პოლიტიკა

მადააღერღილი

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:13

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ერდოღანი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო

თუმცა პირადად ჩემთვის ნამდვილი მიზეზი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთის პირველი პირი აწ უკვე აჭარის თურქეთისთვის დაბრუნებაზე ალაპარაკდა. სახელდობრ, ბ-ნმა ერდოღანმა განაცხადა, რომ (მომყავს ციტატა): „სახელმწიფოს საზღვრები ყოველთვის რუკაზე ხაზები არ არის. ჩვენ ვალდებულები ვართ, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ახლობელი ხალხების ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, რომლებიც ისტორიულად თურქულ მიწებზე ცხოვრობენ და სწამთ ერთი ღმერთის. მე მჯერა, რომ თურქეთი დაბრუნდება აჭარაში, აღადგენს თავის პოზიციებს სირიაში და უზრუნველყოფს ყველა თურქული მოდგმის ხალხის განვითარებასა და აყვავებას.’

გასაგებია, რომ ეს განცხადება დიდი თურანის პროექტის სულისკვეთებითაა გაჟღენთილი და, რასაკვირველია, მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რაც დღესავით ნათელია, რომ აჭარელები თურქული მოდგმის ხალხი არ არის, სამაგიეროდ, სულ სხვა რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას (იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მიმართულებით უნდა აჩვენოს ძალისხმევა თურქეთის მადააშლილმა პირველკაცმა): სახელდობრ, საფრანგეთმა გაგვანდო (ცხადია, პოლიტკოსების პირით), რომ „ნატო“ ავტომატურად არ ჩაერევა, თუ ისრაელი ალიანსის წევრთან, მაგალითად, თურქეთთან იომებს.

გავრცელებული მოსაზრებით, ერდოღანი დარწმუნებული თუ არ იყო, ელოდა მაინც, რომ, თუკი სირიაში ჯარების გაგზავნის გამო ისრაელთან მოუწევდა სამხედრო დაპირისპირება, „ნატოს“ წევრობა დაიცავდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ „ნატო“ იცავს თავის იმ წევრ ქვეყანას (იმ თავისი მეხუთე მუხლით), რომელსაც თავს დაესხმებიან, ხოლო სირიის ტერიტორია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არ ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკას და თუკი იქ წაკინკლავდებიან თურქეთი და ისრაელი, მეხუთე მუხლი ყურსაც კი არ შეიბერტყავს.

ასე იქნება თუ ისე, თუ გავიხსენებთ, რომ თურქეთის არმია „ნატოში“ სიძლიერით მეორეა, ვფიქრობ, უპრიანია, საკუთარი მადააშლილობა და ამბიციები ისრაელთან გამოსცადოს, მით უფრო, რომ კაცი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერდოღანი) ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი