რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ მშრალი კანისთვის მკვებავი კრემი და ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები

№49

ავტორი: ანი რევია 11:00 15.12, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მშრალი ტიპის კანს ცივ სეზონზე განსაკუთრებული დისკომფორტი ახლავს, კერძოდ: სიწითლე, ბზარები, ქავილი და ასე შემდეგ. კანის სიმშრალე ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ზოგჯერ ასაკთან ერთად მოდის. მშრალი ტიპის კანი უფრო მალე ბერდება, ამიტომ ფაქიზი მოვლა სჭირდება - დატენიანება, ვიტამინებით გამოკვება.

სახის მკვებავი კრემები, რომლებიც დღეს ბაზარზე უხვადაა, სხვადასხვა სახის ვიტამინებთან, მინერალებთან, ქიმიურ დანამატებთან და არომატიზატორებთან ერთად, კონსერვანტებითაცაა გაჯერებული, რაც სახის კანზე არც თუ დადებითად მოქმედებს. ამიტომ, გირჩევთ, მკვებავი კრემი სახლის პირობებში დაამზადოთ და დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში რეგულარულად გამოიყენოთ.

მკვებავი კრემისთვის დაგჭირდებათ: 10-10 კაფსულა A და E ვიტამინი, 50 მილილიტრი გლიცერინი ან ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი გახეხილი თაფლის სანთელი. კრემი კი, ასე უნდა მოამზადოთ: ჩაასხით ჭურჭელში ზეითუნის ზეთი ან გლიცერინი, ჩაყარეთ მასში გახეხილი სანთელი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. როგორც კი სანთელი გადნება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. ჩაამატეთ ვიტამინი. კარგად გათქვიფეთ, მოათავსეთ სახურავიან ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. მიღებული კრემი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღე. ის კარგი მკვებავია და დამატენიანებლის როლსაც ასრულებს. შედეგს კი მალევე დაინახავთ.

ასევე, ცხელი წყალი კანს ზედმეტად აშრობს, ამიტომ შეეცადეთ, სახე ცივი წყლით დაიბანოთ. გამორიცხეთ ძლიერმოქმედი საპნები. გამოიყენეთ დამატენიანებელი შხაპის გელი, რომელიც მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი. დაბანის შემდეგ გაიმშრალეთ და მაშინვე წაისვით დამატენიანებელი კრემი. თუ კანი ძალიან მშრალია და იქერცლება, გაშრობამდე წაისვით საბავშვო ნუშის ან E ვიტამინის შემცველი რომელიმე მინერალური ზეთი. ხშირი დაბანა მშრალი კანისთვის მავნებელია. უმჯობესია, დილით სახეზე მხოლოდ ცივი წყალი შეისხათ - გამოსაფხიზლებლად.

ზოგადად, დამატენიანებელი კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს კერამიდებს. ეს ინგრედიენტია კანს ტენიანობასაც უნარჩუნებს და დამამშვიდებლადაც მოქმედებს. კანს ტენიანობას უნარჩუნებს, ასევე, ჰიალურონის მჟავა, ლანოლინი, ვაზელინი, გლიცერინი, დიმეტიკონი, მინერალური ზეთი. ჩამოთვლილი ნითიერებები კანს იმ სითხეს უნარჩუნებს, რომელიც მან ბანაობისას მიიღო. ამიტომ მათი გამოყენება სწორედ დაბანის შემდეგ არის საჭირო.

კვების რაციონში შეიტანეთ თევზის პროდუქტები, თევზის ქონი, ომეგა 3, ნიგოზი, სტაფილო. თქვენი სახის კანისათვის აუცილებელია A და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. გახსოვდეთ, ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეთ, სწორი კვება, კარგი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება და მშვიდი გარემო ყველა ტიპის კანს სჭირდება.

აგრეთვე, მშრალი ტიპის კანისთვის, კარგია სეზონური ხილისა და ბოსტნეულის ნიღბებიც. ასე, კანს კვებავთ და ატენიანებთ. მაგალითად:

👉ავოკადო - საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა სახის კანისთვის. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი, წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ ასეთი ნიღაბი თვალშისაცემ ეფექტს მოგცემთ.

👉ანანასი - ანანასის ფაფა საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. ის კანს წმენდს, მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს აშორებს. მოჭერით ანანასის ნაჭერი, დააბლენდერეთ და სახეზე ნაზი მოძრაობით წაისვით. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.

👉გოგრა - გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ასევე, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებაში. გახეხეთ გოგრის რბილობი და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა