რატომ არის ხელსაყრელი საქართველოსთვის ბრიტანეთისა და რუსეთის დიდი დაპირისპირება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობა ისტორიულად დაძაბულია და იმდენადაც კი, რომ რუსეთის რევოლუციასაც ბრიტანეთს უკავშირებენ და ისიც აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო კარმა არ დაიცვა რომანოვების დინასტია ფიზიკური განადგურებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ენათესავებიან. ახლაც, მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების პროცესში, რუსეთმა გამოიწვია ელჩი ინგლისიდან და მათ შორის დაძაბულობა ზღვრამდეა მისული. რამ გამოიწვია რუსებისა და ინგლისელების ეს ისტორიული მტრობა? – ამ თემაზე ვაჟა ბერიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას:
საკმაოდ რთული და მრავალვექტორიანია მსოფლიო პოლიტიკა, რომელიც განაპირობებს გავლენების პოლიტიკურ მდგენელს. პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ამ ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ არსებითად საფინანსო სისტემებისა და ბერკეტების ფლობა განაპირობებს ამა თუ იმ ქვეყნის გავლენას მსოფლიო არენაზე. ამ მხრივ, ბრიტანეთი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არეალი მსოფლიო საფინანსო სისტემისთვის. ლონდონი გახლავთ ამ მიმართულების მიზიდულობის ცენტრი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი უკვე აღარ არის ძლევამოსილი იმპერია, რომელიც ძირითადად, სამხედრო ძალისა და უძლიერესი სამხედრო ფლოტის მეშვეობით მოიპოვებდა გავლენას მთელს მსოფლიოში, საფინანსო ბერკეტებითა და ამის შემდეგ უკვე სამხედრო ძალით ცდილობს, შეინარჩუნოს ძველი გავლენა და დიდება. აქედან გამომდინარე, ის თავის მოვალეობად მიიჩნევს, რომ მისი ეს როლი არ დაკნინდეს და არ გაქრეს, მიადევნოს თვალი მთავარ პოლიტიკურ პრობლემებს და მონაწილეობა მიიღოს მთავარი საკითხების გადაწყვეტაში. განსაკუთრებით, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების როლი მსოფლიო პოლიტიკაში დომინანტური გახდა და დღესაც მსოფლიო არენაზე მთავარი აქტორია, მისი მთავარი მოკავშირე როგორც ევროპის, ისე მსოფლიო პოლიტიკაში იყო და არის ბრიტანეთი. ამდენად, ცდილობს ის, იყოს მსოფლიოს მთავარი პრობლემების გადაწყვეტის მოწინავე ფლანგზე. მეფის რუსეთიც, საბჭოთა კავშირიც და ახლა რუსეთის ფედერაცია იყო და რჩება მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო ადგილად. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკას დღეს განსაზღვრავს იმპერიული დიდების შენარჩუნების მცდელობა, რაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ მაინც განწირულია.
– დიდი ბრიტანეთის ამ მცდელობას აქვს რეალური საფუძველი?
– ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ დღევანდელ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ფაქტორმა ეს ურთიერთობები შეცვალა და ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ეს, ალბათ, დროთა განმავლობაში გამოიკვეთება, იმის მიხედვით, თუ როგორ დაამთავრებს ტრამპი თავის საქმიანობას: ტრამპიზმი შეცვლის გლობალიზმს თუ ტრამპიზმი გლობალიზმის ნაირსახეობა გახდება. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობა. რას ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის ამბიციები? უპირველესად, ძლიერ ეკონომიკას. დიდი ბრიტანეთი, ფაქტობრივად, არის მსოფლიო საფინანსო სისტემის ჰაბი. ამას ემატება ისიც, რომ არც სამხედრო თვალსაზრისითაა ხელწამოსაკრავი ქვეყანა. ის ბირთვული სახელმწიფოა და მისი ბირთვული არსენალი ეფუძნება ძალიან ძლიერ წყალქვეშა ფლოტსა და სხვა კომპონენტებს. ასევე, ძალიან ძლიერია სამხედრო უშიშროების სისტემაც. თუმცა, ახლა ჩვენ, ერთი შეხედვით, თითქოს ვამჩნევთ კრიზისულ მოვლენებს, ბრიტანული საზოგადოების პერსპექტივის თვალსაზრისით: რამდენად არის დღევანდელი ბრიტანეთი იმ კლასიკური ბრიტანეთის მემკვიდრე, განსაკუთრებით, იმიგრაციის საკმაოდ ლიბერალური პოლიტიკის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი შენგენის ზონას გაემიჯნა, მასაც ჰქონდა ლიბერალური იმიგრაციული პოლიტიკა, რამაც იქ სერიოზული ცვლილებები გამოიწვია, რაც საფრთხედ ექცა. ტრამპიც მიუთითებს, რომ ასეთი იმიგრაციული პოლიტიკა ევროკავშირისთვის საფრთხეა და ბრიტანეთისთვის კი უკვე ხელშესახები ფენომენია. ბრიტანეთი ცდილობს ამ ახალ რეალობასთან ადაპტაციას და ექსპერიმენტების პოლიგონიც კი არის. მაგალითად, ლონდონის მერი წარმოშობით პაკისტანელი გახლავთ; ბირმინგემის, ანუ ბრიტანეთის მეორე ქალაქის, მერიც იმიგრანტია, რომელმაც ინგლისურიც კი არ იცის კარგად. ბრიტანეთში არაორგანიზებულად შესული იმიგრანტები ვერ ინტეგრირდებიან ბრიტანულ საზოგადოებაში და ეს პრობლემებს წარმოშობს. პრობლემები იმდენად სერიოზულია, რომ შიგადაშიგ შეტაკებებამდეც კი მიდის საქმე. თუმცა ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემა ცდილობს ახალ რეალობასთან ადაპტირებას, რომ არ გაამკაცროს იმიგრანტებთან დამოკიდებულება. ერთი მხრივ, იმიგრანტები იაფი მუშახელია და დემოგრაფიული პრობლემების გათვალისწინებით, ბრიტანული ეკონომიკის მხარდაჭერის ერთ-ერთი ელემენტი, რის ხელაღებით უარყოფა შეიძლება, იყოს არამიზანშეწონილი და რეალურად, შეუძლებელიც კი. ეს შეიცავს გარკვეულ ხიფათს არაპროგნოზირებადობის თვალსაზრისით, მაგრამ ამით ბრიტანეთის როლი საერთაშორისო არენაზე ჯერჯერობით არ დამცრობილა. მაინც ყველაფერი ეკონომიკაზეა დაშენებული და მისი გასვლა ევროკავშირიდან თავისთავად ბევრ რამეზე მიანიშნებდა. ხომ ვამჩნევთ, რომ თემაზე, რასაც „ბრექსიტი“ ერქვა, მაინცდამაინც სიღრმისეულად არ მსჯელობენ?! ახლახან ისლანდიამ უარი განაცხადა ევროკავშირში შესვლაზე და ერთი აურზაურია, მაგრამ ჩვენ ამას ნაკლებად ვაკვირდებით, არ ვმსჯელობთ – ბრიტანეთი, ეს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რატომ გავიდა ამ კავშირიდან, ევროკავშირი რომ ჰქვია და რატომ დაუტოვა ლიდერობა გერმანიას და საფრანგეთს?! ამ კავშირის უპერსპექტივობის გამო თუ იქ ყოფნით ეკონომიკურად და პოლიტიკურად ზარალდებოდა?!
– როგორია დასავლეთისთვის იდეალური რუსეთი?
– დასავლეთს მიაჩნია, რომ, თუ რუსეთში არ იქნება დასავლური ყაიდის დემოკრატია და თუ მისი რესურსები არ ჩაერთვება დასავლურ ეკონომიკაში, იდეალურ ვარიანტში კი – არ გაკონტროლდება დასავლეთის მიერ, ვერ გადაჭრიან, განსაკუთრებით ჩინეთის პრობლემას, რომელიც მთავარი საფრთხეა დასავლური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემისთვის, რადგან უკვე, ფაქტობრივად, თანასწორად უწევს კონკურენციას ჩინეთი დასავლეთს ბევრი მიმართულებით. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ერთპარტიულია და არც ადამიანის უფლებებია დასავლური გაგებით დაცული, მაგრამ მან მაინც მიაღწია შედეგს. ეკონომიკურად მსოფლიოში მეორე გახდა და კიდევ წინ მიდის. ტექნოლოგიების მიმართულებით გარღვევას აპირებს და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ამას რა მოჰყვება, არავინ იცის. შესაბამისად, ეს განაპირობებს იმას, რომ ბრიტანეთმა უნდა გააძლიეროს თავისი ამ პროცესში ჩართულობა. მით უმეტეს, როდესაც ტრამპი ევროპას აკრიტიკებს და ემიჯნება. ამით გაიზარდა დიდი ბრიტანეთის როლი, მისი ბირთვული პოტენციალის გათვალისწინებით და, ასევე, ვიცით, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები, რომლებიც ყოველთვის ამერიკულ სპეცსამსახურებთან ალიანსში იმოქმედებდნენ, მათ შორის, ძალიან ძლიერია „მი 6“ და მისი ქართულგვარიანი ხელმძღვანელი ქალბატონი. წარმოშობით არ არის ქართველი, მაგრამ ქართული გვარი აქვს, იმიტომ რომ მისი დედის მეუღლე იყო ქართველი. ბრიტანეთის აი, ეს გავლენა ძალიან ძლიერია და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბრიტანეთი რუსეთთან დაპირისპირებაში, თუ ტრაპმა თავისებურად არ დაალაგა ვითარება უკრაინაში.
– ისტორიულად, რატომ ჰქონდა მკვეთრი დაპირისპირება რუსულ სახელმწიფოსთან?
– ბრიტანეთში ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ ყოფილიყო აქტორი მსოფლიო პოლიტიკის არენაზე, განსაკუთრებით, ევროპის არენაზე, იმპერიული დიდებისა და ძლიერების თანდათანობითი შესუტების მიუხედავადაც. ორივე მსოფლიო ომში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. შესაბამისად, არსებითი მონაწილეობა მიიღო იმ სისტემის შექმნაში, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და გაგრძელდა, როგორც დაპირისპირება სოციალისტურ საბჭოთა სისტემასა და დასავლეთს შორის. აქაც დიდ როლს ასრულებდა ბრიტანეთი და, შესაბამისად, დღესაც ასეთ როლს ასრულებს, რაც ტრანსფორმირდა რუსეთთან დაპირისპირებაში. დღეს რუსეთი თითქმის მარტოა დარჩენილი და მას ჩინეთის სათანადო მხარდაჭერაც კი არ აქვს. ჩინეთი განაგრძობს განვითარებას და პანდემიამაც ვერ შეარყია, თუმცა ეკონომიკური ზრდა შენელდა, მაგრამ ევროპისთვის ძალიან ძლიერი და დიდი გამოწვევაა. ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მეწინავეობას ვინც შეინარჩუნებს, ის იქნება ყველაზე ძლიერი ფინანსურ-ეკონომიკურადაც, რაც არსებითია და მეორე მხრივ, სამხედრო თვალსაზრისითაც. ქართველებს, საბოლოო ჯამში, ეს დაპირისპირება ხელს გვაძლევს, თუ გვეყოლება პოლიტიკოსები, რომლებიც სათანადო მანევრებს ჩაატარებენ დაპირისპირებულ მხარეებთან, მთავარ აქტორებთან. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული ბედისწერა ისეთია, რომ სულ მთავარ აქტორებთან გვიწევს ურთიერთობა. ეს კარგიცაა, მაგრამ, როდესაც, ძირითადად, იმპერიების შემადგენლობაში იყავი, სრულად დაპყრობილი ან დამოკიდებული, ამის გაკეთება რთული იყო. დღეს რეალურად გვაქვს შანსი, თუ სწორ მანევრირებას მოვახდენთ. ამის მცდელობები, ობიექტურად უნდა ვთქვათ, ოღონდ თავისებური, ჰქონდა სააკაშვილს და თავისებური მიდგომა აქვს ივანიშვილს. ცდილობს, მაგრამ მანევრი ძალიან უჭირს, იმიტომ რომ ის მიუღებელია, გარკვეული თვალსაზრისით, დასავლური ისტებლიშმენტისთვის. ამიტომ ყველანაირად ცდილობს, მოქნილად იმოძრაოს, რაც ძალიან რთული იქნება. რამდენად წარმატებული იქნება მისი და ჩვენი მომდევნო ხელისუფლებების მანევრი მთავარი აქტორებისადმი, ამას დრო აჩვენებს. ვიმეორებ, ჩვენთვის ხელსაყრელი არ არის, რომ ეს დაპირისპირება ერთი რომელიმე მხარის ტრიუმფით დამთავრდეს, იმიტომ რომ, მაგალითად, ევროკავშირის დომინანტურმა როლმა აჩვენა, რომ ეს გარშემო სივრცეში შეცდომების დაშვების შანსებს ზრდის და ჩვენ ვიცით, რომ ევრობიუროკრატიამ სერიოზული შეცდომები დაუშვა. გადაამეტა თავის უფლებამოსილებას ზოგი მიმართულებით, კერძოდ, პროგრესული ტენდენციების წახალისებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო და რითიც თავის თავს შეუქმნა პრობლემები და ბევრი მიმართულებით, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა. დიდი ბრიტანეთი მსოფლიო პოლიტიკის არენაზე ჯერ კიდევ არსებითი მოთამაშეა. ამ შემთხვევაში რუსეთი ისტორიულად ასრულებს კართაგენის როლს, რომელიც დაპირისპირებულია წინ მიმავალ დასავლეთთან. ამდენად, რუსეთისთვის დიდი ხიფათია ეს დაპირისპირება. ის წააგებს ამ დაპირისპირებას, იმიტომ რომ დასავლეთი მოიცავს მთავარ აქტორებს, შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის სახით, მაგრამ სულ ვიმეორებ და მინდა, რომ ჩვენმა მკითხველმაც იცოდეს: არ უნდა დავივიწყოთ, რომ, მართალია, კართაგენი დაინგრა, მაგრამ არც რომს მოსვლია უკეთესი – ის დაეცა. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ გონს უნდა მოვიდეს ორივე მხარე ამ ბირთვულ ეპიქაში და ნუ გაიზიარებენ ნურც კართაგენის და ნურც რომის ბედს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





