მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 22.03

კითხვა: რამდენად მისაღებია ქრისტიანისთვის დონორობა?
პასუხი: სხვადასხვა სექტა ეწინააღმდეგება სისხლის გადასხმას. რეალურად, დონორობა კეთილი საქმეა, როდესაც ამას მოყვასისადმი სიყვარულით ვაკეთებთ.
კითხვა: ბოლო პერიოდში, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ბევრი ჭირისუფალი ქელეხის სუფრას აღარ აკეთებს. მაინტერესებს ეკლესიის დამოკიდებულება ამ ტრადიციისადმი.
პასუხი: ქელეხი არ არის ქრისტიანული ტრადიცია. მართლმადიდებლური სარწმუნოება გულისხმობს გარდაცვლილთა მოსახსენებელ აღაპს. წმიდა მოციქულთა – პეტრესა და პავლეს განწესებაში ნათქვამია: „გარდაცვლილთა მოსახსენიებლად გამართული სუფრა კეთილწესიერებითა და ღვთის შიშით უნდა ჩატარდეს, რომ შეძლონ გარდაცვლილის მეოხება“.
კითხვა: რას ნიშნავს „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“?
პასუხი: ეს გამოთქმა ნიშნავს, რომ მაცხოვარმა ჯვარზე განცდილი საკუთარი სიკვდილით დათრგუნა ის სიკვდილი, რომლითაც ადამის სახით იყო დასჯილი კაცობრიობა ცოდვით დაცემისთვის. მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრით გამოიხსნა კაცობრიობა: „ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისგან“. და თუ ფიზიკურ სიკვდილს ჯერ კიდევ აქვს კაცობრიობაზე ხელმწიფება, იესო ქრისტეს აღდგომით სულიერი სიკვდილი დამარცხებულია.
კითხვა: შეიძლება თუ არა, უფალს ვთხოვო, დასაჯოს ჩემი შეურაცხმყოფლები?
პასუხი: ღმერთს ნუ სთხოვთ შეურაცხმყოფლების დასჯას. ნუ ისურვებთ სხვისთვის იმას, რასაც საკუთარი თავისთვის არ ისურვებდით. თუ გაწყენინებენ, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებულებას – მან უკეთ იცის, როგორ მიაგოს მაწყენინებლებს.
კითხვა: აუცილებელია თუ არა სახლში მიტანილ პროდუქტზე ნაკურთხი წყლის პკურება?
პასუხი: სახლში მიტანილ პროდუქტს აუცილებლად გადასახეთ ჯვარი. კარგი იქნება, თუ ნაკურთხ წყალსაც აპკურებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან