რატომ გამოირიცხება საქართველოში მასობრივი ელიტური კორუფცია და რა მაჩვენებლები მიუთითებს ამაზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 19 წუთის წინ
სუსის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი გრძელდება და თუმცა ის არ არის ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ვინც ეჭვმიტანილია, სუსის უფროსის მხილება, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ადამიანები ვართ და არავინაა დაზღვეული შეცდომისგან, მაინც გაუგებარია სუსის უფროსის დანაშაულებრივ ქმედებებში გარევა, როდესაც მას სახელმწიფოს უსაფრთხოება ევალება. როგორ მოხდა მისი სამსახურეობრივი დაწინაურება და არა მარტო მისი და რა ფაქტორებს უკავშირდება ეს? – ამ თემაზე თავის მოსაზრებას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი პეტრე მამრაძე გაგვიზიარებს.
– ჩვეული მოვლენაა, როდესაც მსგავსი სამსახურის უფროსს ედავებიან დანაშაულს?
– აქ განსაკუთრებული არაფერია. ვინც იცის ისტორია, მათ შორის, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნების, რომლებშიც კანონის უზენაესობის მაღალი ხარისხია, მოეხსენება, რომ მსგავსი რამ იქაც კი ხდება, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებული იყო ის, რომ სააკაშვილის სადისტური-ავტორიტარული რეჟიმის მოშორების შემდეგ დადგა არა მარტო ჩვეულებრივი მინისტრების, არამედ ძალოვანი მინისტრების ხელმძღვანელობის დანიშვნის პრობლემაც. მოგეხსენებათ, როდესაც რეჟიმი იყო ავტორიტარული, იქ ვერავინ გადავიდოდა, აშკარად თუ ფარულად, ოპოზიციაში და, ამდენად, ასეთი კვალიფიკაციის ადამიანები, ფაქტობრივად, არ იყვნენ. თან, ძალიან ბევრი ადამიანი სააკაშვილის რეჟიმის დროს თანამდებობებზე ინიშნებოდა შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე. მეტიც, შევარდნაძის დროს კანცელარიაში ერთი ბიჭი მუშაობდა ყველაზე დაბალი დონის სპეციალისტად და შემდეგ გახდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც თქვა, მამალი ძროხები უნდა ჩამოვიყვანოთო. ასევე, გაიხსენეთ ვერა ქობალია... ივანიშვილს არ ჰყავდა შეკრებილი გუნდი იმ ნიშნით, რომ ვიღაცას სადღაც დანიშნავდა, არც ფარული მინისტრთა კაბინეტი იყო შექმნილი. არანაირი მზაობა არ იყო საიმისოდ, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ივანიშვილი ამას ხედავდა და 2012 წლის ინტერვიუში, არჩევნების წინ, ამბობდა, თუ ჩვენ 40 პროცენტს მაინც ავიღებთ, ვეცდებით, ვიყოთ ძლიერი ოპოზიცია. ანუ, თუ ხელისუფლება მათი დასაკომპლექტებელი იქნებოდა, სათანადო კანდიდატები უნდა ჰყოლოდათ, თან, მომზადებული, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმნილიყო. მით უმეტეს, რომ ივანიშვილი არასდროს ერეოდა პოლიტიკაში. ამდენად, არაა გასაკვირი, რომ, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, კადრების შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი იყო, თუ ვინ იქნებოდა პოლიტიკურად ერთგული და ეს ყველაფერი ადამიანურად ძალიან კარგად მესმის.
გაიხსენეთ ექვსპარტიული „ოცნების“ ეკლექტური კოალიცია: ვიცე-სპიკერი იყო გუბაზ სანიკიძე, პარლამენტის თავმჯდომარე – დათო უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი. ყველას არ ჩამოვთვლი... ხომ გვახსოვს, რას აკეთებდნენ და ლაპარაკობდნენ მაშინ?! იმის თქმა მინდა, რომ ეს იყო ბუნებრივი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია კორუფციასთან ბრძოლა, რაც ძალიან რთულია, მით უმეტეს, თუკი მასში მაღალი თანამდებობის პირია ჩართული.
– რატომ არის რთული კორუფციასთან ბრძოლა?
– ჯერ ერთი, ელიტური კორუფცია არ ტოვებს კვალს. თუმცა ჭორის დონეზე ჩნდება ოპერატიული ინფორმაცია, რომ აი, იქ ფული კეთდება. ოპერატიული ინფორმაცია რომ შეამოწმო, ამის საფუძველი და რესურსი უნდა არსებობდეს. როგორ უნდა დაიწყო ეს საქმე, როდესაც თანამდებობის პირი შენი გუნდის წევრია?! კი ბატონო, დაელაპარაკები და ეტყვი, რომ შენზე ამას და ამას ამბობენ. ის კი მშვიდად გიპასუხებს, რომ მტრები ჰყავს, რომ სააკაშვილის გუნდი უვრცელებს საშინელ ჭორებს. ჩემთვის პირველი სიგნალი იყო, როდესაც ინფორმაციამ გაჟონა, რომ აგენტ ანიტას დიდ ფულს უხდიდნენ და გაიშიფრა ხაბეიშვილი. ამის შემდეგ გაათავისუფლეს თანამდებობიდან ლილუაშვილი, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება, იმიტომ რომ იწყებ გამოძიებას, მაგრამ ვინ დადგება მოწმედ ან სად ნახავ დოკუმენტს?! მე არ მიკვირს კორუფციის ფაქტები, იმიტომ რომ იყო ისრაელის საკმაოდ ძლიერი პრემიერი ეჰუდ ოლმერტი, რომელიც ქრთამის აღებისთვის გაასამართლეს და მის გვერდით საკანში იჯდა ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. გავიხსენოთ, რომ გაასამართლეს, შირაკი, თუმცა უკვე მოხუცი იყო; სარკოზიც ხომ წავიდა ციხეში?! ყველას ვერც ჩამოვთვლით: ევროპულ ქვეყნებში ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული პრემიერი და ვიცე-პრემიერი, ასევე, მაღალი დონის პირები გასამართლდნენ და ციხეში წავიდნენ.
– რატომ ვერ ხერხდება კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და მოხელეების იმთავითვე ალაგმვა?
– დიახ, ბუნებრივი კითხვაა, რატომ მიუშვეს იქამდე. მე ვიყავი პირველი ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარე 1992 წლიდან, პირველი დახმარება რომ შემოვიდა ხორბლის სახით. აი, იმ ამბავს ვიძიებდით. ხედავ, გრძნობ, რომ დანაშაულია, მაგრამ ვერ ამტკიცებ. თან, არც არსებობს მტკიცებულება, რომელსაც სასამართლოში წარადგენ. მე ვიცი, რაც მოხდა ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის შემთხვევაში, ყველაფერი ენერგეტიკით დაიწყო და ეს საქმე საკმაოდ დიდ სქემებზე გავიდა. უკვე ილაპარაკეს მოწმეებმა, იმავე მიქაუტაძემ. თან, ქრთამი ისეთი რამაა, რომლის გამჟღავნებითაც არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული, იმიტომ რომ ისჯება როგორც ქრთამის ამღები, ისე მიმცემი. ასე რომ, საქართველოში დიდი რამ მოხდა. ასევე, დაჭერილია თავდაცვის ოთხი ყოფილი მინისტრი, მეხუთე გაქცეულია – კეზერაშვილი. ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრი ნამყოფია პრემიერად. ამდენად, ეს დიდი ნაბიჯია და ასეთი ნაბიჯი ნორმალურ ქვეყნებში მმართველი პარტიისა და ჯგუფის მიმართ მხოლოდ ნდობას იმსახურებს. თავიანთ რიგებში ეყოთ ჯანსაღი ძალები, პროფესიონალიზმი და, ბოლოს და ბოლოს, ამხილეს მექრთამეები.
– სუსის სტრუქტურაში მარტო ლილუაშვილი ხომ არ იქნებოდა გარეული. სავარაუდოდ, არც თუ ცოტა კადრია, რომლებიც შესაძლოა, იყვნენ ჩართულები და ერთმანეთს იფარავდნენ. რა პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს ის ფაქტი, რომ ჩვენი სახელმწიფო სისტემები საკმაოდ დაბინძურებულია სხვადასხვა ინტერესით, იქნება ეს მექრთამეობა თუ აგენტურული საქმიანობა?
– უნდა ვიყოთ ობიექტურები. ჩვენ ვიცით საქართველოს ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის რეიტინგები სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. მათ შორის. მმართველობის გამჭვირვალობის კუთხით. საქართველოს ამ მონაცემებით ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში უფრო მძიმე ვითარებაა. არ მინდა, დავასახელო, მაგრამ ხომ ვკითხულობ და ვიცი?! და არა მარტო ეს: გადახედეთ რეგიონს, გარშემო რა ხდება. არ დავასახელებ ქვეყნებს. გაგახსენებთ, სააკაშვილი რომ ამბობდა, ახლა ვაგზავნი ჯგუფს და ჩვენ დავამხობთ ევროპის ბოლო დიქტატორს – ლუკაშენკოს. გააგზავნეს კიდეც გიორგი კანდელაკი და კიდევ ვიღაც-ვიღაცები, რომლებიც დააკავეს და სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შემდეგ კი, ცოტა ხანში, იგივე ლუკაშენკო ჩამოვიდა ბათუმში და სააკაშვილი ლამის მუცელზე ხოხავდა, ჩვენთან ჩამოვიდა ევროპის ყველაზე ბრძენი ლიდერიო. რატომ? იმიტომ რომ ლუკაშენკომ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა არ აღიარა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა რუსეთის მხრიდან. ზოგადად, ასე არ უნდა მოქმედებდეს პოლიტიკოსი, თუ ფიქრობ საქართველოს უსაფრთხოებაზე, შესაბამისად უნდა იმოქმედო და ილაპარაკო.
– თავისთავად ეს ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ, თუ ხელმძღვანელი იყო გარეული დანაშაულებრივ ქმედებებში, მსგავსი საქმიანობით დაკავებული თანამშრომელიც მრავლად უნდა ყოფილიყო?
– ყველაფერი შეფარდებითია. ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა მრავალი. ჩვენ ვიცით რეიტინგები, რომლებიც საკმაოდ მაღალია. ამდენად, ეს ყველაფერი შედეგით ჩანს. საქართველოში რამდენიმე წელია, ეკონომიკური ბუმია. ამას გვეუბნება და ამაში გვარწმუნებენ მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო სტრუქტურები. სხვა რომ არაფერი, ორი მილიონი მანქანა დადის საქართველოში და ეს ორჯერ მეტია ოჯახების რაოდენობაზე. მასობრივი კორუფცია რომ იყოს, რომელიც მთლიან შიგა პროდუქტზე ახდენს გავლენას, როგორც ეს იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში, ეს ვერ მოხდებოდა. სააკაშვილის პერიოდში რეფინანსირება ნულამდე დავიდა. არც ერთი ბიზნესმენი არც კი ფიქრობდა თავისი ბიზნესის გაფართოებაზე, იმიტომ რომ ბიზნესს, უბრალოდ, წაართმევდნენ. მიუხედავად ამისა, „ნაციონალი“ სექტანტები გამოდიან და აპროტესტებენ სხვადასხვა თემას, მაგრამ არ გენიშნებათ, რომ არ არის პროტესტი სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გამო. ეს იმიტომ, რომ ანტიეროვნული ძალები ვერ პოულობენ საბაბს ამ თემატიკაში.
– თუმცა ჩვენთან არც არის პოპულარული სოციალური პრობლემების გამო გამოსვლების მოწყობა.
– იმიტომაც არ არის პოპულარული, რომ გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო. როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ რემონტი განაახლოს და რომელი მოდელის მანქანა იყიდოს, ამ შემთხვევაში არ არის პოპულარული სოციალური თემები. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.
– როგორც მივხვდი, თქვენც მიიჩნევთ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკავება უფრო დადებითად მეტყველებს მმართველ გუნდზე, ვიდრე უარყოფითად?
– ამ ეტაპზე დადებითად მოქმედებს, იმიტომ რომ ბევრი ეტაპია გავლილი. ზოგადად, კორუფციასთან და, განსაკუთრებით, ელიტულ კორუფციასთან მსგავსი მასშტაბის ბრძოლა, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არ ყოფილა. ამას ემატება არანახული ბრძოლა ნარკოტიკებთან.
– სააკაშვილის დროს ნარკოტიკები, ფაქტობრივად, არ იშოვებოდა, 2012 წლიდან ნელ-ნელა მოიმატა, რას უკავშირებთ ამ ფაქტებს?
– იმ პერიოდში. 2008-2012 წლებში, უცხოელებთან მქონდა ურთიერთობა, როგორც პარლამენტის წევრს და ისინი ამბობდნენ, თქვენს ხელისუფლებას ასობით ტონა ნარკოტიკი შემოაქვს, რეალურად ტრანზიტია საქართველო და რომ ნახოთ ნარკოტიკების ამოღების იმდროინდელი მონაცემები, გაგეცინებათ, იმდენად დაბალია. ციხეები სავსე იყო ნარკომომხმარებლებით და თუმცა ყველამ იცოდა, ვინ იყო ნარკოგამსაღებელი, მაგრამ მათ შერჩევით იჭერდნენ. მეორე მხრივ, ნარკობაზარზე გაჩნდა ახალი ტიპის სინთეტიკური ნარკოტიკი: ფენტანილი, რომელსაც უკვე ამერიკაც კი ვეღარ ერევა.
– ჩინეთის პასუხია აშშ-ის მიერ ჩინეთში ნარკომოხმარების გაზრდაზე.
– დიახ და ახლა ამერიკა ეხვეწება ჩინეთს, რომ ფენტანილმა არ წალეკოს. ზოგადად, მსოფლიოში გახდა ნარკოტიკი უფრო ხელმისაწვდომი და იგივე პროცესია ჩვენთანაც, მაგრამ, რაც მთავარია, გაიზარდა, ნარკოტიკების ამოღება და ნარკოდილერების დაკავების ფაქტები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





