მარწყვის ნიღბები და სკრაბები კანისთვის შეუცვლელია
ავტორი: ანი რევია 11:00
მარწყვი კანისთვის საუკეთესო კენკრაა. ის შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, ბიოტინს. იცავს კანს ულტარიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან, ატენიანებს, ამაღლებს მის რეგენერაციის უნარს, ავიწროებს ფორებს და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
* კანის დამატენიანებელი და მატონიზირებელი საშუალება – მარწყვის წვენი გაყინეთ კუბიკებად და დღეში 2-ჯერ წაისვით სახეზე და დეკოლტეზე, ეს კარგად ატენიანებს და ატონიზირებს კანს;
* მარწყვი და ალოე გამონაყარის საწინააღმდეგოდ – გამონაყრისთვის კარგია, თუ მარწყვის წვენს შეურევთ ალოეს წვენს (2:1) და სახეზე დღეში რამდენჯერმე წაისვამთ;
* პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის გასაუფერულებლად, ეფექტურია მარწყვისა და ლიმონის წვენის (2:1) ნარევის გამოყენება. აღნიშნულ პროცედურას მათეთრებელი ეფექტიც აქვს;
* მარწყვის, კეფირისა და ზღვის მარილის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის – შეურიეთ მარწყვის წვენს ცოტა კეფირი და ზღვის მარილი და დაიტანეთ სახეზე. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი;
* მარწყვის, ზეითუნის ზეთისა და მარილის სკრაბი მშრალი კანისთვის – შეურიეთ მარწყვის წვენს ზეითუნის ზეთი და ცოტა ზღვის მარილი. მსუბუქი მასაჟით დაიტანეთ სახის კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი;
* დამატენიანებელი და სახის კანის ტონუსში მოსაყვანი მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის – 2 ცალ მარწყვის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 3 ცალი გაჭყლეტილი მარწყვი, 1 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.
* ნიღაბი მშრალი და მობერებული სახის კანისთვის – 4 ცალ მარწყვს დაამატეთ ნახევარი სადილის კოვზი არაჟანი, 1 სადილის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, დაახლოებით, 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი:
* ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – 5 ცალ მარწყვს აურიეთ 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა და წაისვით სახეზე, დაიტოვეთ 10 წუთი ან 5 ცალ მარწყვს, დაამატეთ 1 სადილის კოვზი კეფირი და ნახევარი სადილის კოვზი სახამებელი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით;
* მარწყვის ნიღაბი სახის კანისა და დეკოლტეზე გაჩენილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ – 6 ცალი მარწყვი გასრისეთ და ეს ფაფა წაისვით გასუფთავებულ სახის კანსა და დეკოლტეს ზონაზე. 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი;
* მოდუნებული კანის აღსაღდგენად – 2 ცალი მარწყვი გასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და წაისვით სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით;
* მარწყვისა და კოსმეტიკური თიხის ნიღაბი ფორების გასაწმენდად – მარლით გამოწურეთ 4 ცალი მარწყვის წვენი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წაისვით სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
გირჩევთ, სანამ მარწყვის სეზონია, ეს პროცედურები ყოველდღიურად ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში და დააკვირდით საკუთარ კანს, ნახავთ, რამდენად დადებითი ეფექტი ექნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




