რელიგია

ღვთის შინაგანი და გარეგნული თაყვანისცემა

№20

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.05, 2022 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

თუკი ხეში არის სიცოცხლე, მაშინ ეს სიცოცხლე აუცილებლად გამომჟღავნდება, ანუ ხე ფოთლებს, ყვავილებსა და ნაყოფს გამოიღებს; ასევე, ღვთისადმი შინაგანი, ცოცხალი, ნამდვილი თაყვანისცემა აუცილებლობისას გარეგნულ თაყვანისცემას გამოამჟღავნებს.

***

ვინ არ იცის სულის მოძრაობასა და მის გამოვლინებას შორის არსებული კავშირის შესახებ? ვისთვის არაა ცნობილი, რომ ადამიანს, რომელიც რაიმე ძლიერი გრძნობით არის შეპყრობილი, არ შეუძლია, სრულიად დაფაროს თავისი სულის ძლიერი მოძრაობა?!

***

განა არსებობს ღარიბი კაცის მიმართ თანაგრძნობით აღსავსე, თუნდაც, ერთი ადამიანი, რომელიც თანაგრძნობას რაიმე გარეგნული ნიშნით მაინც არ გამოხატავდეს? განა არსებობს კი თუნდაც ერთი მორჩილი შვილი, რომელიც თავის მორჩილებას მშობლებისადმი გარეგნულად არ გამოხატავდეს? რომელი ერი იყო ისეთი, რომელიც მეფეს პატივს სცემდა და ამას გარეგნული ქმედებით არ ამჟღავნებდა.

მოწამებრივი სიკვდილი ჭეშმარიტებისთვის გაუქრობელი ლამპარია ერისთვის, იგი აღვიძებს და აღორძინებს ერში მაღალ ძალებს, იგი დვრიტაა ურთიერთისადმი სამსახურისა, საზოგადო სიკეთისადმი თავდადებულობისა, სამშობლოს ბედნიერებისთვის მსხვერპლად შეწირვისა, ქვეყანაზე სისწორისა, საღმრთო ზნეობისა და გონებრივი სინათლის მოფენა-გავრცელებისა.

***

მოწამეობა, ესე იგი, დევნულება-წვალებათა დათმენა ცხოვრებაში სიმართლის დაცვა-გამოჩენისთვის უკვდავი ღაღადი, სამარადისო ქადაგება – მუდამ მოუძველებელი მოძღვარეობაა ყველა იმის შესახებ, რითაც ძვირფასია კაცის ცხოვრება, რითაც ადამიანი ემსგავსება ღვთაებას, რაც კაცის ცხოვრებას აძლევს აზრსა და მნიშვნელობას.

ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე

***

მდიდარ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამას, არ სურს, უკვე სრულწლოვანმა შვილებმა საკუთარი ქონებიდან მას აუცილებლად ძღვენი მიართვან, მაგრამ სიამოვნებს, თუკი ისინი ამას აკეთებენ, ვინაიდან ამ ქმედებებში ის ხედავს მისდამი სიყვარულისა და გულმოდგინების ნიშნებს; სწორედ ასევე, მამაზეციერსაც არ სჭირდება ჩვენი მსხვერპლი (გარეგნული ღვთის თაყვანისცემის ერთ-ერთი ნიშანი), მაგრამ მოწონებით უყურებს ამას, თუკი ის – ჩვენი მისდამი ერთგულების, მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატულებაა: „მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა“ (2 კორ. 9,7)

„სულიერი მდელო“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი