რჩევები

გამომშრალი კანის დამატენიანებელი ნიღბები

№13

ავტორი: ანი რევია 11:00 04.04

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მშრალი კანი ყველაზე პრობლემურია, რადგან ნაოჭებისკენ აქვს მიდრეკილება. ამ პრობლემის მოგვარებაში ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები დაგეხმარებათ. ხოლო ნიღაბი რომ ეფექტური იყოს, ის აუცილებლად სუფთა სახეზე უნდა დაიტანოთ. პირველი ფენის წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ნიღბის შეშრობის მერე, მასა ხელმეორედ გადაისვით. ეს პროცედურა 3-4 ჯერ გაიმეორეთ.

სანამ ნიღბებს გაიკეთებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხართ თუ არა ალერგიული იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ნიღბისთვის იყენებთ.

რძის ნიღაბი – ძილის წინ, სანამ მკვებავ კრემს წაისვამთ, შეგიძლიათ, სახეზე ნატურალური რძის ნიღაბი გაიკეთოთ: დაასველეთ ბამბის ტამპონი რძეში და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და შედეგს თავად დაინახავთ.

ყავის, თაფლისა და კვერცხის ნიღაბი – ნახევარი ჩაის კოვზი უნალექო ყავა, ერთი კვერცხის გული და ერთი ჩაის კოვზი თაფლი ერთმანეთში შეურიეთ და სახეზე გაიჩერეთ – 15 წუთიდან ერთ საათამდე. შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ფორთოხლის, კვერცხისა და ლიმონის ნიღაბი – ერთი ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, ერთი კვერცხის გული და 20 წვეთი ლიმონის წვენი ერთმანეთს შეურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ფრთხილად შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

რძის, ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი – ერთი სადილის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ოდნავ შეათბეთ; შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ხაჭო და სახეზე დაიფინეთ. 20 წუთის მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასევე, ძალიან კარგია ახლად შემოსული ხილის ნიღბები. სახის კანისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა მარწყვის, ატმისა და ვაშლის. გამოიყენეთ ბოსტნეულიც. მაგალითად, ძალიან კარგია კიტრის საფენები, ნიახურის ფაფის ნიღაბი, ნესვისა და ბანანის წასმა. სამი ნაერთის – ბანანის, ნესვის და ატმის კომბინაცია, კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ის ხავერდოვანს ხდის თქვენს კანს.

კიტრის ნიღაბი – წვრილ სახეხზე გახეხეთ კიტრი, დაუმატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და არაჟანი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კარტოფილის ნიღაბი – მოამზადეთ კარტოფილის პიურე – 1 ცალი კარტოფილის პიურეს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ცხელი რძე და 1 კვერცხის გული. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.

ვაშლის ნიღაბი – გახეხეთ 2 ცალი ვაშლი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფქვილი და 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა. გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გოგრის ნიღაბი – 2 სადილის კოვზ მოხარშულ გოგრის რბილობს, დაუმატეთ ორ-ორი სადილის კოვზი კრაზანისა და ფარსმანდუკის ნახარში. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი თხელ ფენად წაისვით სახესა და კისერზე. 15-20 წუთის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ.

კვერცხის, ბანანის, თაფლისა და ფქვილის ნიღაბი – ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ცალი გახეხილი ბანანი და 2 ჩაის კოვზი ფქვილი. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა