როგორი ტიპის კანი გაქვთ – მშრალი, კომბინირებული თუ მგრძნობიარე
ავტორი: ანი რევია 11:00 15.04, 2021 წელი

იმისათვის, რომ ეფექტიანად მოუაროთ სახის კანს, აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ – მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული, ნორმალური თუ მგრძნობიარე. სახის მოვლის საშუალებები კანის განსხვავებული ტიპებისთვის არის შექმნილი. არასწორად შერჩეულმა პროდუქტებმა კი შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ თქვენი სახის კანს.
მშრალი კანი – თუ გაქვთ დაჭიმულობისა და ქავილის შეგრძნება, განსაკუთრებით სახის დაბანის შემდეგ, თქვენ მშრალი კანი გაქვთ. მას, ასევე, ახასიათებს კანის ზედაპირის აქერცვლა და პერიოდული სიწითლე. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განასხვავოთ მშრალი და გაუწყლოებული კანი. მშრალი კანი წარმოიქმნება ცხიმის გამოყოფის ნაკლებობის გამო, ხოლო გაუწყლოება კანის დროებითი მდგომარეობაა, რასაც კლიმატური და გარემო პირობები იწვევს. მისი აღმოფხვრა კი დამატენიანებელი პროცედურების ჩატარებით შეგიძლიათ.
ცხიმიანი კანი – თუ კანი ყოველთვის ბზინავს და სახეზე, კისერზე, მხრებსა და ზურგზე ზედმეტ ცხიმს ამჩნევთ, თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ. ხშირად გიჩნდებათ სახის დაბანის სურვილი, განსაკუთრებით შუადღისას, როდესაც ცხიმის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა. თქვენი ფორები ფართოა, ხშირად გაწუხებთ ფერიმჭამელები და გამონაყარი. ნუ დაგამწუხრებთ პრობლემების ჩამონათვალი, რადგან კვლევების მიხედვით, ცხიმიანი კანი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს.
კომბინირებული კანი – თუ თქვენი სახე ცხიმიანია, აქვს შესამჩნევი ფორები და ახასიათებს გამონაყარი T ზონაში – შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზე, მაგრამ მშრალი ან ნორმალურია ლოყებსა და ყბის მიდამოებში, მაშინ კომბინირებული კანი გაქვთ. ამ ტიპის კანის მოვლა საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ერთდროულად უნდა მოუაროთ ურთიერთსაპირისპირო, მშრალ და ცხიმიან ადგილებს. თქვენი მიზანი ბალანსის მიღწევაა.
ნორმალური კანი – თუ თქვენი კანი ერთგვაროვანი და დაბალანსებულია, იშვიათად გაწუხებთ ცხიმი, გამონაყარი ან სიმშრალე, არ გაქვთ უარყოფითი რეაქციები კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებებზე, თქვენ ნორმალური კანი გაქვთ. მართალია, მისი მოვლა ძალიან ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ, მას ადრეული დაბერებაც ახასიათებს.
მგრძნობიარე კანი – თუ თქვენი კანი ადვილად ღიზიანდება, წითლდება, ხშირად გაწუხებთ ქავილი, სიმშრალე და გამონაყარი, ესე იგი, მგრძნობიარე კანი გაქვთ. მას ხშირად აქვს უარყოფით რეაქცია, ახალი პროდუქტების გამოყენების დროს. სახე ადვილად წითლდება სიცხეში ან სიცივეში. მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები, უფრო ადვილად იწვებიან მზეზე, უვითარდებათ ეგზემა ან როზაცეა. ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენს კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ფრთხილად უნდა იყოთ იმ პროდუქტებთან, რომლებიც სინთეტიკურ ნივთიერებებს შეიცავენ.
ზოგადად, ნებისმიერი ტიპის კანის მოვლის საშუალებების პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ყიდვის დროს, დააკვირდით მათ შემადგენლობას. გამოიყენეთ მხოლოდ საბაზისო, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული პროდუქტები. სანამ შეიძენთ, ჩაიტარეთ 24-საათიანი ტესტი – კანის მცირე მონაკვეთზე დაიტანეთ სასურველი პროდუქტი, დაელოდეთ და დააკვირდით, რა რეაქცია ექნება მას თქვენს კანთან. ამ მეთოდის გამოყენებით ადვილად შეძლებთ თქვენი კანისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევას.
◾ ექიმის რჩევები სახის კანის მოვლაზე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან