შეაჩერეთ თვალის გარშემო ნაოჭების გაჩენა
ავტორი: ანი რევია 12:00 07.10
კანი თვალების ირგვლივ ნაზი, თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად მოვლა. ასაკის მატებასთან ერთად, კერძოდ, 30 წლის შემდეგ ჩნდება პირველი მიმიკური ნაოჭები, შეშუპება და შავი ლაქები, რომელიც არასწორი ცხოვრების წესის შედეგია, მაგალითად: ქრონიკული უძილობის, არასწორი კვების, დამცავი სათვალის გარეშე მზეზე ან ქარში დიდხანს ყოფნის და ასე შემდეგ.
პირველი ასაკობრივი ცვლილებების მოსაშორებლად აუცილებელია კანის ამ მიდამოს სისტემატური მოვლა, კერძოდ, გულდასმით გასუფთავება და რეგულარული კვება.
მაკიაჟის მოშორების შემდეგ გამოიყენეთ თვალის კანის მატონიზებელი სპეციალური ტონიკები. გასუფთავებისა და ტონიზაციის შემდეგ კი თვალების ირგვლივ კრემი წაისვით. ამ ადგილებში სისტემატურად მოუარეთ კანს. არასდროს დაიძინოთ შეღებილი თვალებითა და წამწამებით. ასევე, ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი თვალის ირგვლივ კანის მოვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ ამ მიდამოსთვის განკუთვნილი მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური რძით. ბამბის ტამპონით ძალიან ფრთხილად და ნაზად ჩამოიშორეთ კოსმეტიკური საშუალებები ისე, რომ კანი არ დაჭიმოთ. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს, რადგან ის არა მარტო გამოაშრობს, შეიძლება, გააღიზიანოს კიდეც კანი.
30 წლის შემდეგ აუცილებელია კრემების, ლოსიონებისა და გელების გამოყენება. ამიტომ, შეარჩიეთ თქვენთვის შეასაფერისი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებსა და კანის სიწითლეს.
თვალის გარშემო ნაოჭების შესაჩერებლად, უმჯობესია, იხმაროთ მკვებავი კრემები, შეშუპებისკენ მიდრეკილებისას კი – მსუბუქი, დამატენიანებელი გელი. კრემი ან გელი წაისვით თითების მსუბუქი მოძრაობით, თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირის მიმართულებით, ზედა ქუთუთოზე კი საპირისპირო მიმართულებით. ზოგადად, კანის გულდასმით გასუფთავება და ხარისხიანი კრემის რეგულარული გამოყენება ნაოჭების პროფილაქტიკისა და უკვე არსებულის შემცირების აუცილებელი ღონისძიებაა.
თვალების ირგვლივ კანის მოვლა გულისხმობს სხვადასხვაგვარი მკვებავი ნიღბისა და დამამშვიდებელი კომპრესის გამოყენებასაც. ამისთვის კი სალონში ფულისა და დროის ხარჯვა სულ არ არის აუცილებელი. ყველაფრის შინ მომზადებაც შეიძლება, თანაც ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან.
კარტოფილის ნიღაბი – უმი, გახეხილი კარტოფილის ფაფა დაიდეთ თვალების ირგვლივ 20 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. ნიღაბი ამშვიდებს, ამცირებს შეშუპებას და ხსნის კანის სიწითლეს.
ზეთოვანი ნიღაბი – ძილის წინ კრემის ნაცვლად წაისვით ნებისმიერი ზეთი. ზეთი ასწორებს და კვებავს კანს, ამცირებს ნაოჭებს.
* 1 ჩაის კოვზი ბანანის რბილობი შეურიეთ ამდენივე ნაღების კარაქს, წაისვით თვალების ირგვლივ და ნახევარი საათის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა, ინტენსიურად აჩერებს ნაოჭების განვითარებას;
* მუქი ჩაის ან გვირილის ნაყენის კომპრესები კანის მატონიზებელი, შესანიშნავი საშუალებაა. ამცირებს შეშუპებას და დაღლილობის კვალს. ბამბის ტამპონი დაასველეთ ნაყენში, გაწურეთ და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით.
თვალების ირგვლივ შავი ჩრდილების მოსაშორებლად, შეარჩიეთ კრემი რეტინოლის, პეპტიდებისა და C ვიტამინის შემცველობით. თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, გამოიყენეთ კოფეინის შემცველი კრემი. ეს ერთდროულად ორ პრობლემას მოხსნის – შეამცირებს შეშუპებას და შავ რგოლებს.
თუ თვალების ირგვლივ კანი ძალიან მშრალია, იქერცლება, წითლდება, აირჩიეთ დამატენიანებელკომპონენტებიანი კრემი. ამ პრობლემებს გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველობა გაუმკლავდება.
წვრილი ნაოჭების არსებობისას გამოიყენეთ კრემი პეპტიდებითა და თუთიით. პეპტიდები კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას უწყობს ხელს, თუთია ეხმარება კანს უჯრედების განახლებაში და ელასტინის გამომუშავების სტიმულატორებს მიეკუთვნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



