა დააყენოს საკუთარ თავზე წინ, მან მოთმინებით უნდა აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი და არავინ შეურაცხყოს, ქრისტიანმა სარგებელი უნდა მოუტანოს სხვას სულიერი საუბრებით, სიკეთის ქმნით და ილოცოს მოყვასისთვის.
კითხვა: მათეს სახარების მიხედვით: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ (მათე 7.1). რა გამოდის, ყველა ადამიანი უნდა გაჩუმდეს, უმსგავსობასა და ბოროტებაზე თვალი უნდა დახუჭოს?
პასუხი: სწორად რომ გავერკვეთ წმიდა წერილის არსში, საკუთარ აღქმასა და გააზრებას კი არ უნდა დავეყრდნოთ, არამედ უნდა მოვუსმინოთ წმიდა წერილის განმმარტებლებს. წმიდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: „უფალი არ კრძალავს კეთილგანზრახულ განკითხვას, არამედ გვიკრძალავს განსჯის შეუწყალებელს“. წმიდა ათანასე ალექსანდრიელი კი ასე გვმოძღვრავს: „ერეტიკოსები მზად არიან, დაამტკიცონ, რომ არ უნდა განიკითხოთ ისიც კი, ვინც სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ როდესაც უფალმა თქვა: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“, გულისხმობდა ფარისევლებსა და მწიგნობრებს, რომლებიც სხვებს განიკითხავდნენ, მაგრამ არ მართავდნენ საკუთარ თავებს“. როდესაც ადამიანს გულით უყვარს მოყვასი და მასზე გული შესტკივა მის ნაკლზე მითითება განკითხვა კი არ არის, არამედ სურვილი, თვალი აუხილო მას და ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენას აარიდო.
კითხვა: რა განსხვავებაა ცოდვასა და ვნებას შორის?
პასუხი: სხვა შინაარსი აქვს ცოდვას და სხვა – ვნებას. ვნებებია: გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და სხვა. ცოდვა კი თვით ამ ვნებათა ზემოქმედებაა ჩვენზე, როდესაც მათ ვინმე აღასრულებს საქმით, ხორციელად იქმს იმას, რისკენაც უბიძგებს მას ვნებები. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ვნებები, მაგრამ არ დაემონოს მათ და არ მოქმედებდეს მათი კარნახით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან