პოლიტიკა

ვირთხიდან ხარისკენ

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.01, 2021 წელი

ვირთხიდან ხარისკენ
დაკოპირებულია

„ვინც დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთა“.

თუ ჩვენებურ კალენდარს ვერწმუნებით, თუ მთლად 1 იანვარს არა, 14-ში უკვე ნამდვილად წარსულს ჩაჰბარდება 2020, რომელმაც, მართლაც, ისე ივირთხა, რომ სრულიად შეცვალა დედამიწაზე აქამდე არსებული წესრიგი (თუ უწესრიგობა, ანუ შეჩვეული ჭირი), თუმცა, ჩინური კალენდრით, ვირთხა ისევ ფორმაშია, ოღონდ თებერვლამდე.
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსი ისევ ვრცელდება, ზოგი ავადდება, ზოგსაც გული შიშით უსკდება, ზოგიც ამიერს ტოვებს და იმიერში გადასახლდება, ზოგი ვაქცინას ელის, ზოგს დაჩიპვის ეშინია, ზოგი ფულს აკეთებს, ზოგიც კოტრდება, თუმცა (მეტ-ნაკლებად) ყველა მისდევს რუსთველის თეზას: „მძულს უგულო სიყვარული ხვევნა-კოცნა“, ზედაც – „მტლაშა-მტლუში“, ამიტომაც ხან მუშტებს ურტყამენ ერთმანეთს და უფრო ხშირად 2-2-მეტრიან დისტანციას იცავენ (იმიტომ რომ ამიერიდან ადამიანი ადამიანისთვის სასიკვდილოდ საშიშია, არადა მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვიტია?!) პირბადეებით სახედაფარულები.

იმის გათვალისწინებით – რომ ხელებიც ყოველთვის უნდა დაგვებანა და ერთმანეთისთვის სახეში არ უნდა შეგვეცემებინ-შეგვეხველებინა, ტანსაცმელიც უნდა გაგვენიავებინა ხოლმე კარადაში მოთავსებამდე, სადარბაზოები და ქუჩები არ მიგვეღორებინა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ – დიდად საშიში მაინც არაფერია და, თუმცა პირადად მე ვეჭვობ, რომ ვირუსი ხელოვნურია (მაშ, რამ ააყვავა იქით – ეს ვირუსგამავრცელებელი ჩინეთი, უფრო ზუსტად, მისი ეკონომიკა, აქეთ კი – დონალდ ტრამპს, ფაქტობრიბად, მოგებული არჩევნები წააგებინა?!), თუ გავიხსენებთ, რომ ვირუსების სამყარო იმაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, ვიდრე დედამიწის ფლორა-ფაუნა, ერთად აღებული, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის იმუნური სისტემა ყველაფერს მოერევა (სხვა რომ არაფერი – ამ სამყაროს გაცილებით კრეატიული შემქმნელი ჰყავს, ვიდრე ერთად აღებული ყველა თანამედროვე მილიარდერ-მეცნიერი), ჰოდა, ექსპერიმენტი, გნებავთ, ჩანაფიქრი: „დედამიწა, ანუ წუთისოფელი“, სწორედ მაშინ დასრულდება, როდესაც დასრულება უწერია.

შესაბამისად, ვფიქრობ, 2021-შიც შოთას შეგონებებს უნდა მივყვეთ: ცუდია დაღრეჯილობაო (სიკვდილს მაინც ვერ იხსნისო) და პატრიარქის სიტყვებითაც შევგულიანდეთ, რომ ღმერთი კორონავირუსის გამო თავის გეგმებს ჩვენდამი არც კი გადახედავს, ვინაიდან, „ვინც დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთა“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – კორონავირუსის პანდემიის) და, რაც მთავარია – თეთრი ხარიც ვირთხაზე უკეთესი ტიპი მგონია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი