პოლიტიკა

არის თუ არა სადერეფნო ფუნქცია მიმდინარე გადანაწილების პროცესში საკმარისი საქართველოს გადასარჩენად

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00

დავით კუხალაშვილი
დაკოპირებულია

უკვე გამოკვეთილია ის სახელმწიფობი, რომელთა ინტერესებიც აშკარაა სამხრეთ კავკასიისა და, განსაკუთრებით, საქართველოსადმი. რა ტიპის ინტერესები იკვეთება რეგიონში და უშველის თუ არა საქართველოს მხოლოდ სადერეფნო ფუნქცია, ანუ გეოგრაფია თავისი ადგილის დამკვიდრებასა და მეტ-ნაკლები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში? – ამ თემას უსაფრთხოების ექსპერტ დავით კუხალაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს თავის გადასარჩენად?

– უპირველესად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება თავის დამკვიდრება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ არასწორ ნაბიჯს გადადგამს, ანუ, თუ რომელიმე სახელმწიფოს ან ბლოკს აშკარად მიემხრობა. ამ მხრივ, ვფიქრობ, ის პოლიტიკა, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ძალიან მომგებიანია საქართველოსათვის, მათ შორის, გამოსადეგია იმ ვითარებისთვისაც კი, როდესაც დასრულდება მსოფლიო გადანაწილების პროცესი და, შესაბამისად, საქართველო აღმოჩნდება რომელიღაც კონკრეტული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების კონკრეტული ზეგავლენის ქვეშ. ასე რომ, ვფიქრობ, მისი სიფრთხილის პოლიტიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა დაიცვას საქართველოს ხელისუფლებამ.

– გასაგებია, რომ აქ იკვეთება ჩინეთის, რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, თურქეთის, ირანის ინტერესები, ვიცი ინტერესია წამყვანი და რეგიონულ სახელმწიფოებსაც თუ შეუძლიათ თავიანთი ნატეხის მიღება სამხრეთ კავკასიიდან?

– აუცილებლად უნდა გამოვყოთ სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ დომინირების შესაძლებლობა და, ასევე, სახელმწიფოები, რომლებიც იქნებიან ამ დომინანტი სახელმწიფოების სტრატეგიული პარტნიორები. ამ კუთხით თუ შევხედავთ პროცესებს, საკმაოდ რთული ვითარებაა და მაინც ყველაფერი დამოკიდებული იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის დასრულებაზე. გამარჯვებული მხარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვან უპირატეს როლში აღმოჩნდება.

– ვის გულისხმობთ გამარჯვებულ მხარეში? ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები სამხრეთ კავკასიაში ჰარმონიულია თუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?

– ერთი რამ უნდა დავიმახსოვროთ, ჩვენი ტიპის და, მათ შორის, უკრაინის ტიპის სახელმწიფოებს ყოველთვის იყენებენ, როგორც სავაჭრო სივრცეს და ძალიან მარტივია ხოლმე მოლაპარაკებები ამ სივრცეების შესახებ, როგორც კი კონკრეტული ტიპის, მათ შორის, ეკონომიკური სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ამა თუ იმ ქვეყნის მიერ. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 1921 წელს საქართველოსადმი განხორციელებული ქმედებები და ეს არ არის მარტო საქართველოსადმი განხორციელებული ქმედებები; იგულისხმება ყველა იმ სახელმწიფოსადმი განხორციელებული ქმედება, რომლებიც, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდნენ საბჭოთა კავშირის ერთიან სივრცეში. ამდენად, ჩვენ უფრო სიღრმისეული დაფიქრება გვმართებს, ვის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ჩვენზე ზეგავლენა იქონიოს. შესაბამისად, ჩვენი ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მაღალი სიფრთხილით, მაგრამ აუცილებლად არსებობს აშკარა ნაბიჯები და არსებობს ფარული ნაბიჯები. სახელმწიფო ფლობს ინფორმაციულ ნაკადებს, მათ შორის, სრულიად საიდუმლო ინფორმაციაც არსებობს და ამ საიდუმლო ინფორმაციით უნდა განსაზღვროს ის კონკრეტული ნაბიჯები, რიმლებითაც მან სვლა უნდა გააგრძელოს.

– ფიქრობთ, რომ ჩვენთან არის ასეთი ინტელექტუალური პოტენციალი?

– მე ვფიქრობ, რომ ინტელექტუალური პოტენციალიც არსებობს და, ასევე, შექმნილია ის ვითარება, რომელიც ჩვენ რთულად გვეჩვენება და რეალურადაც ასეა, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე ერთგვარად დადებითად აისახება. იქიდან გამომდინარე, რომ მეტად მაღალია ინტერესები და უცხო სახელმწიფოთა ინტერესთა კონფლიქტი საქართველოსადმი, განსაკუთრებით, დომინანტი სახელმწიფოების მხრიდან, გარკვეული უსაფრთხოების ბალანსსაც ქმნის.

– რაც მე ვაკვირდები, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისე ლაგდება ხოლმე ჩვენ გარშემო ვითარება, ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რომ ირიბად ჩვენს უსაფრთხოებას უწყობს ხელს. ეს გეოგრაფიაა თუ ბედისწერა?

– ყველაფერი ერთად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ასევე, მუშაობს ის სწორი ნაბიჯები საერთაშორისო ასპარეზზე და სწორი დამოკიდებულებები, რომელსაც მიჰყვება ხელისუფლება. ეს რომ არა, დამერწმუნეთ, ჩვენ დღეს უკრაინაზე გამოუვალ მდგომარეობაში ვიქნებოდით და ჩვენ ამის პრაქტიკული მაგალითი ვნახეთ 2008 წელს. ალბათ, უბრალოდ სივრცეები არ იყო საკმარისი, თორემ სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ჩვენი ქვეყანაც გამხდარიყო იმ პოლიგონად, როგორ პოლიგონადაც იქცა დღეს უკრაინა და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ზოგადად პროპაგანდა ამბობს. უკრაინა, ფაქტობრივად, არის ყველა ამ პროცესში ჩართული ქვეყნის როგორც სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური, ისე სამხედრო ტაქტიკური მომზადებისა და სამხედრო იარაღის გამოცდის მნიშვნელოვანი პოლიგონი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოებმა ამ საომარი მოქმედებების დროს უტილიზაციის მნიშვნელოვანი პროცესი უმტკივნებულოდ და უპრობლემოდ ჩაატარეს და ძალიან ბევრი სახელმწიფოს ძალიან ბევრი სტრატეგიული მიზანი და ამოცანა აღსრულდა. ამიტომ ვიმეორებ, რომ ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გარეგნულად ჩანდეს, რომ გარკვეულწილად მშვიდი ფაზა დაიწყო, მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან მშვიდი ფაზის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ შესაძლებელია, წინა პლანზე წამოიწიოს პარტიზანულ-ტერორისტული მოძრაობები. ამასთან, შესაძლებელია, რომ ომში გამარჯვებულმა სახელმწიფომ შურისძიების აქტებიც კი განახორციელოს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ საომარ კონფლიქტში.

– რომელ მხარეს გულისხმობთ?

– რუსეთის წინააღმდეგ. ვინაიდან არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც დღეს აქტიურად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, მშვიდი ფაზის დადგომის შემდეგ უცხო ქვეყნების საფარქვეშ, მნიშვნელოვნად დააზიანებენ სამიზნე სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას.

– ომის დასრულების შემდეგ ამდენი ფსიქიკაშერყეული ადამიანი არ შეუქმნის პრობლემას ევროკავშირის ქვეყნებს? მხოლოდ რუსეთისთვის იქნება ეს საფრთხე?

– ვერ ვიტყვი, რომ ევროკავშირი მხოლოდ რუსეთის მხრიდან არის სამიზნე ობიექტი. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ დადებითიი განწყობა ევროკავშირისადმი. ასევე, გასარკვევია საკითხია, რამდენად უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები მხარს, ზოგადად, ევროკავშირს და რამდენად არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ევროკავშირის არსებობა და ეს, ალბათ, განიხილეს იმ სავაჭრო პაკეტში და კიდევ, ალბათ, სხვა საკითხებსაც განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდმა ბრიტანეთმა საკმაოდ დიდი ხნის წინათ დატოვა ევროკავშირი. მით უფრო, იმ რეპუტაციული ზიანის ფონზე, რაც მიადგა ევროკავშირს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის დაუმორჩილებლობით. ასევე, ვფიქრობ, რომ იმ უაზრო ვალდებულებების დაწესებით, რომლებიც შესაძლებელი იყო, არ დაეწესებინათ, მათ კიდევ უფრო გაირთულეს თავიანთი მდგომარეობა. ვიმეორებ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ სავაჭრო პაკეტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი განიხილავენ. ამას გარდა, ჩვენ გვახსოვს ერთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად კონსპირაციული შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ წინ არის.

– და ეს მხოლოდ უკრაინის საკითხი არ იყო?

– ისეთი ტიპის სახელმწიფოები, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ასე შემდეგ არასდროს განიხილავენ მხოლოდ ერთ მიმართულებას. ეს არის პროცესების გლობალური განხილვა და, შესაბამისად, უფრო მასშტაბურია.

– რედკლიფის მოსკოვში ჩასვლით ჩაინიშნა უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან?

– არა მარტო. ეს ერთ-ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, იქნებოდა. იმიტომ რომ ეს შეხვედრა, სულ მცირე, იმიჯის თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ, როგორც გითხარით, საკითხები განიხილება უფრო გლობალურად და ღმერთმა უწყის რომელი სახელმწიფოები, სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გაერთიანებები იქნებიან სამიზნე ობიექტები ამ შეხვედრების დროს.

– ვთქვათ, ტრამპმა და პუტინმა მოილაპარაკეს უკრაინის ომის შესახებ, უკრაინის დათანხმება ასე იოლია მათ პირობებზე?

– ზოგადად, საომარი მოქმედებების დროს არის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ არა მარტო სამხედრო ძალები გადაიღალონ, არამედ გადაიღალოს საზოგადოება, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან იოლია საზოგადოებით მანიპულირება.

– და ჩაითვალა, რომ უკრაინელები დაიღალნენ, რაკი ასეთი შეხვედრა გაიმართა?

– შეიძლება, იფიქრეს, რომ უკრაინაში ხალხი უკვე დაღლილია. გარდა ამისა, ძალიან აქტიურად მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა და სწორედ ამ პროპაგანდისტული მანქანის დანიშნულება გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი აზრი, რაც შეიძლება, მობილიზებული იყოს ამ პროპაგანდის განმახორციელებელი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. ამდენად, ეს ელემენტიც მუშაობს და ვინც ამ სიტუაციაში გაიმარჯვებს, ის იქნება შემდეგ გამარჯვებული ყველა მოქმედების დროს. იმიტომ რომ ეს წმინდა სადაზვერვო პროპაგანდაა.

– პროპაგანდა არის ჩვენთანაც და 2000-ანი წლების დასაწყისიდან ძალიან იოლად მანიპულირებდნენ ჩვენი საზოგადოებით. ახლა რატომ ვერ ხერხდება იმავე ეფექტის მიღწევა ჩვენთან? დაუძველდათ მეთოდები?

– ჩვენთან დაკავშირებით პროპაგანდა კი არ შემცირებულა, არამედ, პირიქით, მასშტაბი გაიზარდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოქმედებს ძველებურად აქტიურად: გავიმეორებ, რაც უკვე მოგახსენეთ: გარკვეულწილად საქართველოში უსაფრთხოების ბალანსის დაცვა ხორციელდება, სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ინტერესების ფარგლებში მიმდინარეობს სადაზვერო პროპაგანდაც და ეს სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებული სადაზვერვო პროპაგანდა არის ურთიერთსაპირისპირო. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი მუშაობენ ერთმანეთის გასანეიტრალებლად, რაც ამ წუთისთვის საქართველოს ხელისუფლებისათვის და ზოგადად, საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი