პოლიტიკა

Why not

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.09

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვინ არის იხვი?!

რაკი გეოპოლიტიკური ჯახი მწვავდება და დაპირისპირებული მხარეები პოზიციებს იმაგრებენ, ზედაც, თავიანთ მომხრეებს იბევებენ (დევიზი კი ასეთია: ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია), ბუნებრივია, ზოგიერთი ევროპარლამენტარის პათოსიც გახისტდა. სულ ახლახან თბილისს ვინმე რასა იუკნევიჩიანე ეწვია (ვიცი, რომ ეს სახელი გვარი არაფერს გეტყვით, ამიტომ მოგახსენებთ, რომ იგი ევროპარლამენტარია ლიეტუვიდან), რათა მონაწილეობა მიეღო კონფერენციაში - „გარდამტეხი წელი“ (ცხადია, წელი გარდამტეხია, რადგან არჩევნებია და, ელემენტარული ლოგიკით, აუცილებელია, რომ ყველა მოკავშირემ, რეალურად სატელიტმა, უსიტყვოდ შეასრულოს, რაც გეოპოლიტიკას დასჭირდება, თუნდაც, საკუთარი არსებობის ფასად, რაც, ცხადია, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლად შეიფუთება).

მოკლედ, გვეწვია და გვაუწყა, შემდეგი: „მიდგომების შესაცვლელად საჭიროა მხოლოდ დებიძინიზაცია, რადგან ეს კაცი დგას ყველაფრის უკან, მათ შორის „ნატოს“ წევრობის კურსის შეცვლის უკან („ნატოზე“, ვფიქრობ, გადაამლაშა: ვინაიდან „ნატოს“ გენმდივანმა, ჩვენ ვის დავკარგვივართ, უკრაინას უთხრა, „ნატოში“ ვერაო), რა თქმა უნდა, ახსენა კრემლის ნარატივი და ქართველი ამომრჩეველი შეაგონა: იცოდეთ, ხმას აძლევთ ევროპულ ცხოვრებას ან „რუსკი მირსო“.

ცხადია, ქ-ნი იუკნევიჩიანე თითლიბაზობს და ეს ბუნებრივია, ოღონდ მისი ბრალიც არ არის ეს დირექტიული ტონი და იმის რწმუნებაც, რომ მისი აზრები ვინმეს აინტერესებს. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსი პრეტენზიული ტონალობა არახალია ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან, ამის პირველწყარო ჩვენი საკუთარი ინფანტილიზმია, როდესაც აქეთ-იქით ვაწყდებით და ხან ერთს მივეკედლებით მეორეზე ნაწყენები და ხელგაწვდილები, ხან მეორეს – პირველზე ნაწყენები და ხელგაწვდილები.

რაც მთავარია, ზემოხსენებულმა ქ-ნმა ბრძანა (მომყავს ციტატა): „ძალიან მომწონს ამერიკული გამოთქმა: თუ ის გამოიყურება, როგორც იხვი, ცურავს, როგორც იხვი და ყიყინებს, როგორც იხვი, ესე იგი, ის ნამდვილად იხვია“. შესაბამისად, იხვი იხვია, ბატი კი – ბატი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა