რჩევები

როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად დამატენიანებელი კრემი

№15

ავტორი: ანი რევია 11:00 22.04, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანის გამოშრობასა და გაუწყლოებას რომ ებრძოლოთ, აუცილებელია, თქვენი კანის ტიპისთვის, ინდივიდუალურად და სწორად შეარჩიოთ დამატენიანებელი კრემი, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი ნაოჭების გაჩენა, ასევე, მოშვებული კანის პრობლემა. დატენიანების პროცედურა რომ ეფექტური იყოს, კრემის არჩევისას რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

კანის დასატენიანებლად რამდენიმე კომპონენტი არსებობს – დამატენიანებლები, ემოლენტები და ოკლუზივები. პირველი უშუალოდ ატენიანებს, მეორე კანს კვებავს და არბილებს, მესამე ზედა ფენებში იკავებს ტენს და აორთქლების საშუალებას არ აძლევს. ოპტიმალურ დამატენიანებელ კრემს კი ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

მიაქციეთ ყურადღება, რომ კრემი შეიცავდეს გლიცერინს, ჰიალურონის მჟავას, კარბამიდს, ალფა ჰიდროქსი მჟავასა და მცენარეულ ზეთებს, განსაკუთრებით ქოქოსის, გარგარის და ნუშის. კარბამიდი და ალფა ჰიდროქსის მჟავა კანის ზედაპირს მკვდარი უჯრედებისგან წმენდს, ჰიალურონის მჟავა და გლიცერინი ატენიანებს, ხოლო ზეთი არბილებს და იცავს.

იმასაც მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწორად და როდის ისვამთ კრემს. იდეალური ვარიანტია კრემის ნოტიო კანზე წაისმა და შემდეგ ხელსახოცით ან რბილი პირსახოცით ოდნავ შემშრალება. კანი გაშრობისთანავე განიცდის გაუწყლოებას, ამიტომ, სჯობს, ტენი შიგნით „ჩაკეტოთ“, არ მისცეთ ფორებს გახსნის საშუალება, ხოლო ზედა ფენის უჯრედებს – „გამოშრობის“.

აქცენტი კრემის ფასზე კი არ უნდა გააკეთოთ, არამედ რამდენად უხდება დამატენიანებელი საშუალება თქვენს კანს. შეიძლება, წამყვანი ლაბორატორიების მიერ შექმნილმა სუპერ ექსკლუზიურმა პროდუქტმა ალერგია გამოიწვიოს ან შეწოვაზე უარი თქვას, ხოლო შედარებით მცირე ფასიანი ისე მოუხდეს თქვენს კანს, რომ თქვენი ფავორიტი გახდეს. იდეალური იქნება, თუ კრემს დერმატოლოგთან ან კოსმეტოლოგთან ერთად შეარჩევთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ ჰიპოალერგიულ ბრენდებს და კრემებს აღნიშვნით – „მგრძნობიარე კანისთვის“. და კრემი ხშირად არ გამოცვალოთ.

ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს, რა განსხვავებაა სახის დამატენიანებელ და მკვებავ კრემებს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ.

დამატენიანებელი კრემის მთავარი კომპონენტი არის წყალი და მისი მთავარი ფუნქცია კანის დატენიანებაა. ის უფრო ადვილად შეიწოვება კანში. დამატენიანებელი კრემი იცავს კანს სიმშრალისგან. მისი საშუალებით კანი იფარება თხელი ფენით, რაც ხელს უშლის ტენის აორთქლებას. კრემს, ასევე, აქვს ულტრაიისფერი სხივებისა და დაბინძურებული ჰაერისგან დამცავი ფუნქცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზამთრის ყინვაში, დამატენიანებელი კრემის გამოყენება არ არის რეკომენდებული. მკვებავი კრემი კი სქელია, შესაბამისად, კანში უფრო ძნელად შეიწოვება. ამიტომ, ძირითადად, ღამის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, განსაკუთრებით ღამით. მკვებავი კრემიც ატენიანებს კანს და აწვდის მას საჭირო ვიტამინებს, იცავს სიცივისა და დაბერებისგან. ამგვარად, დამატენიანებლისგან განსხვავებით, მისი გამოყენება რეკომენდებულია ცივ ამინდში. მკვებავის საშუალებით კანი ინარჩუნებს ელასტიკურობასა და ტენიანობას. დამატენიანებელი კრემი ყველა ასაკის კანს უხდება, მკვებავი კი ასაკოვანი კანისთვის უფრო საჭიროა. დამატენიანებელს დღისით მოიხმარენ, მკვებავს კი – ღამით, ძილის წინ. დღის კრემის მთავარი ფუნქცია არის დაცვა და დატენიანება, ღამის კრემის კი – კვება. კანისთვის ორივე ტიპის კრემია საჭირო, ამიტომ კარგი იქნება მათი კომბინირებულად გამოყენება. წაისვით დღისით დამატენიანებელი, ღამით – მკვებავი.

კრემის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია კანის ტიპი. მშრალი კანი უფრო მეტად საჭიროებს ვიტამინებით მდიდარ მკვებავს. ასევე კოლაგენის, ჰიალურონის მჟავის, ელასტინის შემცველ კრემს. ასაკოვანი კანი კი – ანტიასაკობრივ კრემს, წყლის მინიმალური შემცველობით. ცხიმიანი, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანი – ვიტამინიზებულ, ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე დამზადებულ კრემს, რომელსაც ცხიმის ნაკლები შემცველობა ექნება. ნორმალური ტიპის კანისთვის კარგია მსუბუქი დამატენიანებელი. კომბინირებული კანი, ყველაზე რთული შემთხვევაა, რადგან სახის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. თუმცა, ასევე არსებობს სპეციალური კრემები ამ ტიპის კანისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი