ვინ მოკლავს კაშჩეის?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.07
ანუ აზრზე მოდი, ხიდზე გადი
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რაკი „ნატოში“ უკრაინის გაწევრიანება (ჩვენიც, რასაკვირველია) იმ ჰორიზონტს დაემსგავსა, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო რომ გშორდება, „ნატოს“ საიუბილეო სამიტმაც დიდად ვერ მოჰფინა ნათელი ამ საკითხს. შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ 60-მა დასავლელმა ანალიტიკოსმა „ნატოს“ წევრ ქვეყნებს სთხოვეს, არ დაუშვან უკრაინის „ნატოში“ მიღება (წინასწარი მონაცემითვე იყო ცნობილი, რომ უკრაინას ხიდს შესთავაზებდნენ „ნატოში“). სულ ახლახან კი თავად Bloomberg-მა გვამცნო, რომ „ხიდი უკრაინისთვის „ნატოში“ ტრამპლინია არსაით.” მათ უკრაინას ბოდიშიც მოუხადეს (როგორც ჩანს, „ნატოს“ წევრებმა არ იციან, ბოდიში რომ წამალი იყოს, ძმათა სასაფლაოებიდან დაღუპულები წამოდგებოდნენ), ვინაიდან გამოცემამ დაასკვნა, რომ (მომყავს ციტატა): „ნატოს“ სამიტმა ჯვარი დაუსვა უკრაინის მისწრაფებას ნატოში“, თუმცა დასძენენ, რომ „ნატოს“ წევრები უფრო გულმოდგინედ უნდა დაეხმარონ უკრაინას, ანუ მხარდაჭერა – ესაა ყველაფერი, რაც ალიანსს შეუძლია, შესთავაზოს.
ამ სტატიიდან რამდენიმე დღით ადრე კი „ნატოს“ გენმდივანმა (მიმავალმა, მაგრამ მაინც გენმდივანმა) ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრძანა, რომ უკრაინას არ დაჰპირებიან, რომ იგი „ნატოს“ წევრი 10 წლის შემდეგ გახდება.
მე არ ვიცი, საიდან აითვალა ბ-ნმა სტოლტენბერგმა 10 წელი, მაგრამ, მეორე მხრივ, სრულ სიმართლეს ამბობს, ვინაიდან ღია კარის პოლიტიკა ვადებს ნამდვილად არ გულისხმობდა, ხოლო, თუ სტატუსების დინამიკას გავიხსენებთ: ღია კარი (სახელდობრ, ჩვენ, ამ ღია კარში, მაგალითად, ასპირანტობაც კი მოგვანიჭეს, ანუ მაფზე გაცილებით მეტი), საიდანაც უკრაინა უკვე ხიდზე გავიდა, სავარაუდოდ, ხიდის ბოლოს ცხრაკლიტულია, რომლის გაღების შემდეგაც იწყება, თუ იწყება, თავდავიწყება, ანუ უკვდავი კაშჩეის სუსტი წერტილის – კვერცხში მოთავსებული ნემსის მოძიება, რაც კაშჩეის იმქვეყნად გასტუმრების საშუალებას იძლევა.
მე არ ვიცი, მოკლავს თუ არა უკრაინა კაშჩეის („ნატოს“ ამის სურვილი აშკარად არ აქვს), ანუ დაამარცხებენ თუ არა რუსეთს, მაგრამ ეჭვია, რომ „ნატოს“ ხელმძღვანელობას პოსტსაბჭოტა სივრცის მოსახლეობის გონებრივ შესაძლებლობებზე მეტად ცუდი წარმოდგენა აქვთ, შესაბამისად, მათ როლსაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცად ხედავენ...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან