მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.11

კითხვა: გვცილდება თუ არა ჩვენი ანგელოზი, როდესაც ცოდვას ჩავდივართ?
პასუხი: ამ კითხვაზე ღირსი მამა პაისი ასე პასუხობდა: „ანგელოზი რომ ასე იოლად გვტოვებდეს, სამყარო, ალბათ, დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა. ის არ გვტოვებს, რჩება ჩვენთან, ოღონდ იტანჯება და ცარიელი ხელებით ბრუნდება ღმერთთან“.
კითხვა: ცოდვად მიიჩნევა თუ არა ქრისტიანისთვის თავისი სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა?
პასუხი: როგორც ღირსი ამბროსი ოპტინელი წერს დაზღვევის შესახებ: „წმინდა წიგნებში, არსად ამის შესახებ არ წამიკითხავს, ოღონდ ერთი კია, აქ მჟღავნდება უნდობლობა ღვთის განგებულების მიმართ და ტვინის ჭყლეტა, რათა ხელოვნურად უზრუნველვყოთ საკუთარი თავი და ოჯახი. მე არ შემიძლია, აგიკრძალოთ, მაგრამ არც რჩევის მოცემა შემიძლია, მით უფრო კურთხევისა. ჩვენ გვაქვს უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალება – უფლის მცნება: ეძიეთ უპირველესად ღმერთის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე თანა შეგეძინებათ თქვენ“.
კითხვა: მართალია, აღსარებაში ვინანიებ ცოდვებს, მაგრამ ვგრძნობ, რომ არ მაქვს ღრმა სინანულის განცდა. როგორ მივაღწიო ჭეშმარიტ სინანულს?
პასუხი: მონანიების დროს ადამიანზე სამი რამ მოქმედებს: გონება – რომელიც აფიქსირებს და განსაზღვრავს ჩვენს ცოდვებს, გული, რომელიც განიცდის მათ და ნებისყოფა, რომელიც აიძულებს ადამიანს, გადალახოს ცრუ მორცხვობის გრძნობა და მოინანიოს ცოდვები. თუ ადამიანი გულით ვერ ინანიებს. ამგვარ შემთხვევაში საჭიროა, მოვინანიოთ გონებით და დავატანოთ ძალა ნებისყოფას, რომ არ გავიმეოროთ ძველი ცოდვები. დროთა განმავლობაში გულიც გაიღვიძებს და უფალი მოგვანიჭებს ჭეშმარიტ სინანულის გრძნობას.
კითხვა: არის თუ არა წინათგრძნობა ცოდვა?
პასუხი: წინათგრძნობის მცირეოდენი უნარი ყოველ ადამიანს აქვს და ის, ისევე, როგორც ადამიანის სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები, ღვთის მიერ არის ბოძებული. თუმცა, ჩვეულებრივ მოკვდავს ეს უნარი ისე არ უვითარდებათ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. ანუ ბევრჯერ ხდება, რომ გული ცუდს გვიგრძნობს, მაგრამ სიხარულს ვიღებთ ან პირიქით, ამიტომ წინათგრძნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. წინათგრძნობის უნარი განვითარებული ჰქონდათ იმ წმინდანებს, ვინც თავისუფალი იყო მიწიერი ცხოვრებისგან. ისინი მოვლენებს წინ უსწრებდნენ, ნათელხილვის ნიჭი ეძლეოდათ და შეეძლოთ განჭვრეტა იმისა, თუ რა მოხდებოდა მომავალში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან