რატომ შეიძლება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარებამ, სომხეთი ზანგეზურის სათადარიგო დერეფნის ამარა დატოვოს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის პირველი პირი აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მიმდებარედ სტრატეგიული დანიშნულების სოფლის გადაცემას დაჰპირდა, მოტივით, რომ ის ადრე აზერბაიჯანს ეკუთვნოდა, თუმცა, იმავდროულად შევიტყვეთ, რომ ირანული კომპანიები სომხეთთან მისასვლელ გვირაბსა და გზას აშენებენ, რაც 400 მილიონამდე დოლარი ჯდება და ამ თანხის ნახევარი სომხეთის მთავრობამ უნდა დაფაროს. ეს ორი ამბავი ბუნებრივად ბადებს კითხვას, როგორ უთავსდება სომხეთის ევროკავშირთან და აშშ-თან ბოლო დროს დამტკბარ ურთიერთობას მათ მოწინააღმდეგე ირანთან ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობა? თუმცა ეს გზა ბუნებრივად გულისხმობს ამ პროექტში საქართველოს ჩართულობასაც, – ამ თემაზე ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.
–როგორ შეუთავსდება ერთმანეთს სომხეთზე გამავალი ტრამპისა და ამის პარალელურად ირანთან დამაკავშირებელი ახალი გზა?
– როდესაც ამ გზას დაერქვა ტრამპის მარშრუტი და ხელშეკრულება გაფორმდა, სომხეთს სერიოზული მატერიალური დახმარება გაუწიეს ევროპელებმა. შემდეგ კი ამ მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შეერთებულმა შტატებმა დამატებით 200 მილიონი დოლარი გამოუყო სომხეთს. ასე რომ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე შემიძლია, მოვიყვანო არგუმენტები ამის სასარგებლოდაც და საწინააღმდეგოდაც. ფაქტია, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პოლიტიკურ ელიტასთან და სომხურ ლობებთან ერთად, ამერიკასა და ევროპაში მაქსიმალურად იყენებს მსოფლიოში არსებულ ვითარებას და განსაკუთრებულ როლს ანიჭებს ამ მარშრუტების მნიშვნელობას, ამიტომ არ ერიდება არავისთან ურთიერთობების არც გაფუჭებას და არც დალაგებასა და შეთანხმებებს. მისთვის ახლა მთავარია, რომ, რადგან ძალიან მალე საქართველო და, ზოგადად, სამხრეთ კავკასია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს და მისი ფასი ერთი ათასად გაიზრდება, სომხეთს უკვე ხელში ეჭიროს კონკრეტული ხელმოსაჭიდი ამუშავებული პროექტები, რომლებიც მას ამ თამაშის გარეთ არ დატოვებს. ამდენად, აზერბაიჯანელსაც დაელაპარაკება და რუსსაც დაელაპარაკა. მეტიც, როდესაც რუსებმა ღრენა დაუწყეს, მან თქვა, რომ გიუმრის ბაზის გაყვანაზე აუცილებლად ისაუბრებს, ჯერ კი ხელს არ გვიშლისო. ანუ მესიჯი გაუგზავნა რუსებს, რომ, თუ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებში ხელს შემიშლით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოა, ძირფესვიანად გაგიშვებთ სომხეთიდანო. ვიმეორებ, ფაშინიანის გვერდით არის სომხური ლობი ამერიკაში, მის გვერდით არის ევროპული სომხური ლობი და ეს არ მოხდებოდა, თავის დროზე თვითონ რომ რაციონალური გადაწყვეტილებები არ მიეღო: დემოკრატიული არჩევნები, საპარლამენტო რესპუბლიკა, სასულიერო პირებში ფესვგადგმული რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურასთან ბრძოლა... რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა და ამის შემდეგ გაჩნდა მის მიმართ ინტერესი.
– გასაგებია, რომ სომხური ლობები ლობირებს ხსენებულ პროექტსა და სომხეთს, ერევანში ჩატარდა ევროკავშირ-სომხეთის სამიტი, ზოგმა იმღერა, ზოგმა იცეკვა, ზოგმა დაუკრა, მაგრამ ირანთან ერევნის თანამშრომლობა როგორ უთავსდება ამ ყველაფერს?
– ყოველი შემთხვევისთვის, შევახსენებ თქვენს მკითხველს, რომ სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობა საუკუნეებს მოიცავს.
– და ეს ფაქტორია?
– სომხეთის სახელი, მისი ისტორია საერთაშორისო ასპარეზზე მეთორმეტე საუკუნეში ირანმა და რომის პაპმა გაიტანეს მსოფლიო ასპარეზზე. მეტიც, შაჰ აბასს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ რომის პაპთან და სწორედ ის იყო შუამავალი სომხეთსა და რომს შორის, შეიძლება, ვთქვათ, მშვიდობის მტრედი. მაშინ, როდესაც ჩვენ შაჰ აბასმა გადაგვიარა. მოკლედ, ირანში არის პოლიტიკური ელიტა, არა მარტო სულიერი ლიდერები და ირანის პოლიტიკური ელიტა, განსაკუთრებით, ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ფიქრობს, რომ, ხვალ თუ ზეგ, რელიგიური დიქტატურა დამთავრდება და საერთაშორისო საზოგადოებასთან, ცივილიზებულ დასავლეთთან ცივილიზებული ურთიერთობა უნდა დამყარდეს სომხეთისა და საქართველოს გავლით. ამიტომ ირანი ყველანაირად შეუწყობს ხელს სომხეთს, რომ ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებით განავითაროს. როდესაც ეს მოხდება, დალაგებული ირანი ჩვენც დაგველაპარაკება ამ თემებზე. ჯერჯერობით პირველი ეტაპია სომხეთთან ურთიერთობის დალაგება, რადგან ირანს აინტერესებს ორი მიმართულება: ერთია ჩრდილოეთის მარშრუტი, ირანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და მეორე – სასიცოცხლო მნიშვნელობის მარშრუტი დასავლეთისკენ და ამ ორივე გზამ უნდა გაიაროს საქართველოზე. ასე რომ, ახლა მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ატარებენ იმისთვის, რომ ხვალ ბევრად უფრო საინტერესო იყოს სომხეთი და, პირობითად, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებამ ის სათადარიგო მდგომარეობაში არ ჩააყენოს.
– სომხეთის ინტერესი გასაგებია, ვატიკანისაც, ევროკავშირისაც, ირანისაც, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ვერაფერი გავიგე, იმიტომ რომ სომხეთისკენ გზის გაჭრა და ამოქმედება ნიშნავს ირან-რუსეთის კავშირის შემჭიდროებასაც. არადა ტრამპის პროექტის მიზანი, ხომ ირანსა და რუსეთს შორის სამხრეთ კავკასიაზე გამავლი გზის გაწყვეტაა?
– რუსეთ-ირანის ურთიერთობა შემჭიდროვდება და გაფართოვდება თუ არა, ეს დამოკიდებულია საქართველოზე, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, გაიცინებს ვინმე ამაზე თუ არა, თუ საქართველო ამ ურთიერთობას თავის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურით არ გააძლიერებს, გინდა რუსმა მოინდომოს, გინდა – ირანელმა და გინდა – ამერიკელმა, ეს არ მოხდება. მეორე მხრივ, როგორ გგონიათ, ტრამპი არ ფიქრობს იმას, რომ შემდეგი ვადა ვერ იქნება პრეზიდენტი?! ამდენად, ისიც, უბრალოდ, ამზადებს ნიადაგს. ისინი საძირკველს ყრიან ნორმალური ირანისა და ნორმალური რუსეთის მომავალი ხელისუფლებების ურთიერთობისთვის დანარჩენ სამყაროსთან. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, დარწმუნებულები არიან, რომ ამ პროექტებს სამომავლოდ სავაჭროდ გამოიყენებენ. მე რომ ანგლოამერიკელი ვიყო და ის გავლენა მქონდეს მსოფლიოზე, რაც მათ დღეს აქვთ, ძალიან მარტივად დავალაპარაკებდი ქართველებს რუსებთან. უფრო სწორად, ამ თემაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდებოდი ქართველებთან და რუსებთან და შემდეგ ირანელებს ერთ-ერთ ულტიმატუმად, სავაჭროდ ამასაც წავუყენებდი. თუ გინდათ, დაგაკავშიროთ მდიდარ დასავლეთთან, ასე და ასე მოიქეცით, თუ არადა ქართველები არ გაგატარებენ. მაგრამ რაც შეეხება სომხეთს: ის წინასწარ იმზადებს ნიადაგს, იქცევს ყურადღებას და ქმნის ინფრასტრუქტურულ საფუძველს, რომ არ დარჩეს სათადარიგო ზანგეზურის დერეფნის ამარა.
– და სომხეთს აქვს ამხელა გავლენა და შესაძლებლობა?
– ზოგადად, აქვს იმხელა გავლენა და შესაძლებლობა, რომ თავისი ინტერესები გაატაროს. ბიშკეკში, „შოსის“ სამიტზე ფაშინიანი პუტინს შეხვდა. მისი ქცევა დამაჯერებელია. მისი გავლენის საფუძველია სომხური ინტერესი. მას არანაირი გავლენა არ ექნება, თუ ეს არ გააკეთა, მაგრამ, თუ ამას გააკეთებს, უკვე ხელდამშვენებულია. ის ამას გააკეთებს, თუნდაც, მარტო იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი იყოს და სომხეთს გავლენის საშუალება მისცეს, როგორც რეგიონში სერიოზულ მოთამაშეს; რომ რეგიონში თავი წარმოაჩინოს, როგორც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებმა. ირანთან გვირაბის მშენებლობისას თოფის სროლაზე არ არის ლაპარაკი?! რუსიც ვერ გაუბედავს თოფის სროლას, თუ გაუბედავს, მხოლოდ სიტყვიერად. კიდევ ვიმეორებ, დღეს თუ ხვალ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა დადგება დღის წესრიგში და ახლა, როდესაც რუსეთი ყელამდეა ჩართული უკრაინასთან ომში, კავკასიაში ახალი ფრონტის გახსნა მას არ უნდა.
მაგრამ კიდევ ვიმეორებ, უფლის ნებით და იმის დამსახურებით, რომ საუკუნეების განმავლობაში ძალიან ღირსეული წინაპრები გვყავდნენ, ძალიან გულწრფელები და, მართლაც, ღვთის მოშიშები და მორწმუნები, ამდენი საუკუნის შემდეგ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ ისე კეთდება საჩვენო საქმე, რომ ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ.
– დიახ, მეტად უცნაური ამბავია, ყველა რაღაცას ცდილობს, სქემებს აგებს, ჩვენ მხოლოდ იმას ვცდილობთ, არავის შევეხოთ და ჩვენ გარშემო ვითარება თავისით ლაგდება.
– არ მინდა, რელიგიური გადახრა გამომოვიდეს, მაგრამ, როდესაც უფალმა თავისი კვართის საქართველოში მოტანა დაუშვა, როდესაც ღვთისმშობლის კვართის აქ მოტანა დაუშვა, ესე იგი, უფალმა უკეთესად იცის, როგორი ხალხი ცხოვრობს აქ. როგორც ჩანს, ძალიან მაგარი წინაპრები გვყავდა, ვაჟკაცები, ერთგულები, თავდადებულები და შევინახეთ კიდევაც დედამიწის ზურგზე ნამუსი. ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა მაჩვენე, რომელმაც ჩვენი მსგავსი სატანჯველი და განსაცდელი გამოიარა. ეტყობა, ახლოსაა განკითხვა და უფალმა დაგვაბერტყა თავზე მადლი, იმდენად, რომ სადღაც, უკიდურეს აღმოსავლეთში რომ ჩინეთია, მასაც კი ინტერესი გაუჩნდა, რომ აქ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. სომხეთი სწორ გზაზე დგას: მისი აქტიურობა ჩვენ გვმატებს პლუსებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც და რუსეთთან ურთიერთობაშიც.
– ჩვენს რეგიონში ბევრი ინტერესი იკვეთება და ეს გაზრდილი ინტერესი საფრთხეს უფრო ზრდის, თუ პირიქით, გვიმცირებს?
– როდესაც მზე ამოდის, ვისზეა დამოკიდებული, ჯანმრთელად გაირუჯები თუ დაიწვები?!
– როდის გავა მზეზე, ვინც მზეზე გადის.
– ზუსტად ამაზეა ლაპარაკი: ჩვენზეა დამოკიდებული, ამ პროცესს როგორ გამოვიყენებთ. საფრთხეები გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მხარე გავხდებით და ხელი შეეშლება პროექტებს და სასიკეთო იქნება, თუ ჩვენ მხარე არ გავხდებით და ჩვენს წილს მოვითხოვთ ღირსეულად. რაც გვეკუთვნის, ის ჩვენია და დამთავრდა. ამ შემთხვევაში უსაფრთხოდ იქნება ყველაფერი. ისინი, ვისაც ინტერესები აქვთ კავკასიაში, ნებისმიერ შემთხვევაში მორიგდებიან. როგორც უნდა ძლიერი იყოს ესა თუ ის ქვეყანა, ოცდამეერთე საუკუნის ომებმა გვაჩვენა, რომ შემდეგ ყველაფერი მაინც ადგილობრივებთან შეთანხმებით წყდება. თუ ვინმეს უნდა, რომ საფრთხე შეგვიქმნას, თვითონაც საფრთხე შეექმნება. ვინც ჩვენ საფრთხეს შეგვიქმნის A პუნქტიდან, ჩვენ შეგვიძლია, დაველაპარაკოთ B პუნქტს და A პუნქტს შევუქმნათ პრობლემები. ჩვენ, უბრალოდ, გადავეჩვიეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას. ვაჭრობა ქართველის მენტალობაში ისევ სირცხვილად მიიჩნევა, არადა რატომაც არ უნდა ვივაჭრო ან გზით და ან ჩემი წინაპრების სისხლით მორწყული ტერიტორიით?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





