მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.04

კითხვა: ჩემი ექვსი წლის შვილი სიმართლისთვის ღმერთს იფიცებს და ამასვე მოითხოვს ჩვენგანაც. ეს ცოდვა ხომ არ არის და როგორ გადავაჩვიოთ ამას?
პასუხი: ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ღმერთი, რომელსაც ის იფიცებს, კრძალავს ფიცს. როდესაც ღმერთს ვიფიცებთ, მის ნებას გადავდივართ. ჩვენი ნათქვამი სიტყვა ყოველთვის უნდა იყოს მართალი და მას ფიცით დამოწმება არ უნდა სჭირდებოდეს.
კითხვა: როდესაც ჩვენივე სინდისი რაღაცას გვკარნახობს, უსათუოდ უნდა ვერწმუნოთ თუ არა მას?
პასუხი: ყოველთვის მოუსმინეთ სინდისის ხმას, რადგან ამ ხმით შესაძლოა, ჩვენი მფარველი ანგელოზი მოგვმართავს. თუმცა, აუცილებელია, ეს ხმა უფლის სიტყვას შევუსაბამოთ.
კითხვა: რა ძალები გვეღობებიან სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე?
პასუხი: სასუფევლის მოპოვებისთვის ადამიანს სამი უმთავრესი მტერი ჰყავს. პირველი არის ადამიანის ხორციელი ზრახვები, ცოდვით ვნებული ჩვენი ბუნება; მეორე – სოფელი, ანუ ხალხი, დაცემულნი, ურწმუნონი და მესამე – ბოროტი ძალა, ეშმაკი. ყველა ისინი გვიბიძგებენ იმისკენ, რომ ჩვენ უფლის ნების საპირისპიროდ, მათ ნებას დავექვემდებაროთ და ამით აგვარიდონ ცათა სასუფეველი.
კითხვა: დაბადებული ვარ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე. გადმოდის თუ არა განსაკუთრებული მადლი ჩემზე, რადგან ასეთ მადლიან დღეს მოვევლინე ამქვეყანას?
პასუხი: ღვთის მადლი ყველა ადამიანზე გადმოდის, მთავარია, თვით ადამიანი იყოს მზად ამ მადლის მისაღებად. საერთოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანი ერიდება თავისი გამორჩეულობის ძიებას, პირიქით, თავდაბლობით ცხოვრობს. ასეთმა აზრებმა, შესაძლოა, ხიბლშიც კი ჩაგაგდოთ და მაინც, რადგან გახარებთ ასეთ გამორჩეულ დღეს დაბადება, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას და იყავით მაგალითი სხვებისთვისაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან