რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№4

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 03.02

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად მართებულია მორწმუნე ქრისტიანისთვის წმინდა წერილის თვითნებური განმარტება?

პასუხი: მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების მეცხრამეტე კანონით, „საღმრთო წერილი ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს წმინდა მამათა ნაწერებთან შეთანხმებით“. წმინდა მამა იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ ყველა ერესი წარმოიშვა წმინდა წერილის არამართებული განმარტებისგან.

კითხვა: რატომ ხდება, რომ ღვთისთვის სათნო და ადამიანისთვის სარგო საუბარი ძნელად განგვაწყობს მოსასმენად, ხოლო გასართობი – იოლად?

პასუხი: ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკი ხელს უწყობს უქმად მეტყველებას და ის არის ყოველგვარი სულიერი დარიგების მტერი. ერთ-ერთი წმინდა მამა ასეთ მაგალითს ჰყვებოდა: როცა მე ზოგიერთ ძმას სულიერ სარგებლობაზე ვესაუბრებოდი, მათ ისეთი ძილქუში აწვებოდათ, ქუთუთოებს ვეღარ ძრავდნენო.

კითხვა: აქამდე მეგონა, რომ სიტყვები – იმედი და სასოება ერთი და იგივე მნიშვნელობისაა. ახლა მითხრეს, რომ სასოება უფალთან არის დაკავშირებული. ეს როგორ უნდა გავიგო?

პასუხი: იმედს ადამიანი საკუთარ გეგმებზე, სურვილებზე აგებით ქმნის და შესაძლოა, მან არ გაამართლოს. ხოლო სასოება უფლის იმედია, უფლისადმი მუდარაა, მისთვის ნუგეშის თხოვნაა. უფალი ყოველთვის არის იმ ადამიანებთან, ვისაც მისი იმედი აქვთ.

კითხვა: წმინდა წერილი გვასწავლის: „არა განიკითხო“, მაგრამ მხილების უფლებას არ გვართმევს. სად გადის ზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის?

პასუხი: ეს საზღვარი გადის ადამიანის გულში. როდესაც სხვა ადამიანის საქციელის განსჯისას თქვენ გსურთ მისი დასჯა, იდუმალად გახარებთ მის მიერ ჩადენილი ცოდვა და ფიქრობთ, რომ მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია – ეს იქნება განკითხვა, რაც თავისთავად ცოდვაა, ხოლო თუ თქვენ ადამიანის ცოდვაზე საუბრისას ის გეცოდებათ, როგორც დაავადებული, დაჭრილი, დასახიჩრებული არსება, ვისთვისაც არ დაიშურებთ დახმარებას, მაშინ ეს არ იქნება განკითხვა.

კითხვა: რატომ ნათლავენ ქრისტიანები ადამიანს ბავშვობის ასაკში?

პასუხი: ბავშვებს იმიტომ ნათლავენ, რომ გამოყონ ისინი ურწმუნოთაგან და შეუერთონ უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს; რათა ისინი იზრდებოდნენ პირველქმნილი ცოდვის გარეშე, უფლის მადლით მოსილნი; რათა მორჩილებით მისდიონ ქრისტეს შეგონებას: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19,4). და კიდევ იმიტომ, რომ წმინდა ნათლისღებამ დაიკავა ძველი აღთქმის წინადაცვეთის ადგილი, რომელიც აგრეთვე, ბავშვობის ასაკში ხდებოდა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არავინ იცის, როდის წარდგება უფლის წინაშე და ნათლობის გარეშე ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული