ვანოდან ბიონსემდე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 25.11
ანუ ბიონსედან ვანომდე
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკული პოპესტრადის, ეგრეთ წოდებული, დედოფლის, ბიონსესა და მისი ქმრის სახელი ფრიად უსიამოვნო კონტესტით ახსენეს ავადსახსენებელი ფი დიდის არანაკლებ ავადსახსენებელ წვეულებებთან კავშირში და ისიც დაუმატეს, რომ ბიონსეს თუ არ გადაუხდიდი მადლობას, როდესაც „გრემს“ აიღებდი, ან კარიერას გაიფუჭებდი, ან მარილზე გახვიდოდი, ანუ იმქვეყნად დაივანებდიო. ამ მოსაზრების დამადატურებლად კი გავრცელდა კიდეც „გრემის“ ნომინანტების სამადლობელი გამოსვლებიც, რომლებიც, მაპატიეთ შედარებისთვის და, მართლაც, უვაზელინოდ ექლესებოდნენ ბიონსეს, რომელიც ნესტოებდაბერილი და ინდაურივით გაფხორილი იფერებდა სამადლობელს.
ბუნებრივია, არც მე ვიცი და არც სხვამ დაზუსტებით (დაზუსტებით, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე), რა კავშირი ჰქონდათ ბიონსესა და მის თანამეცხედრე ჯეიზის ან „თეთრი წვეულების“ ბნელ არსთან, ან მათთან ანგარიშსწორებასთან, რომლებიც ამ წყვილის უპირობო უპირატესობას არ აღიარებდა, მაგრამ, აი, BBC კი დარწმუნებულია, რომ იელის უნივერსიტეტი (დიახ, იელის საყოველთაოდ ცნობილი უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლის საფასური 100 000 აშშ დოლარია) სტუდენტებს ბიონსეს შესახებ სასწავლო კურსს სთავაზობს.
კურსის მიზანი მარტივია, სტუდენტებს საშუალება მიეცეთ, ღრმად ჩასწვდნენ მომღერალსა და მის შემოქმედებას. ასე განსაჯეთ, კურსი განიხილავს ბიონსეს გავლენას 2013 წლის ალბომიდან ბოლო ალბომამდე. ანუ სტუდენტები შეძლებენ, გააანალიზონ ბიონსეს მუსიკა, ვიდეოები, საკონცერტო ფილმები და მათი გავლენა საზოგადოებაზე (განა ბეთჰოვენისა და შოპენის გავლენა, არამედ ბიონსეს შემოქმედების გავლენა).
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ქართულის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში მოსწავლეებს აძლევდნენ დავალებას (შესაძლოა, ეს სახელმძღვანელო ისევ მოქმედია), რომ ეცქირათ „ვანოს შოუსთვის“ და ის გაეანალიზებინათ, თუმცა ჩვენებური საჯარო სკოლა შორსაა იელისგან, უფრო ზუსტად – შორს იყო, უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იელი ფრიად და ფრიად მოგვჩოჩებია, ღირებულებების მიმართულებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან