რომულის მიმდევრები?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00
ანუ „მთლიანად მაგიჟებ“
და თუმცა ამ ამბავმა არათუ ჩაიარა, არამედ მისი გამოძახილის მოწმენიც გავხდით, მაინც ვერ შევძელი, გვერდი ამევლო სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის დითირამბებისთვის, რომლებიც მათ პრ. პუტინს უძღვნეს.
არ დავიზარებ და გაგახსენებთ ამ ამაღელვებელი მონოლოგების ნაწყვეტებს:
სტივ უიტკოფი (მიმართავს ვლ. პუტინს): „პრეზიდენტო პუტინ, უღრმესი მადლობა, რომ მიგვიღეთ. ახლახან გარეთ ვისხედით მე, ჯარედი, კირილი, იური და ვსაუბრობდით, რომ პენსიაზე რომ გავალთ, ჩვენ ბევრ ისტორიასა და საოცარ შეხვედრებს გავიხსენებთ... თქვენთან შეხვედრები და საუბრები პირველ ადგილზე იქნება”.
ჯარედ კუშნერი (იგიც ვლ. პუტინს მიმართავს და, სხვათა შორის, რუსულად): „ვეთანხმები მისტერ უიტკოფს. გილოცავთ მოსკოვის დღეს... ნამდვილად მშვენიერი დღესასწაულია”.
მაგრამ მხოლოდ ეს არ იკმარეს და აშშ-ის საელჩოს მიერ შეთავაზებული ავტოებიდან არჩევანი რუსული წარმოების „ლიმუზინზე“ შეაჩერეს. ბუნებრივია, ზემომოყვანილი დიპლომატიის ენაა და, სულაც, არ ნიშნავს, რომ ასე ფიქრობენ. მეტიც, რაც მეტ დითირამბებს გიძღვნიან, მით მეტია მოქმედებაში ფეხის დადების ალბათობა, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ ზურიკელას წერილს: „მე მაგიჟებენ შენი თვალები, წამწამები, ტანი, გამოხედვა, ბროლის კბილები, მარჯნის ტუჩები, გიშრის თმა, თითები, მკლავები, ანუ მთლიანად მაგიჟებ...“ ჩნდება ეჭვი, რომ ზემოხსენებულმა პატივცემულმა ბატონებმაც ლიქნის მასტერკლასი, თუ მთლად რომულისთან არა, რომულის მსგავსთან მაინც გაიარეს?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





