მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.12
კითხვა: ჩემი პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა მოძღვარმა სხვადასხვა რჩევა მომცა. რამდენად კანონზომიერია ეს?
პასუხი: ეს სავსებით კანონზომიერია. შესაძლოა, სხვადასხვა მოძღვარმა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა რჩევა მოგცეთ, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ყველა მიგიყვანთ, ისევე, როგორც ექიმები მკურნალობენ სხვადასხვა მეთოდით პაციენტს, მაგრამ ყველას საბოლოო მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელებაა.
კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი ლოცვა წავიკითხო ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის?
პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. დილის ლოცვებს ძალიან დიდი მადლი და დატვირთვა აქვს. ყოფაში უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარება გვწადია. სამაგიეროდ, ამ ადამიანებს მოვიხსენიებთ ლოცვებში და უფალს ვევედრებით მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხელის მომართვისთვის. ილოცეთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხისთვის, ამით დიდ სიკეთეს მოუტანთ მთელ ქვეყანას.
კითხვა: რა განსხვავებაა ცოდვასა და ვნებას შორის?
პასუხი: ვნებასა და ცოდვას სხვადასხვა არსი აქვს. ვნებებია: გაღიზიანება, პატივმოყვარეობა, სიტკბოსმოყვარეობა, სიძულვილი, ქედმაღლობა და სხვა. ცოდვაა თვით ამ ვნებათა ზემოქმედება ჩვენზე, როდესაც ვინმე მათ აღასრულებს საქმით, ხორციელად იქმს იმას, რისკენაც უბიძგებს მათ ვნებანი. ვნება შეიძლება, გქონდეს, მაგრამ არ იმოქმედო მისი კარნახით.
კითხვა: როგორ უნდა ვუყუროთ ჩვენთვის გაღებულ მოწყალებას?
პასუხი: მოწყალება უნდა მივიღოთ შიშით, რადგან სამსჯავროზე წარდგომის დროს პასუხს ვაგებთ ყოველი მიღებული წყალობისთვის, რომელიც სამაგიერო სიკეთით არ გადაგვიხდია. ილოცეთ მწყალობელთათვის!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან