როგორ უნდა მოამზადოთ სახლის პირობებში სკრაბები და კრემები გაუხეშებული და დამსკდარი ქუსლებისთვის
ავტორი: ანი რევია 11:00
მოდის სეზონი, როცა დახურულიდან ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ და ამ დროს ფეხის ტერფები, ქუსლები და თითები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც სახლის პირობებში მოგირჩენთ ნახეთქებს, დაარბილებს გაუხეშებულ კანს და თქვენს ტერფებს ნაზსა და გლუვს გახდის.
ლიმონი, მარილი, გლიცერინი და ვარდის წყალი – ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ნახევარი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი გლიცერინი და 2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი. ჩაყავით ფეხები წყალში 20 წუთით. შემდეგ, ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები პემზის ქვით. ცალკე ჯამში გააკეთეთ შემდეგი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ გლიცერინს დაუმატეთ ვარდის წყალი და ლიმონის წვენი. ეს ნიღაბი დაიდეთ ფეხის ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით კი ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-4-ჯერ.
ვაზელინი და ლიმონის წვენი – ჩაყავით ფეხები თბილ წყალში 15 წუთით. შემდეგ, გაიმშრალეთ. ერთმანეთში აურიეთ ერთი ჩაის კოვზი ვაზელინი და 1 ცალი ლიმონის წვენი და მიღებული ნარევი წაისვით ტერფებზე, ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თაფლი – თასში ჩაასხით 4-5 ლიტრი თბილი წყალი, დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი. ჩაყავით ფეხები 20 წუთი და შემდეგ გაიხეხეთ პემზით. გადაივლეთ წყალი და კარგად შეიმშრალეთ. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი.
ბრინჯის სკრაბი – 3 სადილის კოვზ დაფქულ ბრინჯს დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, ვაშლის ძმარი და ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ, უნდა მიიღოთ სქელი მასა. ფეხები 10 წუთით ჩაყავით თბილ წყალში. შემდეგ ტერფებზე წაისვით მომზადებული მასა, როგორც სკრაბი და ჩამოიბანეთ.
ზეითუნის ზეთისა და ლიმონის კრემი – ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის კოვზი თბილი წყალი. კარგად აურიეთ. წაისვით დილა-საღამოს ქუსლებზე, ტერფებზე და ფეხის თითებზე.
რძის აბაზანა – გაავსეთ თასი ცხელი წყლით, ჩაამატეთ 1 ჭიქა რძე, 50 მილილიტრი თხევადი საპონი, 3 სადილის კოვზი ზღვის მარილი და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ აბაზანაში ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კარგად გაიმშრალეთ და შეიზილეთ ფეხის კრემი.
აბაზანა სოდით – გაავსეთ თასი თბილი წყლით და ჩაამატეთ, დაახლოებით, 3 სადილის კოვზი სოდა. ჩააწყვეთ ფეხები 15 წუთით, შემდეგ სპეციალური სახეხი პემზის ქვით მსუბუქად გაიხეხეთ ქუსლები, კარგად შეიმშრალეთ და ბოლოს შეიზილეთ ფეხის კრემი.
კვერცხის ნიღაბი – 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა სქლად დაიდეთ ქუსლებზე, 15 წუთის შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ შეიზილეთ მკვებავი კრემი.
ალოეს ნიღაბი – 100 გრამი ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, შემდეგ დააბლენდერეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. მიღებული მასა სქლად დაიდეთ ქუსლებზე, 1 საათის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
პროცედურები ჩაიტარეთ, ქუსლების სრულ გაჯანსაღებამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




