ევროლოგიკა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
ანუ ბოლო უკრაინელიდან ბოლო ევროკავშირელამდე?!
მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირი მზადაა, უკანასკნელ უკრაინელამდე ებრძოლოს რუსეთს, რასაკვირველია, უკრაინის ტერიტორიაზე, გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებლიანი დრონი აღმოაჩინეს, რა თქმა უნდა, უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის სიახლოვეს. კიდევ ერთი დრონი კი DHL-ის თვითმფრინავს შეეჯახა. გამოძიების თანახმად, ამ ამბავთან კავშირი აქვთ რუსეთში დაბადებულსა და ლატვიისპასპორტიანს, ასევე ბელორუსის მოქალაქეს, რუსული პასპორტით. ბერლინმა საპასუხოდ ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურა და მას ბერლინში „რუსული სახლიც“ მიაყოლა, იმის პარალელურად, რომ რფ-ის მოქალაქეების გერმანიაში შესვლაც გაამკაცრა.
აღშფოთება ვერ დამალა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც და, რა თქმა უნდა, კაია კალასმაც. აი, მოსკოვმა კი პირად შეურაცხყოფად მიიღო მისი დადანაშაულება (შეგვითითხნეს ბრალდებაო) და გერმანიას სარკისებურ რეაქციას დაჰპირდა: რუსეთში ორგანიზაციებს დავხურავო (პირადად ჩემთვის აქ ისაა საინტერესო, რომ ამ გაგანია ომისას რუსეთში გერმანული რაღაც-რაღაცები ყოფილა).
მეორე მხრივ, დმიტრი მედვედევი, ჩვეულებისამებრ, ვლ. პუტინზე შორს გაიჭრა და გამოაცხადა (სოციალურ ქსელში), რომ გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „რუსოფობიულ კურსს“ ატარებს და ამიტომ მოსკოვისგან „პირდაპირ დარტყმას“ იმსახურებს იმ გერმანულ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ.
თუ გულზე ხელს დავიდებთ, მედვედევის სქემა ერთგვარად სამართლიანიცაა, სახელდობრ, იმ თვალსაზრისით, რომ დროა, ევროკავშირმა ბოლო ევროკავშირელამდე ებრძოლოს რუსეთს, რასაკვირველია, ვროკავშირის ტერიტორიაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





