რჩევები

რატომ უნდა შეარჩიოთ თმის საღებავი კანის ბუნებრივი ფერის მიხედვით

№48

ავტორი: ანი რევია 11:00 08.12, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

ფერის მიხედვით, არსებობს ორი ტიპის კანი, თბილი და ცივი ტონალობის. ცივი ტონალობის კანის ფერის მქონე ადამიანებს ნაცრისფერი, ლურჯი, შავი ან მუქი ყავისფერი თვალები აქვთ, თბილი ტონალობის კანის ფერის მქონე ადამიანებს კი მწვანე, ჭაობისფერი, ღია ყავისფერი ან თაფლისფერი.

თმის შეღებვისას, როცა ფერის არჩევაზე მიდგება საქმე, ბევრს ავიწყდება იმის გათვალისწინება, როგორი ტონალობისაა მათი კანი. მაგალითად, პლატინისფერი ქერა, რომელიც ნაცრისფერთვალებიან ადამიანს უხდება, თაფლისფერ თვალებს საერთოდ არ შეეფერება.

თუ გსურთ, გაარკვიოთ, რომელი ტიპის კანს რომელი ფერის თმა მოუხდება, მაშინ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს დაარკვირდით.

ცივი ტონალობის კანისთვის

პლატინისფერი ქერა: ეს ფერი იმ ქალებს უხდებათ, რომელთაც ცივი ტონალობის კანი ან თვალები აქვთ. ასეთი ფერის მიღება თმას უჭირს. გარდა ამისა, ასეთ ღია ფერის თმაზე წამოზრდილი მუქი თმის ძირები ძალიან შესამჩნევია და შეღებვა ხშირად მოგიწევთ, რაც თმის სტრუქტურას აზიანებს.

ღია პლატინისფერი, ფერფლისფერ-ყავისფერი: ამ ფერის უპირატესობა ისაა, რომ ოქროსფერ და მოყვითალო ტონალობებს არ შეიცავს. თუ თქვენი ნატურალური თმა ქერა ამ ყავისფერია, ამ ფერის მიღება სახლის პირობებშიც საკმაოდ მარტივია.

მუქი ყავისფერი: ძალიან მუქი ყავისფერი, ოქროსფერი და მოყვითალო ტონალობების გარეშე იმ ადამიანებს უხდებათ, ვისაც ძალიან მუქი თმა აქვთ, მაგრამ შავად შეღებვა არ უნდათ.

თბილი ტონალობის კანისთვის

ოქროსფერი ქერა: მდიდრული, მბრწყინავი ფერი, როგორც წესი, სახის კანის ფერს ძალიან აცოცხლებს. თუმცა, ამ ფერის მიღება საკმაოდ რთულია.

კარამელი: ეს ფერი ღია ტონალობის მქონე ადამიანებს უხდებათ.

სპილენძისფერი: მბზინავი, მდიდრული და თვალშისაცემი ტონალობაა. თუმცა, მისი მოვლა საკმაოდ რთულია.

ძალიან მუქი ყავისფერი: უხდება თაფლისფერ თვალებს და ეს ფერი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნამდვილი შავი ფერის თმა, რომელიც ამ ფერის თვალების მქონე ადამიანების უმეტესობას აქვთ.

ორივე ტონალობის კანისთვის

წაბლისფერი: ერთნაირად უხდება როგორც თბილი, ასევე ცივი ტონალობის კანის ფერის მქონე ადამიანებს. სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა ფერის „წაბლისფერი“ აქვს, ზოგს – „ფერფლისფერი“ ტონალობებით, ზოგს – „ოქროსფერი“ ტონალობებით. ამიტომ, ამ ფერის არჩევისას ყურადღებით დააკვირდით კატალოგში მოცემულ ფერს. მაგალითად, თუ ღია ტონალობის კანის ფერი გაქვთ, ოქროსფერი ტონებით უნდა აარჩიოთ.

მაჰაგონი: ორივე ტიპის კანის ფერს უხდება, ოღონდ, საშუალო ტონალობის ყავისფერი, წითელი ტონალობებით.

მუქი შოკოლადისფერი: საკმაოდ მდიდრული ფერია, თუმცა, მისი შენარჩუნება საკმაოდ რთულია, რადგან სჭირდება მუდმივი ყურადღება – ხშირი განახლება-ღებვა და მოვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა