პოლიტიკა

კრემლური მინიშნებანი

№36

ავტორი: ნინო ხაჩიძე 54 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ამბავი დასავლეთისკენ მოცქირალისა

ისე მოხდა, რომ ბიშკეკის სამიტს, მართალია, საქართველოდან „ბორჯომი“ დაესწრო, იმიტომ რომ საერთაშორისო მინერალური წყალია, მაგრამ აი, ფაშინიანმა და პუტინმა კი ერთმანეთს თვალი გაუსწორეს და თუმცა ამ ტიპის საჯარო შეხვედრებისას პრობლემები არ წყდება, სამაგიეროდ, ისინი მეტად ინფორმაციულია.

შესაბამისად, ინფორმაციული იყო ბ-ნების ნიკოლისა და ვლადიმირის დიალოგიც, ოღონდ მე მხოლოდ ერთ პასაჟზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც პუტინის მინიშნებით დაიწყო, რომ ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირში ერთდროულად ვერ იქნება ერევანი, იქ თუ მიდიხართ, აქედან უნდა გახვიდეთო. რაზეც სომხეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ჯერ ევრაზიული კავშირიდან გასვლის აუცილებლობა არ დგას (ან კი როგორ იდგება, როდესაც ევროკავშირში აშკარადაც ამბობენ, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება ილუზიააო და, მეორე მხრივ, სომხეთის ეკონომიკა სწორედ რუსეთზეა დამოკიდებული, მათ შორის, გაზის ფასიც), მაგრამ, როგორც კი დადგება, არჩევნის გაკეთება მოგვიწევს ან რეფერენდუმით, ან სხვაგვარადო.

ცხადია, არა მარტო მე, თვით ნიკოლ ფაშინიანმაც კი არ იცის, როდის რა მოუწევს, მაგრამ, თუ ვლ. პუტინის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, კარგი არაფერი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთისგან (იმიტომ რომ საქართველოსა და უკრაინის მაგალითები მოწმობს, რომ რფ-დასავლეთის დაპირისპირებაში ჩვენნაირებს იმ ნაფოტების როლი აქვთ, რომლებიც უმოწყალოდ ცვივა), თუმცა რფ-ის პირველკაცმა გიუმრის სამხედრო ბაზაც ახსენა და გვაჯერებს, რომ (ციტატას მოვიშველიებ): „თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთს არ სჭირდება, ჩვენ წავალთ, თუნდაც, ხვალ. მაგრამ სომხეთი ამისთვის მზად არის? ჩვენ არავის არაფერს თავს არ მოვახვევთ. ხოლო თუ სომეხ ხალხს უნდა, რომ სიახლოვეს რუსული სამხედრო ფრთა იყოს, ჩვენ დავრჩებით, ვიმუშავებთ, ვითანამშრომლებთ“.

მიუხედავად იმისა, რომ არ მგონია, რუსეთის პირველი პირი სომეხი ხალხის ჭკუასა და სურვილებზე დადიოდეს, გამოცანად ის რჩება, მაინც რაზე მიანიშნა დასავლეთისკენ მიცქირალ ნიკოლს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი