პოლიტიკა

როგორ გაზარდა თურქეთმა ხელოვნურადაც აზერბაიჯანის პოლიტიკური წონა და რატომ არის ბაქოს ხელში ირანისა და რუსეთის ურთიერთობის გასაღები

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 09.09

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

ამჟამად დედამიწაზე გეოპოლიტიკური დაპირისპირება სწორედ ბუნებრივი რესურსებისა და კომუნიკაციებისთვისაა გაჩაღებული. სამხრეთ კავკასია, ამ მხრივ, ერთ-ერთი სამიზნეა. რა დერეფნები კვეთს (რეალურადაც და პოტენციალურადაც) სამხრეთ კავკასიას, ვისი ინტრესები იკვეთება და ეს ინტერესები ზრდის თუ ამცირებს საქართველოსა და რეგიონისთვის საფრთხეს და არის თუ არა შესაძლებელი, რომ რეგიონის სამივე სახელმწიფოს ერთიანი პოზიცია ჰქონდეს, ეს გაზრდის თუ, პირიქით, შეამცირებს მათ უსაფრთხოებასა და შემოსავალს? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

მამუკა არეშიძე: ჯერჯერობით ამ სამ სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი პოზიცია, მიუხედავად რიტორიკისა. სამივე სახელმწიფო არის აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საკომუნიკაციო სივრცეში, არც ჩანს მათი მხრიდან ახალი ერთობლივი ინიციატივები, რაც ძალიან მოწყვლადს ხდის მთლიანად რეგიონს. ეს ვითარება, ტრადიციულად, საუკუნეების განმავლობაში ხელოვნურად იყო ხელშეწყობილი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან. რატომ ესხმოდა თავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ამდენი დამპყრობელი? მავანს შეუძლია, გვიპასუხოს, რომ ეს ხდებოდა გასაძარცვად, ნადავლისთვის და ასე შემდეგ. რასაკვირველია, ეს ფაქტორი იყო, მაგრამ მთავარია, რომ მსხვილი სტრატეგიული მოთამაშისთვის აუცილებელი იყო სტრატეგიული სივრცის დაკავება და, რაც კიდევ უფრო მთავარია, სავაჭრო გზების კონტროლი. არაერთი მინიშნებაა იმაზე, რომ საკმარისია, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამ რეგიონში სტაბილური ვითარება ყოფილიყო, რომ სავაჭრო გზების აქტივიზაცია ხდებოდა. აქედან გამომდინარე, რომელიმე მსხვილი მმართველი, ოსმალეთის იქნებოდა თუ სპარსეთის ან სხვა ქვეყნის, რომელსაც ძლიერი სახელმწიფოს შექმნაზე ჰქონდა პრეტენზია, ყოველთვის ცდილობდა, რომ გაეუქმებინა აქ გამავალი სავაჭრო გზა ან ხელი შეეშალა მისთვის, რათა თავის ტერიტორიაზე გაევლო, უფრო სამხრეთისკენ. რაც ხდებოდა ხოლმე და როდესაც აქ საომარი ვითარება იწყებოდა, სავაჭრო გზა აუცილებლად ინაცვლებდა სამხრეთისკენ. ეს ტრადიციული მოვლენაა დღესაც. მსხვილი მოთამაშეების დამოკიდებულება ასეთია: ან უნდა აკონტროლებდეს რეგიონს, ან აქ სავაჭრო გზებმა არ უნდა გაიაროს. ამდენად, ასეთი დილემის წინაშე ვდგავართ და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, როგორც ცდილობენ მსხვილი მოთამაშეები ამ რეგიონში თავისი გავლენების გაძლიერებას. დღეს ამისთვის აუცილებელი არ არის სამხედრო ძალის გამოყენება, მიზნების მიღწევა შესაძლებელია ეკონომიკური ბერკეტებითა და პოლიტიკური ზეწოლით. ამას აკეთებს რუსეთი, ამას აკეთებს დასავლეთი, ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები; ასევე, რეგიონის მსხვილი მოთამაშეები: ირანი, თურქეთი და სხვებიც. ამას გარდა, რეგიონის მომხიბვლელობა გაზრდილია იმითიც, რომ მარტო სავაჭრო გზები კი არ მუშაობს, არამედ რეგიონი ენერგეტიკული თვალსაზრისითაა ძალიან საინტერესო და წიაღისეულითაც.

– ენერგორესურსები, გასაგებია, აზერბაიჯანს აქვს, წიაღისეული?

– არა მხოლოდ აზერბაიჯანს, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებსაც. ეს ენერგორესურსები ძალიან სჭირდებათ დასავლეთში და ეს კიდევ უფრო ზრდის რეგიონის მიმზიდველობას და სწორედ ამ ინტერესის გამო კეთდება ყველაფერი, რომ ამ სამ ქვეყანას ერთიანი პოზიცია არ ჰქონდეს. მსხვილი მოთამაშეები თავისას აკეთებენ, მაგრამ არც რეგიონის ქვეყნები იკლავენ თავს მაინცდამაინც იმისთვის, რომ ერთიანი პოზიცია შექმნან. აქ მუშაობს აზერბაიჯანის ფაქტორი, რომელიც თავს რეგიონის ლიდერად მიიჩნევს და ისეთ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ დიდ პოლიტიკაშიც მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

– აქვს აზერბაიჯანს რეალური საერთაშორისო წონა?

– აქვს და ეს წონა ნაწილობრივ ხელოვნურადაა გაზრდილი თურქეთის მიერ. მეორე მხრივ კი, ეს იმ სწორი დიპლომატიის შედეგია, რომელსაც აწარმოებს ოფიციალური ბაქო, როდესაც მას შეუძლია, ერთდროულად იყოს თურქული პროექტის – დიდი თურანის – აქტიური და საკვანძო წევრი და ამავე დროს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდეს, მაგალითად, იმავე ისრაელთან, რაც ანკარისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ბაქო მაინც ახერხებს ამის გაკეთებას. მოკლედ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ამ მსხვილი მოთამაშეების აჩრდილი რა სახეს მიიღებს. ენერგოთემები რომ გვერდზე გადავდოთ, სავაჭრო გზების კონფიგურაცია ისეთია, რომ არსებობს ტრადიციული გზები: ეს არის ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულება, რომლის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლია აზერბაიჯანი, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ- სამხრეთის სავაჭრო ქსელში დღეს სომხეთსა და საქართველოს არანაირი როლი არ აქვს, უფრო ზუსტად, საქართველოს როლი მინიმალურია რიგი მიზეზების გამო. ხოლო აზერბაიჯანის როლი გადამწყვეტია, იმიტომ რომ, როგორც ვთქვი, ძირითადი სატრანსპორტო მარშრუტები გადის აზერბაიჯანზე. რასაკვირველია, საქართველოზეც გადის საავტომობილო გზები სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, მაგრამ საავტომობილო გზას აქვს თავისი მინუსები: ნაკლები გამტარიანობა, კლიმატური პირობები და ასე შემდეგ. რკინიგზა კი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ჩრდილოეთს და სამხრეთს, გადის აზერბაიჯანზე და, ამდენად, აზერბაიჯანი არის ერთგვარი მონოპოლისტი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს მოსკოვისთვის, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ითვლება თურქეთის მოკავშირედ და იმ ქვეყნად, რომელმაც, თურქეთთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები შეეზღუდა; ამასთან, აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელსაც ხელთ უპყრია რუსეთისა და ირანის ურთიერთობების გასაღები. მთლიანად არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სარკინიგზო მაგისტრალს ის აკონტროლებს. მართალია, ირანსა და რუსეთს აქვთ სხვა მარშრუტიც – კასპიის ზღვის მარშრუტი და, თუ ძალიან დასჭირდა, თურქმენეთიდან შეუძლია ტვირთების გატანა, მაგრამ აზერბაიჯანი ყველაზე სარფიანი მარშრუტია. აქედან გამომდინარე, რუსეთი ცდილობს ალტერნატიული გზების პოვნას, ისევე, როგორც დასავლეთი, რომ აკონტროლოს აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთში, აღმოსავლეთიდან დასავლეთში მიმავალი გზები; ისევე, როგორც თურქეთი ცდილობს, რომ ამ გზის მაკონტროლებელი იყოს; როგორც ჩინეთი ცდილობს, რომ ამ გზის გასწვრივ, რაც შეიძლება, მეტი ეკონომიკური სივრცე დაიკავოს. ასე რომ, რუსეთიც ცდილობს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულების კონტროლს და ზუსტად ამის ნიშანია, რომ 2024 წლის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების თემა, მით უფრო, რომ სომხეთის რკინიგზა ისევ რუსეთის მფლობელობაშია უახლოესი 30 წლის განმავლობაში. რადგან საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას აფხაზეთის პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, ეს თემა გაჩერდა. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან აქტიური საუბარი იმ პროექტის ამუშავებაზე, რომელსაც 1985 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ჰქვია თარგიმის დერეფანი. ეს არის დასახლებული პუნქტი ინგუშეთში, საიდანაც გზამ უნდა გაიაროს კავკასიის ქედის ქვეშ და ერთმანეთთან დააკავშიროს რუსეთი და სამხრეთ კავკასია. დერეფანი გამოდის ბარისახოსთან. სხვათა შორის, 1985 წელს ჩაიდო კიდეც სიმბოლური ქვა ბარისახოში, სადაც დაწყებული იყო მშენებლობა, უბრალოდ, შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა. ეს არის უაღრესად ძვირად ღირებული პროექტი. როგორც ამბობენ, დაახლოებით, 200 მილიარდ რუბლამდე ჯდება და 23-კილომეტრიანი გვირაბია გასათხრელი კავკასიის ქედის ქვეშ. დღეს რუსული მხარე ამ თემაზე ძალიან აქტიურად ლაპარაკობს. მართალია, პოლიტიკური ლიდერები ჯერჯერობით ამას არ ახმოვანებენ, მაგრამ ძალიან სერიოზულად ლობირებს ამ პროექტს ინგუშეთის მთავრობა და გაკვრით არაერთხელ ახსენა ვიცე-პრემიერმა ოვერჩუკმა. ამ გზის ამუშავების შემთხვევაში რუსული ტვირთები ასცდება გადატვირთულ მაგისტრალებს და იმოძრავებენ ბევრად თავისუფალზე და, ამას გარდა, იზრდება წვდომა საქართველოს პორტებისადმი. ანუ ტვირთის გადატანა შეიძლება საქართველოს პორტებიდანაც: იგულისხმება ბათუმისა და ფოთის პორტები. ეს პროექტი ძალიან სერიოზული დამუშავების რეჟიმშია. ყოველ შემთხვევაში, მე ვხედავ, რომ ამ პროექტს სერიოზულად ლობირებენ. თუმცა საკმაოდ რთულად შესასრულებელია, იმიტომ რომ უზარმაზარი სამუშაოა გასაწევი. მაგრამ, რუსებს, როგორც ჩანს, აქვთ სურვილი, რომ ეს პროექტი აამუშაონ იმისთვის, რათა აზერბაიჯანის რკინიგზის ალტერნატივა შექმნან და, ამასთან, ეს პროექტი, დაახლოებით, 20-25 დოლარით აიაფებს თითოეული ტონა ტვირთის გადმოტანას, რაც, საერთო ჯამში, უზარმაზარ მოგებათან არის დაკავშირებული.

– როგორია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ პროექტისადმი?

– როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებასთან ამ საკითხზე ჯერჯერობით კონსულტაციებიც კი არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეს არის პიარპროცესი. ჩრდილოეთ კავკასიაში ამ თემაზე კონფერენციები იმართება და ქართველი სპეციალისტების მიწვევას ცდილობენ. იმის თქმა მინდა, რომ ახალი დერეფნების ამუშავების მცდელობა, რომელსაც თავიდან ბოლომდე კონკრეტული მსხვილი მოთამაშე გააკონტროლებს, სულ არის. ჩინეთიც ხომ იმავეს აკეთებს?! იმავეს გამოძახილია ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა, ანუ ტრამპის პროექტი; ევროკავშირიც იმავეს ცდილობს. ამიტომ არიან ძალიან აქტიურები დღეს რეგიონში, განსაკუთრებით, აზერბაიჯანში – ბრიტანელები და სომხეთში – ფრანგები; ცენტრალურ აზიაში ევროპული წარმომადგენლობაა აქტიური. მოკლედ, რუსები, ჩინელები, ევროპელები, ამერიკელები, თურქები აქტიურობენ და ამ დიდ ქვაბში იხარშება ეს ვნებათაღელვები სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით.

– ეს აქტიურობა გვიზრდის საფრთხეს?

– იმდენი მხარეა ჩართული ამ სატრანსპორტო დერეფენების კონტროლის სურვილში, რომ საბოლოო ჯამში, ისეთი სურათი იკვეთება, ძალიან რთულია ბალანსის სისტემების შექმნა. მით უმეტეს, როდესაც რეგიონის ქვეყნებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია. ერთი შეხედვით, იდეალური სურათი იქნებოდა, ამ სამ ქვეყანასა და პლუს შუა აზიის ქვეყნებს ერთიანი პოზიცია რომ ჰქონდეთ. მაშინ რაღაც სისტემა შეიქმნებოდა და ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი იქნებოდა მსხვილი მოთამაშეებისთვის. დღეს თითქმის ყველა ცალ-ცალკეა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დიდი თურანის პლატფორმა: ეს არის ცენტრალური აზიის ოთხი ქვეყანა, აზერბაიჯანი და თურქეთი. მსხვილი მოთამაშეებისთვის იმდენადაა მნიშვნელოვანი ამ დერეფნების კონტროლი, დიდი თურანის პროექტსაც არ უწევენ განსაკუთრებულ ანგარიშს და ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობენ, ჩააჩოჩონ თურანის თემაც. ამდენად, რისკები ძალიან მაღალია. საქართველო ამ დრომდე ცდილობდა, რაც შეიძლება, მოქნილი ყოფილიყო ამ ვითარებაში, მაგრამ, საბოლოოდ, ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს სამხრეთითა და ჩრდილოეთით მიმდინარე პროცესებზე.

– ომებზე უკრაინასა და ირანში?

– არ გამოვრიცხავ, რომ, ყველაზე ცუდი პროგნოზით, ამ ომების სივრცე იმდენად გაიშალოს, რომ შეჩერდეს ამ პროექტების რეალიზაციის პროცესი.

– კარგია, რომ თუ მხოლოდ პროექტების რეალიზაცია შეჩერდება, საომარი მოქმედებების დაწყებაცაა შესაძლებელი?

– საომარ მოქმედებებს პირადად მე უახლოეს დროში არ ველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი