რა ანომალიური, აქამდე უჩვეულო კლიმატური მოვლენები გამოიწვია ელ–ნინიომ საქართველოში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00
მთელი დედამიწა აკვირდება, როგორ იცვლება კლიმატი: ზოგან აუტანელი სიცხეა, ზოგან – გადაუღებელი თავსხმა წვიმები, მდინარეები შრება და დიდდება, ტყეები იწვის, მეწყრები აქტიურდება, რაც საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის ადამიანებს და, თან, თითქმის ყველა ქვეყანაში და კონტინენტზე. ეს ელ–ნინიოს გავლენაა, რომელიც პირველად მეთევზეებმა შენიშნეს მეჩვიდმეტე საუკუნეში. კერძოდ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ წყალი იმდენად თბებოდა, რომ თევზის ოდენობა იკლებდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ელ–ნინიო კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა. ამ თემაზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე გვესაუბრება:
– მოსალოდნელი იყო, რაც ახლა ხდება დედამიწაზე, კლიმატის ცვლილებას ვგულისხმობ?
– დიახ, ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვამბობდით, რომ ელ-ნინიოს გავლენა შესამჩნევი გახდებოდა და ასეც მოხდა. ჩვენ ამ მოვლენის ზემოქმედების განაპირას ვართ და ამიტომ ჩვენთან ზუსტად წვიმებით გამოიხატება. სხვათა შორის, იაპონიაშიც, იმიტომ რომ ისიც განაპირა რეგიონია. კონტინენტის ევროპულ ნაწილსა და ამერიკაში უფრო მაღალი ტემპერატურებია დაფიქსირებული. ელ-ნინიო ფორმირდება წყნარი ოკეანის ზედაპირზე რამდენიმე წელიწადში ერთხელ და ზემოქმედებას ახდენს თითქმის ყველა კონტინენტზე; ვრცელდება როგორც ჩრდილოეთისკენ, ასევე სამხრეთისკენ, თუმცა წლევანდელი გამოირჩევა და ამიტომ დაარქვეს სუპერელ-ნინიო. იმიტომ რომ უფრო მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, ჩვენთან ჯერჯერობით გამოვლენილია წვიმებით, თუმცა მიმდინარე კვირიდან ტემპერატურის მატებაცაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში – 34-36 გრადუსამდე, შეიძლება, მზეზე უფრო მეტიც დაფიქსირდეს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ კავკასიონი გვიცავს და ზუსტად აქედან გამომდინარე, ნალექად გადმოდის ჩვენთან. წელს ძალიან დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა და მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი და ძლიერი წვიმები იქნება. კლიმატური მოვლენები ძალიან უცნაურად ვითარდება მსოფლიოში. აშკარაა, რომ პროცესები დაჩქარებულია და ეს გამოვლინდება მეწყრებში, ღვარცოფებსა და წყალმოვარდნებში. ამ ყველაფერს თან ახლავს ძალიან მაღალი ტენიანობა თითქმის მთელ საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, პრობლემებს ქმნის.
– თუ მხოლოდ წყნარი ოკეანის თავზე, ეკვატორთან ფორმირდება, რატომ აქვს გავლენა ყველა ოკეანის აუზზე?
– ძირითადად, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებზე ვრცელდება, მაგრამ, ასევე, თითქმის ყველგან. უცებ ფორმირდება და გავლენას ახდენს ყველა კონტინენტზე. თუ გახსოვთ, ჩვენთან კრიტიკული იყო 2023-2024 წლები. იყო წყალდიდობები და მეწყრები. შესაბამისად, ახლაცაა მოსალოდნელი მსგავსი მოვლენები. თან, თელავში ერთი ტრაგედია უკვე გვქონდა, ჩამოწვა თელავის ხევი და, ფაქტობრივად, ყველა ხევი ადიდებულია. ვხედავთ, რომ წყალდიდობებიცაა, ურეკშიც იყო წყალდიდობა, ანუ ზემოქმედება სერიოზულია.
– როგორი სქემით გვიცავს მაღალი სიცხეებისგან კავკასიონი?
– კავკასიონი არ აძლევს გადმოსვლის საშუალებას და ილექება. და უკვე მოდის ნალექის სახით და ეს მაღალი ტემპერატურის შედეგებია. მარტო ჩვენთან არ არის ასეთი სიტუაცია, იგივე ხდება იაპონიაში, ანუ ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც, როგორც გითხარით, არის ელ-ნინიოს ზემოქმედების საზღვარზე.
– უხვი ნალექები, როდესაც ერთი თვის ნორმა მოდიოდა ერთ დღეში, 15-20 წლის წინ დაიწყო. ამასაც აქვს კავშირი ელ-ნინიოსთან?
– ეს ცვლილებები არ არის ელ-ნინიოს გავლენა, ეს, ზოგადად, კლიმატის ცვლილების შედეგია. კლიმატის ცვლილებას აქვს რამდენიმე ინდიკატორი, რითიც ჩვენ ვსაზღვრავთ, რომ კლიმატის ცვლილება გააქტიურებულ ფაზაშია: ეს არის ტენიანობის მომატება ატმოსფერულ ჰაერში; მყინვარების დნობა და მყინვარები ბოლო პერიოდში ძალიან სწრაფად დნება კავკასიონზე. გარდა ამისა, ანომალიურ მოვლენად მიიჩნევა, როდესაც ერთ დღეში შეიძლება, სამი თვის ნალექი მოვიდეს ერთდროულად. რაც მოხდა ვერაზე 2015 წელს, როდესაც უცებ ლოკალურად ძალიან დიდი რაოდენობის ნალექი წამოვიდა. 2025 წელსაც საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა. კლიმატის ცვლილების შედეგად ბოლო წლებში ჩვენთან გამოჩნდა ქარბორბალა, კახეთში იყო, ზღვაზე რამდენჯერმე დააფიქსირეს, ჯავახეთშიც. ყველა ეს მოვლენა ისევ და ისევ კლიმატის ცვლილების შედეგადაა გამოწვეული.
– ევროპაში, გარდა მაღალი ტემპერატურისა, ზოგან წყალდიდობებიცაა.
– ზოგან მანამდეც იყო წყალდიდობები, ზოგან – პირიქით, შრება მდინარეები. იმდენადაც კი, ახლა ამოიღეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ნარჩენები. არის შესაბამისი რეაგირებაც. შეჩერდა ატომური ელექტროსადგურების მუშაობა, იმიტომ რომ გაჩნდს ეჭვი, გაგრილების სისტემა ვეღარ იფუნქციონირებდა და შეიძლებოდა, დამატებითი საფრთხე შეექმნა.
– თუ დარჩა დედამიწაზე შედარებით უსაფრთხო ადგილები?
– კლიმატის ცვლილების ფონზე უსაფრთხო ადგილები აღარ გვაქვს. ამდენად, ნუ ჰგონია ვინმეს, რომ სადმე თავს შეაფარებს. ფაქტობრივად, ყველაფერი შეიცვლა და იცვლება ყოველდღიურად, ამიტომ გრძელვადიან პროგნოზს თითქმის ვერავინ აკეთებს. ასე რომ, საფრთხეები უფრო მეტადაა გაზრდილი.
– იმას გარდა, რომ იწვევს ზარალს და ადამიანის სიცოცხლეს სპობს, ეკონომიკის რა სფეროებზე ახდენს გავლენას ელ-ნინიო?
– სოფლის მეურნეობაზე, მრეწველობაზე, ენერგეტიკაზე, ტურიზმზე. ეს ყველაფერი იცვლება და, ამდენად, ყველა სექტორზეა გავლენა. თან, ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, თუმცა, უპირველესად, ყველაზე მოწყვლადი სოფლის მეურნეობაა.
– სწორედ ამიტომ ვარაუდობენ დედამიწაზე საკვების ნაკლებობას?
– არა მარტო ამას. სხვათა შორის, საკვები პროდუქტის მოყვანა ზოგან შეიძლება, უკეთეს პირობებში აღმოჩნდეს, ზოგან – უარესში. ფაქტი ერთია, რომ ტენიანობის მატებისას ძალიან სერიოზული პრობლემაა მავნებლების გაძლიერება. ასეთ დროს ხდება მავნებლების პოპულაციური აფეთქებები.
– იგულისხმება მწერები?
– დიახ და, ასევე, ძალიან სწრაფად ვრცელდება სოკოვანი დაავადებები მცენარეებში, რაც საკვებად უვარგისს ხდის მათ. ამიტომ ადამიანი იძულებულია, უფრო დიდი ოდენობით გამოიყენოს პესტიციდები.
– ცხოველთა სამყაროზე როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება?
– მათ უმცირდებათ საკვების ბაზა. ამიტომ ცხოველი უკვე სხვა ტერიტორიაზე ეძებს საკვებს, რაც შემდეგ უკვე გრძელვადიანად ქმნის პრობლემას. გააჩნია, რა არის ცხოველის საკვები ბაზა. თან, თუ ჩვენ დამატებით შევუწყვეთ ხელი და გადავწვით, რაც მოხდა კახეთის რეგიონში, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ცხოველებისა და ფრინველების მდგომარეობას. ძალიან ბევრი ფრინველი ზუსტად ახლა ბუდობდა, ძალიან ბევრი დამწვარი ბაჭია ვნახეთ. ეს უკვე ადამიანის მოქმედების შედეგია. ცხოველს ისედაც უჭირს და შენ უფრო მეტ გასაჭირს უქმნი. ამას გარდა, გადაწვა ძალიან ცუდია ნიადაგისთვის.
– რა ტიპის ცვლილებებია ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში?
– გახშირდა ექსტრემალური ტემპერატურები და არის ეჭვი, რომ მიგრაციის ტალღა სწორედ ამ ექსტრემალურ ტემპერატურას უკავშირდება.
– პოლუსებზე როგორი მდგომარეობაა? ყველგან დნება მყინვარები?
– ზოგიერთი მონაცემით, 40 პროცენტითაა შემცირებული კავკასიონზე მყინვარების საფარი. ეს იმას ნიშნავს, რომ მცირდება მტკნარი წყლის მარაგი და ნელ-ნელა დაიწყო დენა. ანუ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ადაპტაციური ღონისძიებები, იმ გათვლით, თუ როგორაა შემცირებული მდინარეების წყლიანობა. თითქოს წვიმის შედეგად ზოგი მდინარე ადიდებულია, მაგრამ წყალი გაივლის კალაპოტს და, საბოლოოდ, შეიძლება, დარჩეს ძალიან მცირეწყლიანი მდინარე. ექსტრემალური გადასვლები: დიდი წვიმიანობის შემდეგ უცებ ტემპერატურის მატება, იწვევს საკმაოდ მაღალი პროცენტით აორთქლებას და განაპირობებს იმას, რომ ჩვენი წყლის რესურსი მცირდება. ვგულისხმობ საქართველოს. ჩვენი ამისგან ერთადერთი დამცველია ტყეები, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევინახოთ ეკოსისტემები – თუ გვინდა, წყალი გვქონდეს, აუცილებლად ტყეც უნდა გვქონდეს.
– შავი ზღვიდან თუ გვემუქრება რამე საფრთხე?
– დათვლილია, რომ ერთი საუკუნის გავლენის პირობებში უკვე 20 სანტიმეტრამდე მოიმატა ზღვის დონემ, იმიტომ რომ ოკეანეების დონეც მატულობს, რადგან პოლუსებზე ყინული დნება. შესაბამისად, როგორც კი, ოკეანის დონე მოიმატებს, მოიმატებს შავი და სხვა ზღვების დონეც, რომლებსაც კავშირი აქვთ ოკეანესთან. რადგან პროცესი დაჩქარებულია და ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთო ტემპერატურა გრადუს-ნახევრითაა მომატებული, გავლენა იგრძნობა. ამბობენ, რომ ყველაზე კრიტიკული წერტილი არის 3 გრადუსით საშუალო ტემპერატურის მატება. და, თუ საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 3 გრადუსით, მაშინ სამხრეთისა და ჩრდილოეთის პოლუსების დნობა უფრო ინტენსიური იქნება და ამ შემთხვევაში ზღვის დონე მატულობს, რაც იწვევს დენადობას ოკეანეებში. გადაადგილდება სხვადასხვა ტიპის ტალღა. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მიმართულება არის გოლფსტრიმი. თუ გოლფსტრიმმა მიმართულება შეიცვალა, შეიძლება, დაიწყოს უფრო დაბალი ტემპერატურები დაფიქსირდეს ევროპის კონტექსტზე. ახლა ყველა მეცნიერი ცდილობს, გააკეთოს გარკვეული გათვლები, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი მაინც ნათელი არ არის. ის ძველი ლოგიკა, რითიც მეცნიერები მუშაობდნენ ამ მიმართულებით, აღარ მუშაობს. ახალი რეალობა დგება, რომელთანაც ადაპტაციაა საჭირო. ახალი რეალობა გვაჩქარებს, უბრალოდ, უფრო სწრაფად მიდის პროცესები, ვიდრე ეგონათ.
– ზამთარშიც უხვ ნალექს უნდა ველოდოთ თოვლის სახით?
– ჯერჯერობით ბოლომდე არავინ არაფერს ამბობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ საქართველოში ზამთარში ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურა იქნება. ასევე, პრობლემაა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში იწვის ტყეები. საკმაოდ დიდი ხანძრები იყო ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთშიც.
– თუ არის შესაძლებელი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა შესუსტდეს მაინც კლიმატის ცვლილების დამანგრეველი გავლენა?
– საქართველოში სწორედ ამისთვის მუშავდება ადაპტაციის ღონისძიებების გეგმა. კარგია, რომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და იმედია, აუცილებლად შესასრულებელი კონკრეტული ღონისძიებების გეგმები იქნება გაწერილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





