რელიგია

დროის ყოველდღიური განაწილება

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 24.03, 2023 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

უფლის მცნების თანახმად, კვირაში ერთი დღე მთლიანად დაუთმე ღვთისმსახურებას; დანარჩენ დღეებში ეცადე, შრომისა და მეცადინეობის გარკვეული საათები გამოყო და მიუძღვნა უფალთან საუბარს, ძირითადად, აუცილებელია დილით – ძილისაგან აღდგომისას, საღამოს კი – ძილის წინ!

* * *

როდესაც დილით ძილისგან გამოფხიზლდები, დაფიქრდი, რომ უფალი გაძლევს დღეს, რომლის მიღებაც შენ თავად არ შეგეძლო და გამოყავი ერთი საათი ან, თუნდაც, საათის მეოთხედი, ამ მომადლებული დღისათვის და მსხვერპლად მიუტანე უფალს სამადლობელი და სავედრებელი ლოცვა. რაც უფრო გულმოდგინედ გააკეთებ ამას, მით მეტად გაანათლებ დღეს, მით უფრო მტკიცედ მოიზღუდავ თავს საცდურთაგან, რომლებიც ყოველდღე გხვდება. ამის მსგავსად, როდესაც ძილისთვის ემზადები, დაფიქრდი, რომ უფალი გაძლევს შრომისგან მოსვენებას და შენი მოსვენების დროს ნაწილი გამოსტაცე და მიუძღვენი იგი უფალს სუფთა და თავმდაბალი ლოცვით, მისი კეთილსურნელება ანგელოზს შენს დასაცავად მოიზიდავს.

* * *

რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა დაკავებული მთელი დღე, როგორც წისქვილის ქვა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ატრიალებს იმას, რასაც მასში დილიდან ყრიან, იქნება ეს ხორბალი თუ ღვარძლი. შევეცადოთ ყოველთვის დილიდანვე ჩავყაროთ ხორბალი, რათა მტერმა არ ჩაყაროს ღვარძლი!

* * *

დღის განმავლობაში ის საქმეები აკეთე, რომლებიც შენი მოწოდებისა და საზოგადოებაში ადგილის შესაბამისად გევალება. შეეცადე და საქმის კეთებისას იპოვე თუნდაც წუთები, რათა მიმართო ღვთისმოსავი ფიქრითა და ლოცვით მას, ვინც აკურთხებს პატიოსან შრომას და წარმატებას ანიჭებს კეთილ საქმეს!

* * *

რომელ ჩვენგანს არ უნახავს და მოუსმენია, როგორ უსტვენს ხმატკბილი ტოროლა გაზაფხულზე მინდორში, მოხნულ ყანებში და სასიამოვნო გალობით ატკბობს მიწათმოქმედის მძიმე შრომას? მაგრამ არც ამ პატარა ფრთოსნის სიცოცხლე გადის სიმღერაში, მას თავისი შრომა და საზრუნავი აქვს: ის მიწაზე დაფრინდება ხოლმე და იქ ან საკვებს მოიპოვებს, ან თბილ ბუდეს იწყობს, ზრუნავს თავის მეგობარზე ან თავის ნორჩ ბარტყებზე. და კვლავ – სულ ასე ხომ არ გაქექავს მიწას, სულ ასე ხომ არ იფუსფუსებს და იშრომებს? ჩიტუნა კვლავ აფრინდება ზეცისკენ და მღერის, მღერის თავის დაუსრულებელ სიმღერას. აი, გაკვეთილი და მაგალითი შენთვის, ადამიანო! იშრომე, სადაც არ უნდა იყო: საზოგადოებაში, დაბლა თუ მაღლა, – იშრომე! ესაა შენი დანიშნულება და მოვალეობა დედამიწაზე, მაგრამ შენ მიწისთვის არ ხარ შექმნილი, არამედ – ზეცისთვის. შრომისა და ცხოვრების საზრუნავის შემდეგ ამაღლდი გონებითა და გულით, გადმოღვარე უფლის წინაშე შენი სული დიდებისმეტყველებაში, მადლიერებასა და ლოცვაში. ილოცე: ეს შენი ვალია, შენი დიდება, შენი ნეტარება. შრომიდან გადადი ლოცვაზე, ლოცვიდან – შრომაზე: იშრომე და ილოცე!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი