რის შეთავაზება შეუძლიათ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს დაპირისპირებული მხარეებისთვის, რომ არ მოხდეს სამხრეთ კავკასიის უკრაინიზაცია
ავტორი: ნინო ხაჩიძე 50 წუთის წინ
გეოპოლიტიკური დაპირისპირება ისევ გრძელდება როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში და მეტ-ნაკლებად – ყველგან, სადაც დაპირისპირებული მხარეების ინტერესები იკვეთება. რის შეთავაზება შეუძლიათ საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს დიდი მოთამაშეებისთვის, რომ შეიარაღებულმა კონფლიქტმა არ გადმოინაცვლოს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც სავსებითაა მოსალოდნელი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერების ან დასრულების შემდეგ. ამ თემაზე ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს.
დავით ზარდიაშვილი: ეს შეთავაზება გაკეთებულია, იმიტომ რომ ეს კავკასიური სახელმწიფოები ცდილობენ, რაღაც უსაფრთხოების კუნძული შექმნან ამ არეულობაში, რომ ამ ბობოქარ ოკეანეში იყოს სტაბილურობის კუნძული და თავისთავად, ეს არის ჩვენი ერთობლივი პოზიციის დემონსტრირებაც. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი საერთო ენას პოულობენ და გამოდიან სამშვიდობო პოზიციებით. კავკასია დაინტერესებულია მშვიდობით, სტაბილურობით, საერთაშორისო თანამშრომლობით და ომის გზას არ ირჩევს და ახლა დიპლომატიურადაც ყოველთვის ხდება ამის ხაზგასმა. ანუ, გარდა პრაქტიკული პოლიტიკისა, რაც ყოველდღიურობაში ჩანს, ეს ყოველთვის ხაზგასმული და აქცენტირებულია დიპლომატიურ დონეზეც. ამდენად, შეთავაზებაა, რომ ეს არის ერთგვარი სტაბილურობის ადგილი, რომელიც პოზიციონირებს, როგორც დერეფანი, როგორც იდეების, კაპიტალის, ტექნოლოგიების, ყველანაირი ენერგეტიკისა და რესურსის გამტარი სატრანზიტო ადგილი და ერთგვარი ჰაბი, სადაც შესაძლებელია, თანამშრომლობა შედგეს. თან, ეს არის ერთგვარი აქტიური ნეიტრალიტეტის დემონსტრირება. ესე იგი, მე ნეიტრალიტეტს არ ვაცხადებ მხოლოდ სიტყვით, ეს არის ყოველდღიურობაში გამოხატული საქმიანი პოზიცია ამ თანამშრომლობის მიმართულებით. ასე რომ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სამხრეთ კავკასია, ხდება ადგილი, სადაც გაგანია არეულობისა და ომის დროს შესაძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობა, ვაჭრობა, ურთიერთხელსაყრელი გარიგებების დადება და განვითარება ნებისმიერი მიმართულებით. ეს იქნება ეკონომიკა, კულტურა, შემოქმედება, სპორტი თუ ნებისმიერი სფერო. აი, ეს ხდება და ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ, რომ ამ ომებისა და არეულობის ალტერნატივა არის ის, რასაც აჩვენებენ ეს კავკასიური სახელმწიფოები. ამასთან, წარმოიდგინეთ, რაც უფრო ომიანობა და არეული დროა, მშვიდობის ფასი იზრდება და საერთაშორისო დონეზე ეს კარგად იყიდება. გაიხსენეთ შვეიცარიის მაგალითი: როდესაც ევროპაში რელიგიური ომები იყო, სწორედ იმ დროს გაჩნდა სიმშვიდის, სტაბილური ვაჭრობის, ფულის შენახვის უზარმაზარი მოთხოვნილება. იგივე ხდება ახლაც: სამხრეთ კავკასია რჩება ყველაზე უსაფრთხო ადგილად. აი, ეს არის აქტიური ნეიტრალიტეტი. ოპონენტები ამბობენ, რომ ნეიტრალიტეტი შეუძლებელია, ამიტომ ან ერთ ბანაკში უნდა იყო, ან მეორეში, მაგრამ აი, თუ შეუძლებელია. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. მეტიც, ამას არ აქვს ალტერნატივა. ერთ-ერთ ბანაკში შესვლა გამანადგურებელი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.
– სომხეთი აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ მოძრაობებს, ერთსაც ეუბნება, შენთან მინდაო და მეორესაც. შეძლებს ამ თამაშით ბალანსის დაჭერას, როდესაც ორივე მხარემ იცის, რას ეუბნება მის მოწინააღმდეგეს?
– სომხეთს რთული მანევრების გაკეთება უწევს, არ უნდა, რომ მთლიანად რუსეთის გავლენის სფეროში იყოს და ისიც ცხადია, რომ რუსეთისგან ასე უცებ ვერ დააღწევს თავს, ამიტომ გარკვეულ მანევრებს ასრულებს ყველა მიმართულებით – როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთისა და სამხრეთის. რასაკვირველია, ეს დიდი რისკია, მაგრამ სხვანაირად გაუჭირდება, რადგან, ერთ-ერთის მხარეს რომ დადგეს, იმ წუთასვე აღმოჩნდება მეორე მხარის ძალიან მძაფრი თავდასხმებისა და შეტევების ობიექტი, ამიტომ მისი უსაფრთხოებისთვის ჯობია, რომ რომელიმე მხარის აქტიური მხარდამჭერი არ იყოს. ესეც ერთ-ერთი მანევრია, რაც დამახასიათებელია აქტიური ნეიტრალიტეტისთვის. თუმცა, რასაკვირველია, არსებობს პასიური ნეიტრალიტეტი, რომელიც შენ, ქვეყანას, კი არ აგირჩევია, არამედ გარედან შეთანხმებების შედეგია. ამის მაგალითებია ფინეთი, ავსტრია, რომელიც საერთაშორისო კონიუნქტურის შედეგია, შენ არ შეგიქმნია და არ მოგიტანია ეს ნეიტრალიტეტი, გარედან შეიქმნა ასეთი ვითარება.
– და როდესაც საგარეო დაინტერესება არ არის, რომ ნეიტრალური იყოს ან ცალკეული სამხეთ კავკასიური სახელმწიფო, ან სამივე ერთად, თუ არის საკმარისი მხოლოდ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ძალისხმევა ნეიტრალიტეტისკენ?
– ვერბალურად არ არის გამოხატული რაღაც პოლიტიკური გეზი არც დასავლეთის, არც რუსეთის და არც რომელიმე მხარის მიერ, მაგრამ არსებობს ობიექტური ინტერესები, იგივე სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები, ასევე, არის სხვა ინტერესები, რაც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და ყველა მხარე შესანიშნავად ხვდება, კავკასიამ რომ მისი მოწინააღმდეგის პოზიცია დაჭიროს, ეს გაურთულებს მდგომარეობას. ამიტომ იძულებულები არიან, შეეგუონ არსებულ მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ სატრანზიტო ფუნქცია, დერეფნის ფუნქცია ყველასთვის ხელსაყრელია. მრავალი მხარეა დაინტერესებული, რომ ამ სისტემამ იმ სახით, რა სახითაც ყალიბდება, გამართულად იფუნქციონიროს. დაახლოებით ისეთივე ვითარებაა, რაც წლების წინ ხდებოდა: სანამ შვეიცარია ნეიტრალური გახდებოდა, ყველა მხარე ცდილობდა, რომ თავის მხარეს წაეყვანა, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ნეიტრალიტეტი ყველა მხარისთვის მისაღებია. სამყაროში ახლა ადაპტაციის პროცესია და ეს პროცესი მოქმედებს არა მარტო კავკასიაზე, არამედ მის გარშემოც. დაინგრა ერთი სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ ვესტფალიის სისტემა დაინგრა; კონკრეტულად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სისტემა და ცხადია, რომ შეუძლებელია იმ ჰეგემონიის აღდგენა, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. აი, ეს მდგომარეობაა ახლა და, ცხადია, აქტიურ ნეიტრალიტეტს წინააღმდეგობა შეხვდება. ბუნებრივია, მისი მიუღებლობაა ბევრი მხრიდან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ ადაპტაციის პროცესში ეს არის ყველაზე რეალისტური გზა, რომ არ დავზარალდეთ. პირიქით, შესაძლებელია, სარგებელიც ვნახოთ.
– კომუნიკაციების, გზების მნიშვნელობას გაუსვით ხაზი, მაგრამ ამ გზების დაუფლების მსურველი მრავლადაა და, თუ რომელიმე მხარე მიხვდება, რომ ამ გზებს მეორე მხარე ეუფლება, ანუ თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან, მაშინ როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები?
– რასაკვირველია, დიდი კონკურენციაა რეგიონში დომინაციისთვის, მაგრამ ასე ხდება მთელ მსოფლიოში. გლობალურადაა ეს კონკურენცია გამძაფრებული და, ბუნებრივია, ახლა ყველა მხარე ცდილობს, რომ თავისი გაიტანოს. ახლა არავის აქვს გარანტია, რომ მისი პოლიტიკა აღმოჩნდება ყველაზე წარმატებული, იმიტომ რომ ადაპტაციის პერიოდია, პროცესია და ყველაზე ნაკლებრისკიანია ის პოზიცია, რაც ჩვენ გვიჭირავს. სხვა მხრივ, გარანტია არავის აქვს – არც უსაფრთხოების და არც კეთილდღეობის, იმიტომ რომ დანარჩენი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგრამ უწინარესად დამოკიდებულია იმ რწმენაზე, იმ თავდაჯერებულობაზე, რაც თვითონ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, როდესაც ამ პოზიციას ირჩევს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნაკლებად ვირყევით, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა და, თან, ჩვენზე გაცილებით მძლავრი და დიდი რესურსის მქონე.
– თვალშისაცემია, რომ აზერბაიჯანი თავისი ამ ნეიტრალური პოზიციის გამომჟღავნებისას ცოტა მეტადაა აგრესიული რუსეთისადმი, საქართველო კი – ბრიუსელისადმი.
– აზერბაიჯანს სხვა საგარეო-პოლიტიკური გამოწვევები აქვს, იქ სხვა ვითარებაა. გარდა ამისა, აზერბაიჯანს მეტი რესურსიც აქვს, იმიტომ რომ მის უკან დგას ერთ-ერთი უმძლავრესი ქვეყანა, რეგიონული ერთ-ერთი სერიოზული ძალა, როგორიც თურქეთია. მას სერიოზული ზურგი აქვს და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი სიმძლავრით ცდილობს, დაიცვას ეს ინტერესები. ეს არის ანტირუსული დემარშების მიზეზი, რომლებსაც არ აქვს სტრატეგიული ხასიათი. ეს ტაქტიკური სვლებია, იმ მოსაზრებებით განპირობებული, რომ, რაც შეიძლება, მეტი მიიღოს არსებულ ვითარებაში. აზერბაიჯანმა იგრძნო რუსეთის სისუსტე და ცდილობს, რომ ის ადგილი, რაც დათმო რუსეთმა, ცარიელი არ დატოვოს და შეავსოს. თუმცა სტრატეგიულად აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ამ შუა დერეფანში და ცხადია, რომ ამ როლს ის არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. ამდენად, ის არ აღმოჩნდება არც დასავლელ ორბიტაზე და არც რუსულ ორბიტაზე. რაც შეეხება საქართველოს: ბრიუსელია მის მიმართ აგრესიული და მათი აგრესია გასაგებია: დასავლეთი დღემდე საქართველოს განიხილავდა, როგორც საკუთარ კლიენტ სახელმწიფოს, ანუ ისეთ ქვეყნად, რომელიც მთლიანად და სრულად ექვემდებარება დასავლურ იმპერატივებს. ისინი აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებული, რომ საქართველო იომებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არ მოხდა და, ცხადია, აგრესია გაუჩნდათ. ფრუსტრაცია აქვთ საქართველოსადმი და მათი ეს იმედგაცრუება გულწრფელია. მათთვის მოულოდნელი იყო საქართველოს ეს პოზიცია, რომ გაბედავდა და საკუთარ ინტერესებზე დაიწყებდა ლაპარაკს. ამდენად მათი აგრესია ბუნებრივია.
– გარდა ტრანზიტისა, ვერავის ვერაფერს ვთავაზობთ?
– მთავარია წესრიგი ქვეყანაში, რაც შესაძლებელს ხდის პატიოსანი თამაშის წესებს და ნორმალურ ბიზნესგარემოს ნებისმიერი მიმართულებით. ანუ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, ეს გეოგრაფიული უპირატესობა გასაგებია, მაგრამ ეგ მაინც არ არის მთავარი, მთავარია, რომ ამის რეალიზაცია გარკვეული წესრიგის ფარგლებში ხდება. ესე იგი, აქ რომ ფული ჩადო, არ დაგეკარგება; აქ რომ ბიზნესი დაიწყო, მოგება გექნება, ანუ საერთაშორისო ურთიერთობები შედგება და ეს ყველაფერი მეტად არის გარანტირებული, ვიდრე სადმე სხვაგან. იგივე ეხება ნებისმიერ მიმართულებას. წესრიგი პოლიტიკის არსია და სწორედ ამას სთავაზობს საქართველო.
– იგივეა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც?
– დაახლოებით, იგივეა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ყველაფერი იკვრება და სამხრეთ კავკასია გამოდის, როგორც ერთი მთლიანი რეგიონი, დაახლოებით, ერთი სტრატეგიის მქონე, თუმცა ყველა ქვეყანას თავის სპეციფიკა აქვს და ცხადია, ინდივიდუალურად ცდილობს მანევრირებას, იმის მიხედვით, თუ როგორი საერთაშორისო და შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა ყალიბდება. მარტო საგარეო პოლიტიკა ხომ არ არის?! შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
– მაგრამ, რასაც საქართველო სთავაზობს სამყაროს, მშვიდობიანსა და მოწესრიგებულ გარემოს, ოპოზიციის ძალისხმევა აზიანებს.
– აზიანებს, მაგრამ ოპოზიციამ იმდენად დაკარგა გავლენა რეალურ პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში, რომ მისი ზეგავლენა არ არის მნიშვნელოვანი და უკვე არც სერიოზულ ფაქტორად განიხილება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





