რელიგია

ლეღვის ხის დაწყევლა

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

სახარებაში მოთხრობილია ლეღვის ხის გახმობის საკვირველი ამბავი, რითაც მოციქულებს გაუცხადა ის, თუ უნაყოფობისა და ღვთისადმი დაუმორჩილებლობისთვის უფლისგან როგორ ისჯება ადამიანი. ეს არის განსაკუთრებული ადგილი საღვთო წერილისა და გულდასმით უნდა განვმარტოთ იგი.

გზაზე უფალმა „იხილა ლეღვი ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი და მოვიდა, უკუეთუმცა რაიმე პოვა მას შინა (მრ. 11.13)“. იესომ თვალი მოჰკრა ლეღვის ხეს, რომელიც ფოთლებით იყო შემოსილი, ანუ ამ ხეს ფოთლები არ ჰქონდა გაცვენილი. ამაზე მახარებელი ყურადღებას იმიტომ ამახვილებს, რომ იმ დროს ხე შეიძლება, ფოთლის გარეშეც ყოფილიყო დარჩენილი. რახან იგი ხასხასა ფოთლებით იყო, ადვილად იფიქრებდა კაცი, რომ შეიძლებოდა, ნაყოფიც მოეძია მასში, რადგან სამხრეთის ქვეყნებში ლეღვი რამდენიმეჯერ იღებს ნაყოფს წლის განმავლობაში და ყოველთვის შეეძლო კაცს, რაღაც მოეძია მასში. როცა იესო მივიდა ხესთან „არარაი პოვა, გარნა ფურცელი ხოლო“. ესე იგი, ნაყოფი ვერ მოიძია მასში, თუმცა ხე იყო კარგად შეფოთლილი. როგორც თავად სახარება განმარტავს: „არ იყო ჟამი ლეღვისაი“, ესე იგი, ამ დროს არ უნდა ჰქონოდა მას ნაყოფი.

როგორ ფიქრობთ, გულთამხილავმა განა არ იცოდა, რომ ნაყოფს იმ დროს ვერ იპოვიდა იქ? უფალმა ეს კარგად უწყოდა, მაგრამ ეს მან მოიმოქმედა მოციქულებისთვის, რათა მათ ეცნოთ ის, რომ ფოთლებიან ხეს უნდა გამოეღო ნაყოფი, ეს იყო მისი დანიშნულება, ამისთვის არსებობდა იგი, როცა უფალმა ვერაფერი მოიძია ხეზე, მას მიმართა წყრომითა და რისხვით: „ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა!“. დაწყევლა ხე და მაშინვე გახმა იგი.

მეტად ჩამაფიქრებელია ლეღვის ხეზე მომხდარი სასწაული, ის, რომ უფალმა ისურვა მისგან ნაყოფი იმ დროს, როცა არ იყო ამის ჟამი კიდევ უფრო საკვირველი და უცნაური იყო იესოსგან ლეღვის ხის დაწყევლა და მისი გახმობა, რაც გაუგებარსა და ძნელად ასახსნელს ხდიდა მომხდარს მოციქულთათვის, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, უფალმა ეს მოიმოქმედა მოციქულთა შეგონებისთვის, მათი განბრძნობისთვის. ისინი იყვნენ უფლისგან მოხდენილი უამრავი სასწაულის მხილველნი, რომელთაც ხალხის რწმენაში განსამტკიცებლად და სანუგეშებლად ახდენდა უფალი. მაგრამ მათ არ ახსოვდათ მისგან წყევლა და შეჩვენება ვინმესი. ახლა კი ნახეს, როგორ იქნა უბრალო, უწყინარი ხე უფლისგან დაწყევლილი. და როცა ისინი დარწმუნდნენ, თუ როგორ სწრაფად ასრულდა უფლის განაჩენი და როგორ იწყო ხემ ხმობა ამათ თვალწინ. ამან მათ განკვირვებასთან ერთად მოჰგვარა რაღაც შიშიც. აღნიშნულით უფალმა მოციქულები დაარწმუნა იმაში, რომ ის არ იყო მარტო ხალხის მოძღვარი და მასწავლებელი, მას შეეძლო, დაესაჯა კიდეც ისინი, რომ მას შესწევდა ძალა ერთი სიტყვით შეეჩვენებინა და გაენადგურებინა მისი მოწინააღმდეგენი, რომელთაც მისი შეპყრობა და სიკვდილი ჰქონდათ განზრახული.

როგორი შემძვრელი და ჩამაფიქრებელია ლეღვის ხის დაწყევლის სასწაული, ჩვენთვისაც როგორი მკაცრი შეგონება და გაფრთხილებაა იგი. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ლეღვის ხე ძველი აღთქმის ეკლესიას – სინაგოგას განასახიერებდა, რომელსაც უნაყოფობის გამო განერიდა უფალი. ვის შეუძლია თქვას, რომ ეს მარტო ძველ ეკლესიას ეხება და ახალი აღთქმის ეკლესია ამისგან არის თავისუფალი? როცა სახარებიდან ამ ადგილს ვისმენთ, კარგად ვგრძნობთ, რომ ლეღვის ხეს შეიძლება, თითოეული ჩვენგანი დაემსგავსოს. ჩვენ მას ნამდვილად ვემსგავსებით, რადგან ფოთლებით, ანუ ღვთის მცნებებითა და კანონებით ჩვენც ვრთავთ ჩვენს ცხოვრებას და ხეს უნაყოფობაშიც არ ჩამოვუვარდებით, რადგან ვერც ჩვენ გამოგვიღია სულის შესაფერი ნაყოფი. ვიცნობთ ღვთის მცნებებს, თითქოს ვცდილობთ კიდეც მათ აღსრულებას, გვინდა, ჩვენი ცხოვრება შემოვიზღუდოთ ღვთიური მცნებებით და მაინც შინაგანად კარგად ვხვდებით, რომ ნაყოფი სულისა, სიწმიდე, სიმშვიდე, მოთმინება, თავმდაბლობა უპოვარება, ჯერაც არ გვაქვს შეძენილი.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა