რელიგია

იმედი და უიმედობა

№1

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 13.01, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება, გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მოვლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი!

***

დაკარგული ფული უმნიშვნელო დანაკარგია, დაკარგული დრო — დიდი დანაკარგი, დაკარგული სული (სასოწარკვეთის შედეგი) - ყოველივეს დაკარგვას ნიშნავს!

***

სასოწარკვეთილების ცოდვა ერთ-ერთი იმათგანია, რომლის შენდობაც ყველაზე ძნელია, იმიტომ რომ, ის პირდაპირ, ბუნებრივად ეწინააღმდეგება შენდობას, რადგანაც კარს უხშობს სინანულს - იმ ერთადერთს, რომლის საშუალებითაც შენდობას მიიღებდა, და განსაკუთრებით იმიტომ, რომ შეურაცხყოფს და განაგდებს ღვთის გულმოწყალებას, რომელიც შენდობის მომნიჭებელია!

***

თვალუწვდენელი ოკეანე ერთნაირად შთანთქავს ფართო მდინარეების წყლებსაც, რომლებიც მრავალ ქვეყანას დიდებულად ჩამოივლიან და ძლივს შესამჩნევ მომცრო წყაროს ნაკადსაც: ისევე თანაბრად ქრებიან ღვთის მადლში მძიმე ცოდვით დაცემანი უმცირეს, უმნიშვნელო შეცოდებებთან ერთად.

***

წარმოიდგინე ნაპერწკალი, რომელიც ზღვაში ჩავარდა: შეძლებს კი უვნებელი გადარჩეს ან კვლავ გამოჩნდეს მასში? რაც არის ნაპერწკალი ზღვასთან მიმართებაში, იგივეა მანკიერებაც ღვთის კაცთმოყვარეობასთან მიმართებაში, და - ამდენიც არა, არამედ - გაცილებით მცირე. ზღვა თუმცა უზარმაზარია, მაგრამ მაინც შემოსაზღვრულია, ღვთის კაცთმოყვარეობა კი უსაზღვროა!

***

შენი ცოდვები რომ მთელი სამყაროს ცოდვებს უტოლდებოდეს, მაინც არ უნდა წარიკვეთო სასო, რადგან ჩვენი მხსნელი ის ტარიგია, რომელმაც იტვირთა მთელი სამყაროს ცოდვები.

***

უფალი არ უყურებს უამრავ და უდიდეს ცოდვებს, არამედ მონანულის გულმოდგინებას. ავაზაკები, მემრუშენი, მწვალებელნი, ვერცხლისმოყვარენი, - ერთი სიტყვით, ყველა უდიდესი ცოდვილი, - რომელმაც ჭეშმარიტად შეინანა, სავსებით ამტკიცებენ ამ ჭეშმარიტებას.

***

ზეციურ ექიმს არ ჰყავს უკურნებელი ავადმყოფები, სადამდეც ვცხოვრობთ, მანამდე შეგვიძლია ცხონება, რამდენად დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი ცოდვები, „თავად იუდას რომ ნაცვლად დამღუპველი ხისა, რწმენითა და სინანულით ქრისტეს ჯვრის ხისკენ ეჩქარება, მაშინ მონანულ ავაზაკთან ერთად შევიდოდა სამოთხეში - ყოველგვარი ვერცხლის გარეშე“ - ასე მსჯელობენ და ასწავლიან ამის შესახებ ეკლესიის ღვთითგანბრძნობილი მამები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი