რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№8

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.03

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, იმ გარდაცვლილი ადამიანისთვის გადავიხადოთ შეკვეთილი წირვა ან პანაშვიდი, ვინც არ ცხოვრობდა ეკლესიურად?

პასუხი: თუ ადამიანი არ გმობდა ღმერთს, სამღვდელო იერარქიას, მართლმადიდებლობას, იყო მონათლული მართლმადიდებლად, მაგრამ არ დადიოდა ეკლესიაში, არ მარხულობდა და ეზიარებოდა, მისთვის შეკვეთილი წირვის ან პანაშვიდის გადახდა შეგიძლიათ. ამით შეეწევით მის სულს.

კითხვა: ვერაფრით ავაწყვე ოჯახური ცხოვრება. ისეთი სიტუაცია მაქვს, მეუღლესთან გაჩერება არ შემიძლია, თუმცა ჯვარდაწერილები ვართ. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ასეთ დროს ეკლესია მეუღლეებს ახსენებს იმ ვალდებულებას, რაც ჯვრისწერისას აიღეს. ეს არის ორი ადამიანის ერთსულ და ერთხორც ყოფნა და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული. თუმცა ადამიანი ზოგჯერ უძლურია, ხშირად მისი ბუნება ვერ უძლებს მოვალეობების ტვირთს და ორი ადამიანის ერთად ცხოვრება შეუძლებელი ხდება. სამწუხაროდ, ხშირად იძულებით ერთად ცხოვრებას ბოროტებაც მოჰყვება და ასეთ შემთხვევაში, თუმცა არ ემხრობა ღვთისგან ნაკურთხი გვირგვინის ახსნას, ეკლესია მაინც ირჩევს, დათანხმდეს ჯვრის ახსნას, რათა უფრო დიდი ბოროტება აიცილოს თავიდან.

კითხვა: როგორც გავიგე, იმ ადამიანს უფრო ებრძვის ბოროტი ძალა, ვინც ეკლესიაში დადის. გამოდის, ვინც ეკლესიურია და მორწმუნეა, უფრო დაუცველია?

პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტ ძალას არ უნდა, რომ ადამიანს უფალი იცავდეს. ბოროტს იმდენად შურს იმ სიკეთის, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, რომ ყოველ წუთს ცდილობს, კაცი ამ სიკეთისგან განაშოროს, ამიტომაც აცდუნებს. როცა ადამიანი ცოდვაში ეფლობა, ბოროტი ძალა მშვიდად არის და მსხვერპლს ჩააგონებს, რომ სწორედ ასეთი ცხოვრებაა მართებული. ამიტომაც არის, რომ ხშირად ამქვეყნიურ ვნებებში ჩაფლული გარშემო მყოფებიც გულწრფელად ურჩევენ, გამოცადონ ვნებების სიამოვნება. მათ სჯერათ, რომ ამით არაფერი შავდება. მაგრამ როგორც კი მსხვერპლი მოინდომებს ცოდვებისგან გათავისუფლებას, ბოროტი ძალა უტევს მას. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად დაუდგებით უფალს გვერდით და მიმართავთ ეკლესიას, მით უფრო შესუსტდება ბოროტი ძალა. ის ვერასდროს მოგერევათ, თუკი სულიერად გაძლიერდებით.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მართლმადიდებელი ქრისტიანი სერიოზულად იყოს დაკავებული აღმოსავლური ორთაბრძოლით?

პასუხი: აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია და ფილოსოფია ანტიქრისტიანულია, თუმცა, მისი ელემენტები შესაძლებელია, გამოიყენონ წვრთნის დროს საჯარისო ფორმირებებში – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილ იქნება ეს ფილოსოფია და რელიგიური საფუძვლები, რომელსაც ეყრდნობა საბრძოლო ხელოვნების მათეული ილეთები. ამრიგად, აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია მიუღებელია, ხოლო მათი ცალკეული ხერხების გამოყენება – შესაძლებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული