მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 15.03

კითხვა: უნდა გასცეს თუ არა ქრისტიანმა სესხი?
პასუხი: სესხის გაცემა კეთილი საქმეა, რადგან სესხი მეორე ჩუქებაა. სესხს ვინც არ გასცემს, განისჯება ადამიანის მიმართ არასათნომყოფლობის გამო. მაგრამ როგორც ყველაფერში, ამ საკითხშიც გონიერებაა საჭირო.
კითხვა: არსებობს თუ არა ცუდი ამინდის ან მოუსავლიანობის საწინააღმდეგო ლოცვები, რომლებსაც ასეთ დროს წავიკითხავთ?
პასუხი: ეკლესიას მხურვალე ლოცვა-ვედრებით ყოველგვარი განსაცდელისგან გამოხსნა შეუძლია. არსებობს წიგნი „დიდი კურთხევანი“, სადაც სხვადასხვა გარემოებათა მიხედვით ღვთისმსახურების წესებია მოცემული. მაგალითად, გვალვის დროს უწვიმობის პარაკლისს იხდიან და ილია წინასწარმეტყველს ევედრებიან წვიმის მოვლინებას. ილია წინასწარმეტყველი უამინდობისა და მოუსავლიანობის განსაკუთრებული მეოხია ღვთის წინაშე.
კითხვა: როგორ დავიცვათ თავი ცდუნებებისგან?
პასუხი: იმას ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები (როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი), არამედ გულისყური მიაპყარით, რასაც გვასწავლის უფლის სიტყვა – წმიდა სახარება და მიჰბაძეთ მაცხოვრისა და წმიდა მოციქულების მიწიერ ცხოვრებას. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საკუთარ თავთან განმარტოებას.
კითხვა: აღსარების დროს განსაკუთრებით მაფიქრებს ის ამბავი, რომ შესაძლოა, ადრეული ბავშვობიდან მრავალი ცოდვა მქონდეს გადავიწყებული, რომელსაც თავის დროზე ყურადღებას არ ვაქცევდი. რა ვუყო ამ პატარ-პატარა ცოდვებს?
პასუხი: ამისთვის საჭიროა მოიძიოთ ის საგანგებო საღვთისმეტყველო გამოცემები, რომელშიც მოცემულია ცოდვათა სრული ჩამონათვალი. უნდა შევუთანადოთ ჩვენს ცოდვებს და მოვინანიოთ, რომ გავთავისუფლდეთ მათგან. უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ აგვიხილოს თვალი ყველა ჩვენს ცოდვაზე, რომელთაც ჩვენი უძლური ბუნების გამო ვივიწყებთ. განსაკუთრებით ეს ეხება „პატარ-პატარა“ ცოდვებს. უფალმა რომ შეგვინდოს, უნდა მოვინანიოთ გულწრფელად. გარდა ამისა, დიდმარხვის დროს უნდა დავესწროთ შვიდგზის ზეთისცხებას, ამ დროს ხდება იმ ცოდვების მიტევება, რაც დავიწყებული გვაქვს ან არცთუ მთლად გაცნობიერებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან