მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 08.02

კითხვა: არსებობს თუ არა ხატების თაყვანისცემისა და ლოცვების აღვლენის მკაცრად განსაზღვრული წესი ეკლესიაში?
პასუხი: მკაცრი სარიტუალო წესები არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მღვდელმსახურების დროს ერთ ადგილზე უნდა ვიდგეთ, ხოლო ხატებს ვემთხვიოთ ან ღვთისმსახურების დასაწყისში, ან მის დასასრულს, რათა სხვებს არ შევუშალოთ ხელი ლოცვაში. უკვე ეკლესიისკენ გზად მიმავალნი უნდა ვლოცულობდეთ, ხოლო ტაძარში შესვლისას მართლმადიდებელი მამები გვირჩევენ, წარმოვთქვათ: „ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყვანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“ (ფსალმ. 5,7).
კითხვა: ცოდვად ჩაეთვლება თუ არა ადამიანს თავისი უმაქნისობა საკუთარი უნიჭობით გაამართლოს?
პასუხი: დიახ, უფლის წინაშე ცოდვაა საკუთარი თავის უნიჭოდ და უუნაროდ გამოცხადება, რადგან ღმერთმა ყოველ ადამიანს უბოძა ტალანტი – სწორედ იმდენი ძალა და უნარი, რამდენიც მის ბუნებას შეესაბამება და რაც საჭიროა საბოლოოდ მიზნის მისაღწევად. ვინც საკუთარ თავს უნიჭოს უწოდებს, ის ან ვერ ხვდება უფლის წყალობას, ან მიელტვის უფრო მეტს, უმადურია და თავისი დაუდევრობით ისიც დაუკარგავს, რაც ღმერთისგან მიუღია.
კითხვა: რატომ კრძალავს მართლმადიდებელი ქრისტიანობა ეკლესიაში შორტით ან მოკლე კაბით შესვლას?
პასუხი: უპირველესად იმიტომ, რომ არ იქცეს საცდურად სხვა ადამიანებისთვის. მეორეც – მოკრძალება და პატივისცემა ტაძრისადმი ითხოვს გარეგნული იერის შესაბამისობას ტაძრის სიწმიდესთან. ტაძარში ჩვენ ვდგავართ მთელი სამყაროს შემოქმედისა და შემქმნელის წინაშე. თუ ადამიანს არ აქვს პატივისცემის განცდა სალოცავის მიმართ, მის სულში ვერ იქნება მოწიწება უფლისადმი.
კითხვა: ვარ მარტოხელა დედა და ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება მცირე დანაზოგით პროცენტით გასესხება, რადგან არ მაქვს სხვა შემოსავალი?
პასუხი: მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის სწავლების თანახმად, მევახშეობა ცოდვაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან