პოლიტიკა

ინტერესების მადლმოსილება

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 51 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის სავაჭრო გემების დაკავებას უნდა მიჰყოს ხელი. ბუნებრივია, უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვის პათოსით, თუმცა ამ ფაქტებს რფ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას სარკისებურ პასუხს გასცემს.

ეს ამბავი რფ-ის პირველკაცმა სარაკეტო კრეისერ „ვარიაგიდან“ გვამცნო, როდესაც რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას აკვირდებოდა და დამატებით დაგვარწმუნა, ჩვენ რა – ის ქვეყნები დაარწმუნა, ვინც რუსეთის სავაჭრო გემების დაკავებას აპირებს, რომ (ციტატას მოვიშველიებ): „რუსეთი თავის გემებზე თავდასხმებს ნებისმიერ ადგილას უპასუხებს... ეს მხოლოდ იმ წყლებში არ მოხდება, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება, არამედ ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩავთვლით, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში.“

რადგან ჯერ არც ერთი რუსული სავაჭრო გემი არ დაუკავებიათ, არ ვიცით, რა ფორმით მოიყვანს სისრულეში თავის ქადილს რუსეთის ლიდერი, თუმცა თითქმის იმავდროულად შევიტყვეთ, რომ უკრაინამ შეაჩერა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები იმ ტანკერებზე, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკის პორტს იყენებდნენ. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რატომ შეაჩერა? იმიტომ რომ ჯეი დი ვენსმა ოკეანის გაღმიდან ვოლოდიმირ ზელენსკის შეჩერებისკენ მოუწოდა.

ასევე, ბუნებრივია, იბადება მეორე კითხვა, რატომ მოუწოდა ბ-ნმა ვენსმა ის, რაც მოუწოდა? პასუხიც მარტივია: იმიტომ რომ ვაშინგტონი შიშმა შეიპყრო, რაკი თავდასხმები არყევდა გლობალურ ნავთობის ბაზრებს და, რაც მთავარია, აზიანებდა აშშ-ის ინტერესებს; სახელდობრ, Chevron-ისა და Exxon-ის წილებს ყაზახეთის მთავარ საექსპორტო მარშრუტში. აქედან გამომდინარე კი იბადება დასკვნა: წყალსაც წაუღია უკრაინის ინტერესები, თუ ვაშინგტონის ინტერესები ილახება?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი