სუნთქვის ტარიფები
ავტორი: ნინო ხაჩიძე 46 წუთის წინ
ანუ შორით წვა და შორით დაგვა?!
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე მალე ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრება გახდება (ანუ ისღაა საკითხავი – გრენლანდიამდე, თუ გრენლანდიის შემდეგ?!), არანაკლებ საინტერესო რამ შეგვატყობინა. სახელდობრ, ის, რომ აპირებს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ჩრდილოეთ კორეის ლიდერს – კიმ ჩენ ინს შეხვდეს.
მართალია, არ გაუმხელია, რა თემაზე უნდა ესაუბროს ჩრდილო კორეის თავკაცს, მაგრამ არ დაუმალავს, რომ კარგი ურთიერთობა აქვს (თუმცა უცნობია, ოლღა ბებიასა და ზურიკელას მასწავლებლის არ იყოს, როდის მოასწრეს ასე უნახავად ერთმანეთის შეყვარება და ისიც საინტერესოა, თავად კიმ ჩენ ინმა თუ იცის, რომ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა აქვს?!), მეტიც, კარგად ვუგებთ ერთმანეთსო.
ოღონდ არ დაუმალავს წუხილი, რომ ჩრდილო კორეას ბირთვული იარაღი აქვს – ეს არ უნდა დაეშვათო და, რა თქმა უნდა, გვარწმუნებს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამას არაფრის დიდებით არ დავუშვებდიო, თუმცა იქვე გულმოწყალებით დასძენს, რომ, თუ კიმ ჩენ ინი კარგად მოიქცევა, კარგადაც იქნება (ისე, კი ფრიად საინტერესოა, როგორ აპირებს, ბირთვულიარაღიანი ჩრდილო კორეის მოთვინიერებას, როდესაც უბირთვო ირანისთვის ვერაფერი მოუხერხებია?! მაგრამ კვლავ გვაიმედებს, რომ მოლაპარაკებები ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლებელია, განახლდეს). და მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილია, გვარწმუნებს, რომ სრუტეს სრულად აკონტროლებს.
გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, სულაც, არ მგონია, უგონო იყოს და გათვლების გარეშე ისროდეს განცხადებებს, არ გამოვრიცხაც, რომ ჩვენნაირებისთვის, რომლებსაც არც ბირთვული პროგრამა გვაქვს და არც ბირთვული იარაღი, სუნთქვაზე ტარიფების დაწესება ჰქონდეს ჩაფიქრებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





