პოლიტიკა

ჟამი ახალი გადანაწილებისა

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 25.01

ჟამი ახალი
გადანაწილებისა
დაკოპირებულია

ანუ ცოცხალი პოლიტკარიკატურები

მართალია, არც ბაიდენია რუზველტი და არც პუტინი - სტალინი, ჩერჩილის კომიკური პროტოტიპი კი საერთოდაც არ ჩანს ჰორიზონტზე, ფაქტი ფაქტად რჩება: აშშ და რფ მოლაპარაკებას შეძლებენ, ყოველ შემთხვევაში ისე მაინც, რომ ერთმანეთს არ ესროლონ. არადა სადავო და გასარკვევი, მართლაც, აქვთ, რუსეთმა „ნატოს“ ულტიმატუმი წაუყენა და გაფართოება, ფაქტობრივად, აუკრძალა; და, მართალია, „ნატო“ გამოეპასუხა, ჩვენს საქმეებში ნურავინ და ვერავინ ჩაერევაო, ხოლო, თავის მხრივ, „ნატოს“ ყოფილმა გენმდივანმა რასმუსენმა განაცხადა, თუ რუსეთი უკრაინასთან ომს განაახლებს, წარმოუდგენლად მაღალი საფასურის გადახდა მოუწევთო, თუმცა არ დაუკონკრეტებია საფასურის სიმაღლე.

ჩვენ არ ვიცით, შეშინდება თუ არა პრ.-ი პუტინი „ნატოს“ ყოფილი გენმდივნის გაფრთხილებით, მაგრამ, რაკი სწორედ ყოფილობის გამოა ბ-ნი რასმუსენის ნააზრევი საინტერესო (მას შეუძლია, თქვას ის, რასაც ვერ იტყვის მოქმედი გენმდივანი), აქვე მის მორიგ მოსაზრებასაც შემოგთავაზებთ (მომყავს ციტატა): „...რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო, აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ...ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე“.

სხვა საქმეა, დაგვეკითხება თუ არა ვინმე აზრს, მაგრამ ყოფილისგან ეს შეთავაზება შესაძლოა, იყოს წინადადება: ა) რის გამოც (ანუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე) საქართველო და უკრაინა „ნატოში“ გაწევრიანებაზე თავად იტყვიან უარს (რაც რუსეთისთვის ხელსაყრელია და „ნატოც“ სახეს შეინარჩუნებს); ბ) ან რის მიხედვითაც, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებს, უბრალოდ, გაინაწილებენ, ანუ ოკუპირებული და ანექსირებულ- მითვისებული რუსეთს დარჩება, დანარჩენი – დასავლეთს (თუმცა, ვეჭვობ, პრ.-ი პუტინი ამ წინადადებას დათანხმდეს).

ჩვენი მდგომარეობა (ანუ დახლზე დადებულის), ბუნებრივია, ტრაგიკულია, თუმცა პირადად მე გულს ის მიკეთებს, რომ, თუმცა იალტის შეხვედრის მსგავსი ვითარება მეორდება (როდესაც სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა) გადაინაწილეს ნაალაფარი ტერიტორიები, ამჟამინდელი გადამნაწილებლები ფრჩხილებში ხსენებულთა ფრჩხილადაც არ ღირან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი