შორით წვა და შორით დაგვა...
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
ანუ დესერტად თუ ჩამოატარებით?!
მას შემდეგ, რაც ბ-ნებმა, უიტკოფმა და კუშნერმა, მოსკოვი და კიევი მოიარეს, თვით ტრამპი და პუტინი ესაუბრნენ ერთმანეთს ტელეფონით და თუმცა, ბუნებრივია, მათი საუბრის დაწვრილებით შინაარსს არავინ გვიამბობს, გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი ფრიად კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი იყო, სახელდობრ, თითქოს დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულება თავის საპრეზიდენტო ვადაში ისურვა, ისევე, როგორც რფ-აშშ-ს ურთიერთობების მკვეთრი გაუმჯობესება.
მეტიც, ნოემბერში პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო სამმხრივი შეხვედრის ამბავიც განუხილავთ და რუსეთის პრეზიდენტს ისიც კი უთქვამს, რომ ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა ევროპა კარგა ხანია, მებრძვისო.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ალასკაზე შეხვედრის დეტალები, არც ის ვიცით, რა წაიღ-წამოიღეს ზემოხსებულმა ბატონებმა და, მით უმეტეს, რაზე თანხმდებიან თუ ვაჭრობენ ოკეანისგაღმელი და ჩრდილოელი, თუმცა, თუ უკრაინის „რადას“ დეპუტატ ანა სკოროხოდოვას ვერწმუნებით, ტრამპის წარმომადგენელთა მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი სამშვიდობო პირობები ბევრად უარესია, ვიდრე წინა შემოთავაზებები. სავარაუდოდ, ამ მოსაზრებაში ჩანს რაციონალური მარცვალი, ვინაიდან, ლოგიკურად, როგორც წესი, რაც დრო გადის, მით უფრო უარესდება შეთავაზების პირობები. იმასაც კი ამბობენ, რომ ტრამპი საერთოდაც კიევისგან მოითხოვს, რომ კონსტიტუციით ცნონ დაკარგულად ის ტერიტორიები, რომლებსაც ამჟამად ვერ აკონტროლებენ.
ასეა თუ სხვაგვარად, რაკი, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან მხარე არ არის, მას იმ მაგიდაზე მხოლოდ კერძის როლი აქვს, ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესოა, სახელდობრ ჩვენ რომელში ვიგულისმხმებით და ისიც, ბოლოს და ბოლოს, დესერტად განგვიხილავენ თუ შილასავით ჩამოტარებით?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





