ზეჩიორები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.10, 2024 წელი
ანუ „ერთი ბარტყი გადმომიგდე“
მას შემდეგ, რაც „ნატოს“ აწ უკვე ყოფილმა გენმდივანმა გვაუწყა, რომ უკრაინას შესაძლოა, მოუწიოს ტერიტორიების დათმობა, ხოლო ახალმა გენმდივანმა კი მოგვახსენა, რომ არ იცის, როდის გახდება უკრაინა „ნატოს“ წევრი (შეიძლება, ჯერ სხვა მივიღოთ და შემდეგ უკრაინაო), უკრაინის პრეზიდენტმა, იმას გარდა, რომ გამარჯვების ახალი გეგმა წარუდგინა მოკავშირეებს, გაიხსენა, თუ რაზე ისაუბრა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.
კერძოდ, უკრაინის პირველკაცმა მოგვახსენა, რომ არცერთი ბირთვული ქვეყანა არ დაზარალებულა უკრაინა-რუსეთის ომში (არც დაზარალდებოდნენ, ვინაიდან ბირთვულ იარაღს შეკავების ფუნქცია აქვს და არა ბირთვული აფეთქებით ყველას ამოჟუჟვის მიზანი, იმიტომ რომ კაცობრიობის ისტორია, უბრალოდ, დასრულდება). ზედაც, რიტორიკული კითხვა დასვა: ვინ დათმო ბირთვული იარაღიო და იქვე პასუხიც გასცა: უკრაინამ! რა თქმა უნდა, მოკავშირეებს შეახსენა, რომ უკრაინის გარდა არავინ იბრძვის (რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის შესანიშნავად ესმის, რისთვის იბრძვის უკრაინა: დიდ გეოპოლიტიკურ ჯახში დასავლეთის ინტერესების გასატარებლად და არა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ, ვინც მხოლოდ თავისი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის, ის სხვებს არ ამუნათებს).
შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მოკავშირეებს გამოსავალიც შესთავაზა: ან „ნატოს“ წევრობა, ან ბირთვული იარაღი.
ბუნებრივია, მე წარმოდგენა არ მაქვს, რას შესთავაზებს დასავლეთი უკრაინას (ვფიქრობ, არც ბირთვული იარაღის გადაცემას დაჰყაბულდება და ჯერჯერობით არც უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანებას), მაგრამ ის კი ზუსტად იკვეთება, რომ დასავლეთი რუსეთისთვის მორიგი „ბარტყის“ გადასაგდებად ემზადება (რაც საკმაოდ რაციონალურია მისი მხრიდან) და, ბუნებრივია, გეოპოლიტიკურ „ბარტყებს“ (ისევე, როგორც ზღაპარში) არავინ არც არაფერს ეკითხება, ვინაიდან ზეჩიტო-ზეჩიორები არიან გადასარჩენნი...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან