რჩევები

როგორ უნდა გათავისუფლდეთ ქერტლისგან სამუდამოდ

№23

ავტორი: ანი რევია 19:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ქერტლს, ძირითდად, სტრესი, არასწორი კვება, თავის კანის არასწორი მოვლა და არასწორად შერჩეული თმის დასაბანი საშუალებები იწვევს. იმისთვის, რომ ამ პრობლემას დააღწიოთ თავი, მისი გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოთ, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად: დაქვეითებული იმუნიტეტი, კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის დაავადებები, ჰორმონული დისბალანსი, არასწორი კვება, ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში, თავის კანის ზედმეტად გამოშრობა ან პირიქით, ცხიმიანობის გაძლიერება, თმის არასწორი მოვლა და გაშრობა დაბანის შემდეგ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მავნეა თმის გელების, ლაქებისა და საღებავის ხშირი გამოყენება.

ქერტლს რომ ებრძოლოთ, ამისთვის კომპლექსური მიდგომა დაგჭირდებათ, რაც ითვალისწინებს: იმუნიტეტის გაძლიერებას, გამომწვევი დაავადებების მკურნალობას, საკვები რაციონიდან ცხიმიანი, მწარე და მლაშე პროდუქტის გამორიცხვას, ყავისა და ალკოჰოლის შეზღუდვას. კვების რაციონში შეიტანეთ მეტი სეზონური ხილი და ბოსტნეული. ასევე, თმის დაბანის დროს გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო ხარისხიანი შამპუნები, მოერიდეთ თმის ფენით გაშრობას. სასარგებლოა თავის კანის გამაჯანსაღებელი ბუნებრივი საშუალებების – მცენარეული ნახარშების, ნიღბებისა და ზეთების გამოყენება.

* ქერტლის საწინააღმდეგო კვერცხის, ლიმონისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – ერთი ცალი ლიმონის წვენი და 2 კვერცხის გული ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თავის კანსა და თმის ძირებში. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ შამპუნის გარეშე, თბილი წყლით, ჩამოიბანეთ. აღნიშნული პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

* ხახვის, არყისა და აბუსალათინის ზეთის ნიღაბი – გახეხეთ ხახვი და გაწურეთ დოლბანდში. 1 სადილის კოვზ წვენს დაამატეთ 2 სადილის კოვზი არაყი, 1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი და მიღებული მასა თმის ძირებში კარგად შეიზილეთ. შემდეგ შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის თხელი ფენითა და პირსახოცით. 1 საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით. ხახვის სუნის გასაქრობად თმაზე ლიმონის წვენი გადაივლეთ. ეს ნიღაბი განსაკუთრებით სწრაფად იმოქმედებს, თუ პროცედურას კვირაში ორჯერ გაიმეორებთ.

* თაფლის, მწვანე ხახვისა და კვერცხის ნიღაბი – 1 კვერცხის გული, 2 სადილის კოვზი დაბლენდერებული მწვანე ხახვი და 2 სადილის კოვზი თაფლი ერთმანეთში აურიეთ. მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თავის კანზე და 10 წუთის განმავლობაში თითებით თავის კანის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ თავი პოლიეთილენის თხელი ფენითა და პირსახოცით შეიფუთეთ. 40 წუთის შემდეგ კი, კარგად ჩამოიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით.

ასევე, კარგია ზეთების გამოყენება:

* აბუსალათინის ზეთი – დაბანამდე ნახევარი საათით ადრე თავის კანზე შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი და 10 წუთის განმავლობაში თითებით გაიკეთეთ თავის კანის მსუბუქი მასაჟი, ხოლო შემდეგ თავი თბილი წყლითა და შამპუნით დაიბანეთ.

* ზეითუნის ზეთი – გაიკეთეთ თავის მასაჟი ზეითუნის ზეთით, შემდეგ პირსახოცით შეიფუთეთ და გაიჩერეთ კი 30 წუთის განმავლობაში. აღნიშნული პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. კარგი იქნება, თუ კურსს ყოველთვე გაიმეორებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი