რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№8

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 01.03

რელიგია
დაკოპირებულია

ცხოვრობდა სამი შრომისმოყვარე ბერი. ერთმა საქმედ მოჩხუბრების შერიგება არჩია, მეორემ – ავადმყოფების მონახულება. მესამე უდაბნოში გაემგზავრა და მდუმარებას მიეცა. პირველმა, რომელიც მოჩხუბრებს არიგებდა, ყველას შერიგება ვერ შეძლო და დამწუხრებული მივიდა მასთან, ვინც ავადმყოფების მონახულებით იყო დაკავებული. მაგრამ ისიც დამწუხრებული დახვდა და როგორც ჩანდა, იმასაც ხელი ჩაექნია საკუთარი აღთქმის შესრულებაზე. ორივემ ერთად გადაწყვიტეს, მეუდაბნოესთან წასულიყვნენ. მივიდნენ, აუწყეს მას თავიანთი წუხილის მიზეზი და სთხოვეს, ეთქვა მათთვის, რა სიკეთე გააკეთა მან უდაბნოში ყოფნით. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მეუდაბნოემ ფინჯანში წყალში ჩაასხა და უთხრა:

– ჩახედეთ წყალს.

წყალი ისეთი მღვრიე იყო, რომ მასში არაფერი ჩანდა. ცოტა ხნის შემდეგ მან ისევ თქვა:

– ჩახედეთ, ახლა წყალი დაიწმინდა.

როგორც კი წყალს ჩახედეს, მასში საკუთარი სახეები დაინახეს, როგორც სარკეში. მაშინ განდეგილმა უთხრა:

– ასე ემართება ერში მცხოვრებ ადამიანსაც. მშფოთვარებისგან ის ვერ ამჩნევს თავის ცოდვებს, მაგრამ როცა მდუმარებაშია და განსაკუთრებით, უდაბნოში, მაშინ კარგად ხედავს თავის ნაკლოვანებებს.

* * *

ჭუჭყიანი თეთრეული, ადრე თუ გვიან, გარეცხვას საჭიროებს, შეიძლება, წლობით ვაგროვოთ ის უზარმაზარ კალათში და ამით, რაც შეიძლება, შორს გადავწიოთ თეთრეულის გარეცხვის უსიამოვნო მომენტი. უბედურება ისაა, რომ დროთა განმავლობაში, ჭუჭყი უფრო ღრმად ჯდება ქსოვილში და მისი გარეცხვა უფრო და უფრო ძნელი გახდება და აი, საჭირო ხდება თეთრეულის გამოხარშვა, ორთქლზე ხელების დაწვა დატყავებამდე. ვრეცხავთ, ვრეცხავთ, ვრეცხავთ... წარმოგიდგენიათ, რამდენი ბინძური პერანგი შეიძლება დაუგროვდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში? თუმცა შეიძლება, თეთრეული მისი გაჭუჭყიანებისთანავე გავრეცხოთ, სანამ ჭუჭყი ახალია. ზოგიერთი ლაქა შეიძლება, უბრალოდ, სუფთა წყლითაც ამოვიყვანოთ. სხვას შეიძლება, საპნით ამორეცხვა დასჭირდეს. ყველაზე ღრმა ლაქების ამოსაყვანად თვალებს რომ წვავს, ისეთი ფხვნილის გამოყენებაც კი დაგვჭირდება. ნებისმიერი მრეცხავი გეტყვით, რომ ყველაზე რთული ქონისა და სისხლის ლაქების ამოყვანაა. ჩვენი ცოდვები და უწესო საქციელი – ბინძური თეთრეულია და ყველა საკუთარი თავის მრეცხავია. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს ნაბოძები: არ დავაგროვოთ ცოდვები ცხოვრების ბოლომდე, იქამდე, როცა უკვე ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების შეჯამება მოხდება, არამედ სიცოცხლეშივე დავიწყოთ მათი გამოსყიდვა, ანუ დროის იმ მონაკვეთში, როცა რაიმეს გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს სწორი და ლოგიკური იქნება; ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ყოველ თეთრ ზოლს შავი ზოლი მოჰყვება: წარმოგიდგენიათ, რა უკუნი გვექნებოდა წინ, აბსოლუტური სითეთრის შემდეგ?

* * *

ერთ ძმას ამბამ უთხრა: სატანა შენი მტერია, შენ კი – სახლი. მტერი განუწყვეტლივ ყრის შენში ყოველგვარ ნაგავს და ყველანაირ უწმიდურებაში გაგდებს, რაც კი ხელეწიფება, მაგრამ შენ გულმოდგინედ განდევნე შენგან მისგან შთანერგილი. თუ დაუდევრად მოიქცევი, შენი სახლი ნაგვით აივსება და ვეღარ შეძლებ მასში შესვლას. თავიდანვე, როგორც კი ეშმაკი შენს დანაგვიანებას დაიწყებს, სისტემატურად გადაყარე ნაგავი და შენი სახლი, ქრისტეს წყალობით, მუდამ სუფთა იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული