პოლიტიკა

როგორ ჯდება გიორგი ბარამიძის განცხადება აფხაზი ტყვეების შესახებ საერთო გეოპოლიტიკურ კონტექსტში

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 51 წუთის წინ

კოტე ფორჩხიძე
დაკოპირებულია

ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უცნაურ განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არ არის, თუმცა ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის (სხვა თანამდებობებს აღარ ჩამოვთვლი, ესენიც საკმარისია) განცხადებამ, რომ ქართველებს აფხაზეთში ტყვეები არ აჰყავდათ და პირდაპირ ხვრეტდნენ, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. მეორე მხრივ, სწორედ „ნაციონალური“ ხელისუფლების დანერგილია მიდგომა შევარდნაძისა და სააკაშვილის ომები, შევარდნაძისა და სააკაშვილის დევნილები, რაც აბსოლუტური აბსურდია. ამას გარდა, გაუგებარია, რატომ არ არის დღემდე დადგენილი, რა ბრალი მიუძღვით უმაღლესი თანამდებობის პირებს საქართველოსგან ორი რეგიონის ჩამოცილებაში. ამ თემას უსაფრთხოების ექსპერტთან, კოტე ფორჩხიძესთან ერთად განვიხილავთ.

– არ მგონია, გიორგი ბარამიძე საღ გონებაზე არ იყოს, ამდენად, მთავარი კითხვაა, რა მიზნით თქვა მან ის, რაც თქვა?

– გასაგებია, რომ თვითონ განცხადება იყო პროვოკაციული შინაარსის, იმიტომ რომ ამან საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობა გააჩინა. ბუნებრივია, შეეხო სამხედროებს, მაშინ, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებს არასდროს დაუდანაშაულებიათ საქართველო ომის დანაშაულის გამო. ასეთი ფაქტები არ გამოვლენილა, მათ შორის, არც 1992-1993 წლებში. მართალია, ის პერიოდი ნაკლებადაა შესწავლილი, მაგრამ, დამერწმუნეთ, ასეთი ფაქტები რომ მომხდარიყო, მათ შესახებ ცნობილი იქნებოდა და არაერთ განცხადებაში მოხვდებოდა ევროპული ორგანიზაციების მხრიდან. რატომ ითქვა ეს ახლა?! იმიტომ რომ ეს არის იმის გაგრძელება, რასაც დასავლეთი აკეთებს საქართველოს მიმართ: მთელი ამ წლების განმავლობაში ცდილობენ, როგორმე ჩაითრიონ კონფლიქტში, როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინიდან ყურადღება გადაიტანონ სხვა რეგიონზეც, გაჩნდეს სხვა ცხელი წერტილიც, თან, სად? კავკასიაში, რომელიც ფეთქებადსაშიშია და კონფლიქტის გაღვივება ააფეთქებს არა მარტო სამხრეთ კავკასიას, არამედ მიმართული იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებისკენაც. ამ კავშირიდან გამომდინარე და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილო კავკასიაში ისლამური ფუნდამენტალიზმი სულ არსებობდა, ასევე, მიძინებული კონფლიქტებიც, თუ საქართველოში კონფლიქტი გაღვივდება და თუ უფრო მეტად გააღიზიანეს რუსეთი, ის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის, რაც ამ პერიოდში არის და მშვიდობა, რომელიც შენარჩუნებულია, დაირღვევა. სწორედ ამის წინააღმდეგაა ეს განცხადება მიმართული. არ მგონია, ბარამიძე ისეთი სულელი იყოს, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. არ დაგვავიწყდეს, ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური ფიგურაა და საკმაოდ გავლენიანიც იყო თავის დროზე. ის ხელმძღვანელობდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე შემდეგ. ამდენად, ამ პირის მიერ გაკეთებული განცხადება, სხვა შინაარსი რომ არ ვეძებოთ ამის უკან, არის უპასუხისმგებლობა. თვითონ ამ პიროვნებას არ ეკადრება ასეთი განცხადების გაკეთება, იმიტომ რომ თავად მუშაობდა სამხედრო სტრუქტურაში. მონაწილეობდა შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, მე არ ვაფასებ მის მუშაობას, უბრალოდ, ფორმალურად მისი ფუნქცია-მოვალეობა იყო სამხედრო მოსამსახურეების დაცვა.

– და, შესაბამისად, უკვე პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ სწორედ ის არის მსგავსი განცხადების ავტორი.

– მიმაჩნია, რომ ეს შეგნებულადაა გაკეთებული იმისთვის, რომ დაიძაბოს ვითარება. თან, ვისთან? ვეტერანებთან, რომ ომის ვეტერანებში გაეღვიძებინათ დაძაბულობისკენ მოწოდების განწყობები. ხომ გასაგებია, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას?! განცხადებები დე-ფაქტო აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობებისგან. ამას, ასევე, მოჰყვა განცხადება რუსეთის მხრიდან და რუსეთმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ის, რასაც ითხოვს მთელი ამ წლების განმავლობაში: თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალთან და სოხუმთან. ეს განცხადება, ფაქტობრივად, არის დაძაბულობის გაღვივებისკენ გადადგმული ნაბიჯი. სხვაგვარად ამას ვერ შევაფასებ. მით უმეტეს, რომ სამხედრო მოსამსახურე ვარ და ვიყავი ომის მონაწილე. ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, მიწევდა ტყვეებთან შეხვედრა. ბარამიძემ ახსენა, რომ ქართული მხარე ტყვეებს არ ცვლიდა. არადა, მე მახსოვს კიდეც ტყვეების სახელები და გვარები, რომლებმაც ჩემს ხელში გაიარა და ისინი გაიცვალნენ. ტყვეებს შორის იყვნენ საველე მეთაურებიც და არც ერთ ჩვენიანს თავში აზრად არ მოსვლია, რომ ისინი დაეხვრიტა. იმიტომაც ვამბობ, რომ ბარამიძის ეს განცხადება უპასუხისმგებლობაა, რომ მან პასუხი უნდა აგოს ზუსტად ამ განცხადების გამო – უნდა დაადასტუროს ეს ფაქტი, მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები, ვინ, როდის, რა პირობებში აიყვანეს ტყვედ ქართველებმა და ადგილზე დახვრიტეს. მე ვამბობ, რომ მსგავსი ფაქტები არ ყოფილა. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, დამერწმუნეთ, ვერც აფხაზურსა და ვერც ოსურ მხარეს, ვერც რუსულ მხარეს ვერ გააჩერებდი. ისინი ყოველთვის ააფრიალებდნენ მათ სახელებსა და გვარებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამას საქართველოს ჩაუთვლიდნენ, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ოპოზიცია უკვე აგონიაშია და მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მათი მთავარი დაკვეთა დღეს არის, რომ როგორმე აიძულონ საზოგადოება, წარმოიშვას კიდევ ერთი ცხელი კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს თუ არა, თბილისსა და რუსეთის ანკლავებს შორის საქართველოში. გაითვალისწინეთ, რომ ეს განცხადება ბარამიძემ თითქმის მაშინვე გააკეთა, როგორც კი ნაურუმ უკან გაიწვია სოხუმისა და ცხინვალის აღიარებები. აქვე ვიტყვი, რომ სირიაში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ გააუქმა ბაშარ ასადისდროინდელი ყველა ნორმატიული აქტი. ჩვენ სირიის ახალ ხელისუფლებასთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ამიტომ ტელევიზიითაც მოვუწოდე ხელისუფლებას და ვიმეორებ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იქნება კიდევ ერთი ქვეყნის გამოცლა ამ აღიარებებიდან. ასევე, ვენესუელაში შეიცვალა ხელისუფლება და იქ პროამერიკული რეჟიმი მოვიდა. ასე რომ, სამუშაოა ამერიკელებანაც, უნდა გადაიდგას დიპლომატიური ნაბიჯები, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არ იქნება რთული, აიძულონ ვენესუელის ახალი ხელისუფლება, რომ აღიარებები უკან წაიღოს. მაგრამ, რატომღაც, ეს არ ხდება. ამერიკელებისაგან ასეთი ნიშნები არ ჩანს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი განსახილველია ერთ კონტექსტში. ერთ კონტექსტში ამის განხილვა კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ იქნება პროვოკაციები და შესაძლებელია, სხვა ტიპის პროვოკაციებიც ვიხილოთ.

– რას გულისხმობთ სხვა ტიპის პროვოკაციებში?

– ვგულისხმობ დივერსიულ აქტებს. მაგალითად, ელექტროენერგიის სისტემაში რაც ხდება, მიმაჩნია, რომ უნდა იქცეს გამოძიების საგნად. როგორც ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება და, ალბათ, შესაბამის შედეგებს დადებენ, შესაბამის დასკვნასაც გამოიტანენ და განახორციელებენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რომ ასეთი რამ არ მოხდეს.

– გასაგებია, რომ სეპარატისტებმა ირეაგირეს ბარამიძის უსაფუძვლო განცხადებაზე, მაგრამ კრემლს, თუ ესმის, რატომაც კეთდება მსგავსი განცხადებები და ის, რომ ეს მათი ინტერესი არ არის, რატომ ჰქონდა, ასევე, ხისტი რეაქცია?

– კრემლი ახლა ვერ გააკეთებდა სხვა განცხადებას.

– დაძაბულობა თუ დაიწყო საქართველოში, გადავა ჩრდილო კავკასიაზეც და მაშინ რატომ უმატებენ ნავთს ცეცხლზე? რატომ არ იქცევიან უფრო დიპლომატიურად?

– კრემლმა გააკეთა განცხადება, რომ ხელი უნდა მოაწეროთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, ანუ გაიმეორეს იგივე, რასაც ამბობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. დიახ, ასეთი იყო მათი რეაქცია, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდეს დუგინის ბოლოდროინდელი განცხადებებიც, ის კი კრემლის მთავარი იდეოლოგია. მან თქვა, დროა, რუსეთმა იფიქროს, ამა თუ იმ ფორმით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების შესახებო. ასეთი განცხადებებიც კეთდება, ამიტომ რთულია ერთმნიშვნელოვნად რამის თქმა. სიტუაციის პროგნოზი რთულია, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება, რუსეთის შემდგომი ვექტორი მომართული იქნება ჩვენკენ და ეს მოხდება შიგნიდან პროვოცირებით და შემდეგ ამაზე რეაქციებით იმავე დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან თუ სხვა მეთოდებით, საბოლოო ჯამში, მთელი ეს ბაქკანალია მიმართულია იქითკენ, რომ რამენაირად მიაღწიონ დაპირისპირების ახალი კერის გაჩენას სამხრეთ კავკასიაში. აი, ეს არის მიზანი, რასაც არა მარტო ბატონი ბარამიძე, არამედ სხვებიც მინიშნებით აკეთებდნენ ხოლმე. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებამაც, რომელიც აბსოლუტურად ადეკვატური იყო, გაღიზიანება გამოიწვია. საბაბი მიეცათ აფხაზებსაც და ოსებსაც, ეთქვათ, რომ აი, ომი დაიწყო საქართველომ. ხომ გახსოვთ, რაზე დავობდნენ?! შვიდ აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი თუ რვაში. სინამდვილეში, კობახიძემ თქვა აბსოლუტური სიმართლე: რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ რვა აგვისტოს.

– მკაფიოდ მახსოვს, თუმცა როკის გვირაბთან იმყოფებოდნენ რუსული საჯარისო ნაწილები. ეს დასტურდება რუსული ოფიციალური წყაროებით. საქართველოს ტერიტორიაზე კი რვაში შემოვიდნენ.

– დიახ, არის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეომასალები არსებობს; არსებობს უშიშროების საბჭოს მასალები; არსებობს გენერალური შტაბის უფროსის – ზაზა გოგავას ჩანაწერები. ეს ჩანაწერები ინახება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არქივებში და, მათ შორის, მეც მაქვს შენახული დღემდე. ბატონი ზაზა გოგავა ამბობს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ მთელ ტერიტორიას და ასე შემდეგ. ეს იყო ფაქტი და ამ ფაქტს ვერ გაექცევიან და სწორედ ეს აღიზიანებთ. თქვენ შესავალში თქვით, რომ სამართლებრივად არ შეფასებულა არც 1992-1993 წლები; ვინ მიიღო 1992 წლის აგვისტოში გადაწყვეტილება, შევსულიყავით აფხაზეთში, რა იყო ამის სამართლებრივი საფუძველი; ან რატომ არ არის შეფასებული იურიდიულად იმავე 2008 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები?! სწორედ ეს იძლევა მუდმივი მანიპულაციისა და მუდმივი ინტერპრეტაციების საშუალებას. ვისაც როგორ უნდა, ისე აფასებს. ოპოზიცია თავისებურად ხედავს, ხელისუფლება – თავისებურად, მაგრამ, ასევე, არსებობს საერთაშორისო დოკუმენტები რომლებიც ადასტურებს იმას, რაც პრემიერმა თქვა. სხვათა შორის, 2008 წელს იურიდიულად არანაირი ომი არ ყოფილა. ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტი. მოვიტან ამონარიდს ტალიავინის დასკვნიდან: 7 აგვისტოს, 22:45 საათზე საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს ცეცხლი და, მათ შორის, ჭურვი მოხვდა ეუთოს მისიას და დაიღუპნენ ეუთოს მისიის ჯარისკაცები. ასევე, სროლა იყო რუსეთის სამშვიდობო ძალების მიმართულებით. ეს სიტყვა სიტყვით წერია ტალიავინის დასკვნაში. ამას გარდა, მე მქონდა საშუალება, გავცნობოდი აშშ-ის ელჩის ტეფტის რეპორტებს, რომლებსაც ის აგზავნიდა. თავის დროზე გასაჯაროვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ ნათლადაა მითითებული ის, რაც წერია ტალიავინის დასკვნაში, თუ როგორ ეუბნებოდა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს, რომ შემოტევები ოსური მხრიდან არის პროვოკაციები და რომ საქართველოს არ უნდა გადაედგა ნაბიჯი შეიარაღებული კონფლიქტისკენ. ეს დოკუმენტურადაა დადასტურებული. ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების რაპორტებში და ეს ძალიან კარგად იციან „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი