მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 20.07
კითხვა: ვარ მორწმუნე მართლმადიდებელი. ავადმყოფობის დროს ჰომეოპათიის დახმარებით ვიმკურნალე და გამოვჯანმრთელდი. მრევლის წევრთაგან კი გაკიცხვა დავიმსახურე – არამართლმადიდებლურად იმკურნალეო. გთხოვთ, ამიხსნათ, ჩავიდინე თუ არა ღვთის საგმობი საქციელი?
პასუხი: თქვენ არამართლმადიდებლური საქციელი არ ჩაგიდენიათ. ჰომეოპათია მეცნიერებაა და არა რელიგია. ამიტომ რელიგიასთან დამოკიდებულებაში, როგორც სამკურნალო მეთოდი, ჰომეოპათია ნეიტრალურია. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.
კითხვა: როგორც ცნობილია, არსებობს სხვადასხვა სახის ჯვარი: წმიდა ნინოსი, ბოლნური, ანდრია პირველწოდებულისა და სხვა. არის თუ არა განსხვავება ამ ჯვრებიდან გადმოსულ მადლს შორის?
პასუხი: ეს ჯვრები მხოლოდ ფორმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათგან გადმოსული ძალა და მადლი ერთი მნიშვნელობისაა.
კითხვა: მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე, რომ თურმე, მღალატობდა. ძალიან მიმძიმს მის საფლავზე მისვლა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიწიერი ცხოვრებისეული ცოდვები უფლისა და იმ ადამიანის საიდუმლოა. თქვენ ხომ ისიც არ იცით, მოინანია თუ არა მან ცოდვები სიკვდილის წინ. თქვენი ვალია, იზრუნოთ მის სულზე, მოუაროთ მის საფლავს და გადაიხადოთ პანაშვიდი მისი სულის მოსახსენებლად.
კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია გარდაცვლილისთვის, რომელიც არაეკლესიურად ცხოვრობდა და მცირედმორწმუნე იყო, პანაშვიდის გადახდა, შეკვეთილი წირვა თუ მოწყალების გაცემა?
პასუხი: გარდაცვლილისთვის ყოველივე სარგოა, მაგრამ თუ ის მცირედ მორწმუნე იყო, უმჯობესია, მოწყალების გაცემა მის სახელზე.
კითხვა: ყველაზე მეტად რწმენის რაგვარ კრიტერიუმებს უნდა დავეშუროთ ეკლესიაში?
პასუხი: წმიდა მამათა მიხედვით: „უმთავრესი სულიერი მადლია ჩვენ მიერ ეკლესიაში მიღებული რწმენა – ლოცვა, აღსარება, ზიარება. აგრეთვე, მარხვა და მოწყალება – გაღებული მოყვასისთვის“.
კითხვა: რომელი ლოცვა წავიკითხო ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის?
პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. დილის ლოცვებს იმაზე დიდი ძალა აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ყოფაში უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარება გვსურს. სამაგიეროდ, ამ ადამიანებს ლოცვებში მოვიხსენიებთ და უფალს ვევედრებით მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ილოცეთ ქვეყნისთვის, ამით დიდ სიკეთეს მოუტანთ მას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან