როგორ უნდა მოამზადოთ სახის კანის გამწმენდი მარტივი ნაყენები სახლის პირობებში
ავტორი: ანი რევია 12:00
გაწმენდა ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის აუცილებელია. შეგიძლიათ, ეს პროცედურები სახლის პორობებშიც მარტივად ჩაიტაროთ და თქვენს სახეს ჯანსაღი, მოვლილი იერი მისცეთ.
* ცხიმიანი კანისთვის: ერთმანეთში აურიეთ 2 გრამი ბორის მჟავა, 0,5 გრამი ლიმონის მჟავა, 0,5 გრამი რძის მჟავა, 0,5 გრამი სალიცილის მჟავა, 15-20 გრამი არაყი, 100 გრამი გამოხდილი წყალი, 10 გრამი გლიცერინი და ცხიმიანი სახე მიღებული ნარევით გაიწმინდეთ;
* ნებისმიერი ტიპის კანის გამოსაცოცხლებლად: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფოთოლს დაასხით 1/4 ჭიქა წყალი და 15 წუთი ადუღეთ. მერე გაფილტრეთ. როცა გაგრილდება, ჩაასხით მინის ჭურჭელში, კარგად დაახურეთ თავზე და სიგრილეში შეინახეთ. ამ ნახარშით სახის გაწმენდა დღეში რამდენჯერმე შეიძლება;
* ფერისმჭამელებიანი კანისთვის: 2 სადილის კოვზ გვირილის ყვავილსა და ერთი ცალ ლიმონის გახეხილ ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. 1 საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, მერე გაფილტრეთ. როცა შეგრილდება, დაამატეთ 2 სადილის კოვზი ქაფურის სპირტი, 2 სადილის კოვზი 9-პროცენტიანი ძმარი, 50 მილილიტრი არაყი და 1 ცალი ლიმონის წვენი. შეინახეთ მაცივარში. ამ ნაყენით გაიწმინდეთ სახე და სხეულის ის ადგილები, სადაც გამონაყარი გაქვთ, მაგალითად, ზურგი, გულმკერდი;
* მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: ახალი გამოწურული კარტოფილის წვენით დაასველეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ სახე;
* ცხიმიანი და ფერისმჭამელებიანი კანისთვის: ერთმანეთში აურიეთ 250 გრამი არაყი, 2 კვერცხის გული და 1 ცალი ლიმონის წვენი. გაწურეთ დოლბანდში და ამ ნარევით დილა-საღამოს, პირის დაბანის შემდეგ, გაიწმინდეთ სახე. ნარევი შენახეთ მაცივარში;
* გაღიზიანებული, მგრძნობიარე და კაპილარებიანი კანისთვის: ერთმანეთში აურიეთ 1 სადილის კოვზი დაკეპილი ოხრახუში და 1 სადილის კოვზი ვარდის ხმელი ფოთლები ან სალბი. დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააგრილეთ და ამ ნაყენით დილა-საღამოს გაიწმინდეთ სახე;
* ცხიმიანი და ჭუჭყიანი კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში თითო სადილის კოვზი შვიტა, ცაცხვი და ფარსმანდუკი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. სახე ჯერ ცხელი ნაყენით გაიწმინდეთ, მერე – გრილით. ეს პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ;
* ნაოჭებიანი და გამომშრალი კანისთვის: აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი დაკეპილი ოხრახუში, 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული სალბი და 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ცაცხვის ყვავილი. დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. სახე ჯერ ცხელი ნაყენით გაიწმინდეთ, მერე – გრილით. პროცედურა 2-ჯერ გაიმეორეთ;
* მიკრობების გასანადგურებელი და ფორების შემავიწროებელი ნაყენი ცხიმიანი კანისთვის: ერთ ჭიქა გულყვითელას ნაყენს დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ყოველ დილით სახე ამ ნაყენით დაიბანეთ;
* კიტრის გამწმენდი ნაყენი: გახეხეთ გათლილი კიტრი და 1/2 ლიმონი. დაამატეთ 1/2 ჭიქა არაყი, შემდეგ ამ ნარევში ჩაასხით 50 მილილიტრი გვირილისა და ფარსმანდუკის კონცენტრირებული ნაყენი – თითო ჩაის კოვზი გვირილა და ფარსმანდუკი 1/2 ჭიქა მდუღარე წყალზე და კარგად შეანჯღრიეთ. მზა ლოსიონი შეინახეთ მაცივარში და ყოველღამე გაიწმინდეთ სახე, ხელები და დეკოლტეს ზონა;
* თაფლიანი წყლის ნაყენი შერეული ტიპის კანისთვის: 1 სადილის კოვზი თაფლი გახსენით 2 ჭიქა თბილ წყალში და სახე ამ ნაყენით დაიბანეთ. შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ, უსაპნოდ. ეს პროცედურა საღამოობით ჩაიტარეთ. კარგია ანთებისა და გამონაყარისადმი მიდრეკილი შერეული ტიპის კანისთვის;
* სახის დასანოტივებელი, დამარბილებელი და გამწმენდი ნაყენი: ეს ნაყენი, ასევე, აქრობს გაღიზიანებას. 50 გრამ დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილს დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 40 წუთით ასე დატოვეთ. მერე გაფილტრეთ, დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. გაიწმინდეთ სახე ამ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით ყოველ დილა-საღამოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





